თითქმის უკვე ასი წელია, რაც ქვეყნების ეკონომიკურ სიძლიერესა და განვითარების დონეს მეცნიერები ამ ქვეყნების მშპ-სა და უმუშევრობის დონის მაჩვენებლით ზომავენ. მაგრამ რაც დრო გადის,ბუნებრივია, რომ გლობალური ცლილებებისა თუ შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობებიდან, ასევე გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ძლიერი და განვითარებული ქვეყნების საზომი ცვლადები იცვლება, ან ყოველ შემთხვევისთვის ზემოთხსენებულ ორ მაჩვენებელს ემატება ახალი მაჩვენებლები.
მაგალითისთვის, სოციალური პროგრესის აღსაწერად შეიძლება დაგვჭირდეს ისეთ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება,როგორიცაა განათლება, საკვები, საცხოვრებელი პირობები. სოციალური პროგრესის ინდექსის ხელმძღვანელი და მკვლევარი მაიკლ გრინი წერს, რომ სოციალური პროგრესი ქვეყნის მშპ-დან არ გამომდინარეობს.
სოციალური პროგრესის ეფექტიანობის თვალსაზრისით ახალი ზელანდია და დანია უპირობო ლიდერ ქვეყნებად ითვლება. ამ ქვეყნების მაგალითი უნდა გახდეს მსოფლიოს სხვა თუნდაც განვითარებადი ქვეყნებისთვის სანიმუშო, ვინაიდან ეკონომიკური სტაბილურობისა თუ დაღმავლობის პირობებშიც კი, შესაძლებელია ქვეყანამ სოციალური მდგომარეობა დააბალანსოს ან გააუმჯობესოს.
ამ მხრივ, ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს რომ აშშ-ს რეიტინგის ვარდნა სოციალური პროგრესის ინდექსში შემთხვევითი არაა, ვინაიდან ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესობა არ ენდობა ხელისუფლებას, ეს ტენდენცია 1958 წლიდან შეინიშნება. მიუხედავად ამისა, ქვეყანა მშპ-ს რანჟირებაში ტოპ ხუთეულშია შესული, თუმცა სოციალური პროგრესის ინდექსში იგი მე-18 ადგილს იკავებს, ესტონეთისა და კანადის მეზობლად. მსგავსი სიტუაციაა ნიდერლანდების სამეფოსთანაც, ამ ქვეყანას თითქმის იგივე მშპ აქვს, როგორიც საუდის არაბეთს, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით ნიდერლანდების სამეფოში მოქალაქეების მომსახურება და მათზე ზრუნვა მუდმივად დღის წესრიგშია და პრაქტიკაშიც მტკიცდება ეს.
მხოლოდ მშპ-ზე რომ არ ვისაუბროთ, კიდევ ერთი საზომი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ უმუშევრობის დონეა. უნდა ითქვას, რომ დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის დონე ისტორიულად ყველაზე დაბალია, რაც კი ამ ქვეყანაში დაფიქრსირებულა, თუმცა ქვეყანა სოციალური პროგრესის ინდექსში მკვეთრი პოზიტიური ცვლილებებით არ გამოირჩევა.
თუმცა, მეცნიერებს მოჰყავთ კოსტა-რიკის მაგალითი, ეს ქვეყანა ბოლო 40-50 წელია ამყარებს სახელმწიფოებრივ ინსტიტუციებს და შედეგიც სახეზეა, ქვეყანაში პოლიტიკის კეთების პროცესი მეტად ჩართული, საზოგადოებაზე ორიენტირებულია, ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ჩართულობის მაღალ დონეს, რაც ბუნებრივია იმგვარი გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას უწყობს ხელს,რომელიც მაგიდაზე მსხდომი ყველა მხარისთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია.
სოციალურ პროგრესთან ერთად მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის ინდექსიც, სადაც ყურადღება გამახვილებულია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე – დაიცვას მოქალაქეების უფლებები. მეცნიერები წერენ, რომ სოციალური პროგრესის ინდექსი ამ ინდექსთანაც კავშირშია,ვინაიდან თუ სიტყვაზე სოციალურ პროგრესში ჯანმრთელობის დაცვას მნიშვნელოვანი ნიშნული უკავია, კანონის უზენაესობის ინდექსის ხელმძღვანელები წერენ,რომ კანონის დაცვა სწორედ ჯანმრთელობის დაცვის წინაპირობაა. კანონის დაცვა ასევე ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობას, საგანგებო სიტუაციების მართვასა და დაავადებების და ეპიდემიების აღკვეთას. ბუნებრივია,რომ მშპ ვერაფერს გვეტყვის კანონის დაცვის საკითხებზე ქვეყანაში.
ამდენად, თუ კი გაინტერესებთ, რომელია განვითარებული სახელმწიფო, მაშინ უნდა გაეცნოთ არა ქვეყნების მშპ-ს ან უმუშევართა რაოდენობას, არამედ მოქალაქეების დამოკიდებულებას, განწყობებს ხელისუფლებისადმი.
წყარო: www.weforum.org
ნათია კეკენაძე