„მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიქნები „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი. მნიშვნელოვანია პრეზიდენტი რა გზით და რა იდეებით არის მოსული“ , – მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე და მისი კანდიდატურის შესახებ გაჩენილ ვარაუდზე „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველზე“ „დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„დადგა 2018 წელი და ამ წელს მთავარი პოლიტიკური მოვლენა იქნება საპრეზიდენტო არჩევნები. მე პოლიტიკიდან არ წავსულვარ, სერიოზული გეგმები მაქვს თანამოაზრეებთან ერთად და არ გამოვრიცხავ, რომ მეც ვიყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. მგონია რომ კიდევ შემიძლია ქვეყნისთვის არაერთი კარგი საქმის გაკეთება.
პირველ რიგში მინდა მოვისმინო ექსპერტების, მოქალაქეების აზრი თუ როგორი პროცესით არჩეული პრეზიდენტი სჭირდება ქვეყანას. ახალი პრეზიდენტი ძველი პრეზიდენტისგან არ იბარებს ქვეყნის მართვის ბერკეტებს. ასეთ ვითარებაში საპრეზიდენტო კანდიდატისთვის მმართველი გუნდის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთპარტიული პრეზიდენტი არ იქნება საინტერესო. ქვეყნის დამაზარალებელია და მოქალაქეობრივი ნიჰილიზმია,როდესაც ფიქრობენ რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება პრეზიდენტი, მაინც უუფლებო და სიმბოლურიაო. ყველა სახელმწიფო სტრუქტურას აქვს სათანადო როლი, ამ ლოგიკით პარლამენტი და სასამართლოც უნდა გავაუქმოთ.
თუ დღემდე ხუთი-ექვსი გვარი გსმენიათ, ალბათ კიდევ 20-25 გვარი შემოგორდება ამ პროცესში, ეს ბუნებრივია. მთავარია ამ პროცესის შედეგად ქვეყანა გაჯანსაღდეს. ჯერ უნდა ვიფიქროთ როგორი პრეზიდენტი სჭირდება ქვეყანას და მერე გადავიდეთ სახელის და გვარების ძიებაზე. მმართველი გუნდის მორჩილ, პასიურ, სიმბოლურ პრეზიდენტად მე არ გამოვდგები. თუ ვინმეს რევანშისთვის და ჯავრის საყრელად მოსული პრეზიდენტი უნდა, არც ამისთვის გამოვდგები“ , – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე