„ვეტოს დაძლევა ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. თუ გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, ამას მთელი გუნდი უჭერს მხარს, თუმცა დასამალი არ არის,რომ უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა“ , – საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ პრეზიდენტის მე-11 ვეტოს დაძლევის მნიშვნელობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველზე“, გადაცემაში „ლევან ჩხაიძის დღის ამბები“ ისაუბრა.
„116 დეპუტატი ერთ აზრზე ვერ იქნება, ეს დემოკრატიული რეალობაა. კანონპროექტის ინიციატორებმა საუკეთესო ევროპული გამოცდილება აიღეს, ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპული პროდუქტია და აქედან ავიღეთ ცვლილებების ნორმები. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ის შეხვდება მედიის წარმომადგენლებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. აპრიორი არ ვამბობთ, რომ დავძლევთ ვეტოს. კანონპროექტის მოწინაამდეგეებსაც სერიოზული არგუმენტები აქვთ, განვითარებულ ქვეყნებსაც აქვთ კითხვა რატომ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურენციაში კერძო კომპანიებთან. არგუმენტებს შორის პოზიციები კიდევ არის შესაჯერებელი“ , – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღების პროცესზეც ისაუბრა.
„რადიკალურად მოაზროვნე ულტრალიბერალები ფიქრობენ ,რომ ადამიანის დაკავება ნარკომოხმარებისთვის არ არის გამოსავალი. ჩვენი მიზანი საერთოა – ნარკომომხმარებლების რიცხვის შემცირება, მავნე სენის პრევენცია, ამიტომ პოზიციების დაახლოებას შევძლებთ. ორივე მიდგომიდან ყველაზე საღი კომპონენტები უნდა ამოვიღოთ და ცვლილებების შედეგად სწორი ნარკოპოლიტიკა წარვმართოთ“ , – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანანა ღოღობერიძე