„აბსოლუტურად დაუსაბუთებელი თავდასხმების მსხვერპლი ვხდებით, თითქოს ჩვენ გვინდა ამ ქვეყნად წახალისდეს ნარკოპოლიტიკა. გვინდა,რომ გიორგანაშვილის მსგავსი ადამიანები არ ისხდნენ 8 წლით ციხეში და არ გაემრუდოთ ცხოვრება“ , – მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის ხელახლა დაკავებაზე და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ გამოხმაურებებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში უპასუხა.
„სასამართლო გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ ვაკეთებ, ეს პარლამენტის წევრისთვის შეუფერებელია. დანაშაულს და უდანაშაულობას არკვევს სასამართლო სისტემა. თავად ფაქტი,რომ აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერება თუ ადამიანს არ აქვს ჯიბეში და ის 8 წლით მიდის ციხეში, არაადამიანური საკანონმდებლო ნორმაა. პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მსგავს არაადამიანურ კანონზე, ვიზიარებთ არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვას.
მთავარი მიზანია მოხმარების შემცირება, თუ რაიმე ხარვეზია ერთად ვიმსჯელოთ და აღმოვფხვრათ. არასწორად გავრცელდა განცხადება, თითქოს ჩვენ განუსაზღვრელი ვადით ვემხრობით კანონპროექტის მიღების გადადებას. ერთ წელიწადში შესაძლებელია,რომ სერვისები განვითარდეს. კანონს საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად მივიღებთ, ოდენობები განისაზღვრება ზუსტად“ , – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მანანა ღოღობერიძე