დაახლოებით ორი წლის წინ, ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ქართული ღვინის კომპანია „არტიზანი გამოჩნდა“, რომელიც განსხვავებული ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოს სთავაზობს მომხმარებლებს. „არტიზანი“ სამი მეგობრის ირაკლი გვარამიას, დათა მგელაძის და სალომე ანდრაზაშვილის წარმატებული ბიზნეს წამოწყებაა. „თბილისი თაიმსს“ ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი სალომე ანდრაზაშვილი ესაუბრა ბრენდის შექმნისა და წარმატების შესახებ.
თავდაპირველად, თქვენს შესახებ რომ მოგვიყვეთ, საიდან გაგიჩნდათ ღვინის წარმოების იდეა?
– ამ საქმიანობაში გაგვაერთიანა საერთო ინტერესმა ნატურალური ღვინის მიმართ. ქართული ღვინო ყოველთვის ცნობილი იყო პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ ამოცანად ქართული ჯიშების მრავალფეროვნების შესწავლა დავისახეთ და მათი დასავლური მომხმარებლისთვისაც გაცნობა. ამის ყველაზე დიდი შესაძლებლობა კი ნატურალური ღვინის დაყენებაში დავინახეთ.ჩვენი, როგორც ახალგაზრდა მეღვინეების მთავარი ფილოსოფია ისეთი ღვინის დაყენებაა, რომელიც ყველაზე ექსპრესიულად გამოხატავს ყურძნის ჯიშის და ვენახის ადგილმდებარეობის (ტერუარის) ნიშანთვისებებს, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე.
რამდენი ხანია რაც ბაზარზე არსებობთ და რასთანაა დაკავშირებული ბრენდის სახელი?
– კომპანია დაარსდა 2015 წელს. “არტიზანი“ ფრანგული სიტყვაა და ქართულად ისეთ ოსტატს ნიშნავს, ვინც ნამუშევრებს ხელით ქმნის. ჩვენთანაც ყურძნის დაკრეფიდან ჩამოსხმამდე თითოეული პროცესი ხელით, მინიმალური ტექნოლოგიური ჩარევით ხდება.რაც შეეხება ბრენდინგს, ყოველი წლის მოსავლის ღვინო სახელს იღებს თავისი არომატული და გემოვნური მახასიათებლების მიხედვით (მაგ. საფერავი 2015 “კენკრისტყე”).
რა სახეობის ღვინოს აწარმოებთ?
– 2015 წელს ვაწარმოეთ მხოლოდ ერთი სახეობის ღვინო – საფერავი. ვენახის მიკროზონა დიდ როლს თამაშობს ჩვენი ღვინის გემოსა და არომატზე. სწორედ ამიტომ არჩევანი შევაჩერეთ ხაშმზე, ყარაბულახის ვენახებზე. სადაც საფერავის ყურძენი გამოირჩევა განსაკუთრებული არომატულობით.2016 წელს საფერავს დავამატეთ საფერავის როზე. 2017 წლისთვის, ასორტიმენტს დავამატეთ მწვანესა და რქაწითელის კუპაჟი, რომელიც მანავის მიკროზონაში არსებული ვენახიდან დავაყენეთ. ყოველ წელს გვინდა ახალ-ახალი ჯიშების ცდა და ადგილმდებარეობის და ჯიშის უნიკალური შერწყმის აღმოჩენა.
იმ სირთულეებზე რომ ისაუბროთ, რომლებიც კომპანიის შექმნისა და მისი განვითარების დროს შეგხვდათ.
– ღვინის დაყენებისას მთავარი სირთულე ყურძნის სწორად შერჩევა, რთველის სწორად დაგეგმვა და ღვინის დაყენების სწორი ტექნოლოგიის შერჩევაა. ბიზნესის წარმოების კუთხით, ღვინის სტარტაპი სხვა სტარტაპებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება – მნიშვნელოვანია იპოვო ნიშა და სამიზნე სეგმენტს შესთავაზო კარგი პროდუქტი სწორი მარკეტინგული კომუნიკაციით.
როგორია კომპანია „არტიზანის“ წარმოების პროცესი და რა რაოდენობის ღვინოს ასხამთ ყოველწლიურად?
– როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი მთავარი ფილოსოფიაა ისეთი ღვინის დაყენება, რომელიც ყველაზე ექსპრესიულად გამოხატავს ყურძნის ჯიშის და ვენახის ადგილმდებარეობის (ტერუარის) ნიშანთვისებებს, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე. ჩვენ, ბევრი მეღვინისგან იმით განვსხვავდებით, რომ აბსოლუტურად არ ვიყენებთ გოგირდს არც დაღვინების და არც ბოთლში ჩამოსხმის პროცესში, რაც იშვიათი პრაქტიკაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით ისეთი ღვინის მიღება, რომელიც კენკრის არომატებითაა მდიდარი და კარგად გამოხატავს როგორც ხაშმის ტერუარს, ასევე საფერავის არომატს.
როგორ შეძელით ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება?
– საქმიანობის დაწყებისას ბევრს ვფიქრობდით საკომუნიკაციო სტრატეგიაზე, თუ როგორ მიგვეწოდებინა ინფორმაცია „არტიზანის“ ღვინის შესახებ მომხმარებლისთვის. თუმცა, ახალი ღვინის ფესტივალმა ძალიან გაგვიადვილა პოტენციურ მომხმარებლებთან დაახლოება. ამ ღონისძიების შემდეგ პირდაპირ დავიწყეთ ღვინის რეალიზაცია ღვინის ბარებსა და მაღაზიებში. სწორედ ასე დაიწყო არტიზანის ისტორია და რამდენიმე თვეში უკვე არა მხოლოდ ქართველი მომხმარებლები, არამედ უცხოელებიც (არგენტინა, სინგაპური, ა.შ.) გვიზიარებდნენ დადებით შთაბეჭდილებებს ჩვენს საფერავზეFacebook-ის საშუალებით.ამასთანავე, ჩვენგან დამოუკიდებლად, არტიზანი „vivino”-ზეც აღმოვაჩინეთ საუკეთესო ღვინოებს შორის
სად შეიძლება „არტიზანის“ შეძენა და როგორია ფასები?
– არტიზანის შეძენა შეიძლება თბილისისა და ბათუმის სხვადასხვა ღვინის ბარებსა და მაღაზიებში (ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ ჩვენი facebook-ის გვერდზე).ჩვენი ღვინის სარეალიზაციო ფასი იწყება 30 ლარიდან.
სამომავლო გეგმების შესახებ რომ მოგვიყვეთ, რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებლებს, გადის თუ არა „არტიზანი“ ექსპორტზე?
– ჩვენს გეგმებში არ შედის „არტიზანის“ წარმოების მასშტაბური ზრდა. ჩვენი მთავარი ღირებულება, ღვინის დაყენება მინიმალური ტექნოლოგიური ჩარევის გარეშე, ყოველთვის დარჩება ჩვენს მთავარ ღირებულებად. შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში ჩვენს მისწრაფებაა ყოველწლიურად ექსპერიმენტული, ახალი ტიპის ღვინის დამატება და ევროპის ბაზარზე შესვლა.
მარიამ ლეკიაშვილი