გასულ წელს საქართველომ ტურიზმიდან 2,7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. დეკემბერში ტურიზმიდან შემოსავლებმა 186 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 33 მლნ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. წლის განმავლობაში ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი საქართველომ აგვისტოში მიიღო და ის 395 მლნ დოლარს შეადგენდა. 2016 წელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 584 მლნ დოლარითაა გაზრდილი.
2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით (18.8%) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
საქართველოში ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძირითადი პრიორიტეტია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე.
“აღნიშნული პრიორიტეტის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ადმინისტრაცია ახორციელებს საერთაშორისო და ადგილობრივ მარკეტინგულ და სარეკლამო აქტივობებს მიზნობრივ ბაზრებზე. აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას, კონკრეტული ტურისტული პროდუქტების შეთავაზებას პოტენციური მომხმარებლებისათვის და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვას. ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად, ადმინისტრაცია ყოველწლიურად მონაწილეობს და 2018 წელსაც გეგმავს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენა–ბაზრობებში მონაწილეობას“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
ტურისტების გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, ექსპერტების ნაწილი, ამ რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევს, ეკონომიკურ სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოსახდენად. „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას კულტურული ტურიზმის ექსპერტი, ნიკა კვარაცხელია აღნიშნავს , რომ მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ტურისტებისა და ვიზიტორების ცნებები.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვიზიტორი მოკლევადიანი ვიზიტით შემოდის ქვეყანაში, ერთი დღით ან უფრო ნაკლებით, ამ კუთხით ის ვერ დახარჯავს თანხებს. შესაბამისად მხოლოდ ტურისტების რაოდენობა ახალი მონაცემების მიხედვით, შეიძლება იყოს მხოლოდ 2 მილიონი და მეტი არაა.“
ნიკა კვარაცხელიას თქმით, ტურისტების რაოდენობა არ არის საკმარისი და ადეკვატური იმ ტურისტული ქვეყნებისა, რომელის ეკონომიკაც ტურიზმზეა დაფუძნებული.
„მართალია ეს წინა წლებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა კიდევ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო. ამ კუთხით სახელმწიფო და ტურიზმის ორგანიზაციები ბევრს მუშაობენ. თუმცა, ინფრასტრუქტურა, სასტუმროების რაოდენობა, აეროპორტების გამტარუნარიანობა და სასაზღვრო წერტილების არის გაცილებით ნაკლები, ამიტომ ვერ ვიღებთ მეტ ტურისტს.შესაბამისად ეს ყველაფერი თანხებზეც აისახება.“
გაზრდილი თანხების მიუხედავად, ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა არ შეინიშნება. სად მიდის ტურიზმის სფეროდან მიღებული თანხა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ამასთან დაკავშირებით კვლევები არ ტარდება.
„თანხების განკარგვაზე პასუხისმგებელი ფინანსთა სამინისტროა. ტურიზმის სფეროში შემოსავლის ყოველწლიური ზრდა კარგია, რადგან კარგად უნდა აისახებოდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე.თუმცა, სახელმწიფო სად ხარჯავს ამ ფულს, შემოსულ თანხას, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, ფაქტია ის, რომ სამწუხაროდ, ვერ ხორციელდება შემოსული თანხის მონიტორინგი, მეორე, ნებისმიერი თანხა , რომელიც არის გენერირებული ტურიზმიდან შემოდის ერთიანი საგადასახადო კოდით, აქედან გამომდინარე მთელი თანხა მიდის ფინანსთა სამინისტროში და სწორედ ისინი განკარგავენ, როგორ გამოიყენონ ეს თანხა. რაც შეეხება კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემს თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით, ასეთი კვლევები არ ტარდება, შესაბამისად ამ კუთხით არ გვაქვს მონაცემები“-აღნიშნა ვატო ასათაშვილმა.
მარიამ ლეკიაშვილი