საპატრიარქოს უნივერსიტეტში ახალი ფაკულტეტების გახსნა იგეგმება. სასწავლო პროგრამები მუშავდება კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსურ-ეკონომიკური მიმართულებებით, – ამის შესახებ პირველ არხს ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფმა მეუფე იაკობმა განუცხადა.
საპატრიარქოს უნივერსიტეტის სახელით, მეუფე იაკობი ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მეუფე იაკობის ინფორმაციით, ჯერ სავარაუდო პარტნიორ უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, შეხვედრების ორგანიზებაში კი აშშ-ში საქართველოს საელჩო და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობა არიან ჩართულნი.
„ჩვენი და აშშ-ის საელჩოსთან ერთად ვმუშაობთ იმ პროექტზე, რომ საპატრიარქოს უნივერსიტეტში, რომელიც დაარსა ჩვენმა უწმინდესმა, გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ, ინგლისურენოვანი მაგისტრატურები გავხსნათ. რომ დავბრუნდები საქართველოში, აშშ-ის საელჩოსთან ერთად გავივლით საკითხებს და ალბათ, სახელმწიფო დეპარტამენტიც ჩაებმევა ჩვენი შემდგომი ვიზიტის მომზადებაში. როდესაც შევხვდით, ამერიკულ მხარეს ის გაუხარდა, რომ ფული არ გვითხოვია, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ჩვენი რესურსით გავაკეთოთ ყველაფერი.“- განაცხადა მეუფე იაკობმა.
როგორც ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა მეუფე იაკობმა პირველ არხს განუმარტა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უნივერსიტეტებთან, რათა ახლად გახსნილ ფაკულტეტებზე ლექციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა პროფესორებმა წაიკითხონ.