პატარა ნაბიჯებით და დიდი დაბნეულობით მივდიოდი უნივერსიტეტში. ეს იყო პირველი დღე და მაშინ 19 წლის ვიყავი. არ ვიცოდი, წინ რა მელოდა. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ იქ 4 წელი უნდა გამეტარებინა, 4 წლის შემდეგ კი მეც მინდოდა მეთქვა “ოო, ძვირფასო, ოთხო წელიწადო!“

დღეს  პირველი უნივერსიტეტი საქართველოში 100 წლის გახდა. ახლა თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რა შეცვალა მან.  თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, 1918 წელს დასახულმა მიზანმა გაამართლა. ერთ საუკუნეში განვლილი გზა ამის ყველაზე კარგი მაჩვენებელია. ის როლი, რომელიც უნივერსიტეტმა შეასრულა განათლების, კულტურის, ერის ეროვნული სულისკვეთეის საქმეში, შეუძლებელია ერთი სიტყვით შეფასდეს.

იმ  დიდ 100 წელს ეკუთვნის ჩემი პატარა 4 წელიც. ვფიქრობ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ “პატარა 4 წლის“ შემდეგ? ბევრი რამ შეიძლება ჩამოვთალოთ: მეტი ცოდნა, ახალი გამოცდილება, ბევრი ადამიანი, მათთან ურთიერთობები და ა.შ. თუმცა მაინც არსებობს ერთი მთავარი: რამდენად შეიცვალე?! ჩემი აზრით, ცვლილებებია ის, რაც უნდა მოგცეს უნვერისტეტმა. ადამიანის განვითარება, ახალისკენ სწრაფვა წარმოუდგენელია ცვლილებების გარეშე. ღირებულებათა გადაფასება, საკუთარი თავის, საკუთარი ადგილის პოვნა, სხვა ფასეულობების გაჩენა, არის ის უმთავრესი რამ, რასაც უნივერსიტეტი და განვლილი 4 წელი უნდა გაძლევდეს. 4 წლის შემდეგ უნდა იყო ადამიანი, რომელმაც სხვა სამყაროც აღმოაჩინა.

100 წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო პირველიც და ერთადერთიც. 100 წლის შემდეგ კი რჩება პირველად, მაგრამ არა ერთადერთად. დღეს ბევრ კარგთან ერთად ასახელებენ ხოლმე ბევრ პრობლემასაც. სვამენ კითხვას პირველი უნივერსიტეტი 2018 წელს არის თუ არა ამ ქვეყანაში “პირველი“?!  მხოლოდ ერთი რამ უნდა ვთქვათ: პრობლემები შეიძლება არსებობდეს ყველგან, მათ რაოდენობას კი ის განსაზღვრავს, რამდენად მყარად დგას სახელმწიფო. თუ სახელმწიფო ვერ დგას მყარად, თუ სახელმწიფო ვერ აგვარებს პრობლემებს, ვერ დგას მყარად და ვერ აგვარებს პრობლემებს თითოეული ოჯახი, თითოეული სკოლა, თითოეული საავადმყოფო, თითოეული უნივერსიტეტი. როცა პრობლემების მოგვარებას დავიწყებთ სახელმწიფოში, პრობლემები მოგვარდება ოჯახშიც, სკოლაშიც, საავადმყოფოსა და უნივერსიტეტშიც. შეუძლებელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფოს გარეშე, მათ შორის, სახელმწიფოს პრობლემების გარეშეც.

მართლაც, ილიასი არ იყოს “ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული.“  ვინც ხვდება, განათლების მნიშვნელობას არა შემდგომი უზრუნველი ცხოვრებისათვის (უზრუნველად განათლების გარეშე უფრო იცხოვრებ), არამედ საკუთარი სახლემწიფოს ღირსეული არსებობისათვის, მიხვდება, რას ნიშნავს ერთისთვის 4 წელი, ყველასთვის კი უნივერსიტეტის 100 წელი.

გილოცავთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლისაა.

მაგდა ბატიაშვილი

Please follow and like us: