სკოლის დამთავრების შემდეგ, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, პროფესიით ექიმი, თერაპევტი და ბედნიერია ამით…

პარალელურ რეჟიმში სწავლობდა საესტრადოზე, ოთარ ტატიშვილის ჯგუფში, სადაც მასთან ერთად სწავლობდნენ მარიკო ებრალიძე, ქეთა თოფურია და ელენე ფოჩხუა, ისინი ერთი თაობა იყო და წარმატებით აგრძელებენ დიდი ხელოვნებისკენ გზას…

პაატა თედიაშვილი: ოთხი წლის ვიყავი, როცა ქორეოგრაფიულ სტუდიაში შევედი ცეკვის შესასწავლად, ბავშვობიდან ვეზიარე ქართულ ქორეოგრაფიას. ბავშვობის ასაკიდან დაიწყო სცენა, ფესტივალები და ა.შ.. ჩემი ცხოვრება ადრეული ასაკიდან საინტერესოდ წარიმართა. თხუთმეტი წლის ასაკში შევხვდი პიანისტს, კომპოზიტორს, პედაგოგს ბატონ ოთარ ტატიშვილს, 1995 წელს, როდესაც ერთად ვიმყოფებოდით ბულგარეთში მსოფლიო ფესტივალზე. მაშინ იქ ვცეკვავდი და ასევე მომიწია სიმღერაც. მაშინ ბატონმა ოთარმა მითხრა, რომ მაშინ ქართულ ესტრადაზე თითქმის არავინ არ იყო, ვისაც ცეკვაც შეეძლო და სიმღერაც, რადგან მაშინდელი ქართული ესტრადა სხვა რამეს მოითხოვდა. მოკლედ, ბატონმა ოთარმა შემომთავაზა, თბილისში გამეგრძელებინა ცხოვრება და ის დამეხმარებოდა მატერიალურად, რადგან ჩემს ოჯახს არ ქონდა ამის სახსარი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა ქალბატონ ლია კიკნაძეს, რომელიც ქალთა კონგრესის პრეზიდენტი იყო მაშინ, მან გამიწია დახმარება, სტიპენდიაზე ვიყავი წარდგენილი, ამ შესანიშნავმა ქალბატონმა და ბატონმა რევაზ ჭოხონელიძემ მომცეს რეკომენდაცია. ამ გარემოებამ კი ჩემი მრავალმხრივ წინსვლა განაპირობა.

პაატა, ექიმი ხარ პროფესიით…

– მიხარია, რომ ჩემი როგორც ექიმის ბიოგრაფიაც შედგა, ვემსახურები საყვარელ საქმეს.

კრიტიკის ობიექტი ხშირად რ…

– ყოველთვის ვიყავი კრიტიკის ობიექტი, ბევრჯერ „გავულანძღივარ“ იმიტომ, რომ მე არ მაქვს ამის უფლება ესა თუ ის სიმღერა შევასრულო ჩოხის გარეშე და ფანდური არ მაქვს აკიდებული მხარზე. ხშირად უმიზეზო კრიტიკაა, რაც ლანძღვა უფრო ხოლმეა… ამ ყველაფერს ეგუები თანდათან ადამიანი და ხვდები, ხშირად ყურადღება არ უნდა მიაქციო მსგავსს…

 პაატა, ახალ სიმღერაზე გვესაუბრე, რომელსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია…

– 22 აპრილს „გარდენ ჰოლში“, მქონდა სოლო კონცერტი, რომელსაც  დავარქვი „ახალი წარსული“, იყო კარგი შოუ, რადგან ვცეკვავ და ვმღერი. მინდოდა ეს ყოფილიყო დინამიური სანახაობა და გამომივიდა კიდევაც. ძალიან საინტერესოდ გავაკეთეთ, იყო სცენის კონსტრუქციები იყო დეკორაციები იყო დიდი ეკრანი, სადაც მონიტორზე ვიდეო მასალები გადიოდა და კიდევ მეტად ამრავალფეროვნებდა ამ პროგრამას. ძალიან დიდი სანახაობა იყო იმითაც, რომ ასამდე მოცეკვავე იყო დაკავებული. ეს სიმღერაც ჩავწერე  – „უნდა შემოვიდე ამაღამ შენში“, რომელიც პირველად პატრიოტული ჟანრის იყო მისი იდეა სულ სხვა იყო, რაზეც არაერთხელ ვისაუბრე, თუმცა შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ტექსტი…

ახალ სიმღერასთან დაკავშირებით საზოგადოების გარდა უარყოფითი დამოკიდებულება შეგექმნა კოლეგებისაგანაც…

– არა. კოლეგებისგან მხოლოდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. მიგზავნიდნენ ვიდეოებს, სადაც თვითონაც მღეროდნენ მეგობრების წრეში და ა.შ.. ცნობილია ნინი ბადურაშვილის და თაკო გაჩეჩილაძის ვიდეო, სადაც ცეკვავენ ჩემს ილეთებს. ეს ერთგვარი მხარდაჭერა იყო მათი მხრიდან. ყველა კარგად გაერთო და იხალისა. მეუბნებოდნენ, რომ ის რაც ხდებოდა იმ სამი თვის მანძილზე კარგი იყო და ბევრი სიკეთის დასაწყისი. დიდი მადლობა კოლეგებს და საზოგადოებას.

ხომ არ გეგმავ მსგავსი ტიპის სიმღერის გაჟღერებას?

– კი, ვგეგმავ. სიმღერა ჩაწერილია, კოსტიუმებიც მზადაა. დაიდგა ქორეოგრაფია. მაია ასათიანის „პროფილში“ მოხდება პრემიერა. ვფიქრობ მასაც ექნება გამოხმაურება. ბევრი სიახლეა მასშიც.

რა კეთდება ქართულ შოუ – ბიზნესის განვითარებისთვის?

– ადვილად მისახვედრია, რომ შოუ  ბიზნესს, შოუ სჭირდება და ბიზნესად აღქმაა აუცილებელი.

საზღვარგარეთ თუ გაგიტანია შენი რეპერტუარი და როგორი გამოხმაურება მოჰყვა?

– რა თქმა უნდა, არაერთ ქვეყანაში გამიტანია, გერმანეთში, პოლონეთში, იტალია, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი და სხვა. იქ, ის რეპერტუარი აინტერესებთ, რასაც 10 წლის განმავლობაში ვქმნიდი. ქართული დიასპორა და ასევე უცხოელი მსმენელი კარგი და მადლიანი დამფასებელია. უცხოელისთვის ქართული ხელოვნება აღოჩენაა, ჩვენი თანამემამულისთვის – ემიგრანტისთვის, მონატრება!

თავად მუსიკის რა მიმდინარეობას უსმენ?

– ჩემთვის ჟანრი შეუზღუდავია. მთავარია განწყობის შესაბამისი კარგი მუსიკა.

რა არის მუსიკა შენთვის?

– მუსიკა ჩემთვის, ჩემი სათქმელის ფორმა და საშუალებაა. ხელოვნება მარადიული სატანჯველია ხელოვანისთვის…

ავტორი:

დალი პავლიაშვილი

 

Please follow and like us: