ანა-ნანა ჩიკვილაძე 21 წლის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია. უკვე ორი წელია საკუთარი განსხვავებული სტილი შექმნა და მიუხედავად იმისა, რომ თვითნასწავლია, მუდმივად ცდილობს განავითაროს ბრენდი. მცირე ასაკში შეუერთდა ოჯახურ საქმიანობას და დაიწყო ადამიანების ხატვა, რომლებიც განსხვავებულ ქუდებსა და ჩანთებს ატარებდნენ. ასე დაიწო ბრენდის ისტორია, რომელიც დღეს „ანა ნ ანა“ სახელითაა ცნობილი. „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას ბრენდის დამფუძნებელმა ანა-ნანა ჩკვილაძემ ქუდების შექმნისა და მისი განვითარების შესახებ ისაუბრა.

მოგვიყევით თქვენ  შესახებ, საიდან გაგიჩნდათ  ქუდების შექმნის იდეა?

– გადავწყვიტე დროებით მიმეტოვებინა სწავლა და მთელი დრო და ენერგია საყვარელი საქმისათვის მომეხმარებინა. მიუხედავად იმისა, რომ თვითნასწავლი ვარ, ყოველდღიურ პრაქტიკას გავდივარ ორ პროფესიონალ ადამიანთან, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩემს განვითარებაში. სწორედ მათი, ჩემი ოჯახის წევრების დამსახურებაა ჩემში ასეთი პოტენციალის აღმოჩენა. რაც შეეხება ქუდების შექმნის იდეას, ჩემი ოჯახი უკვე მრავალი წელია ამ საქმით არის დაკავებული და ერთიანი ძალებით ვქმნით პროდუქციას  ყველა სეზონისთვის. სწორედ გარემოს ფაქტორი გახლავთ ჩემი მუზა და მოტივაცია ამ საქმეში.  

რამდენი ხანია თქვენი ბრენდი არსებობს და რამ განაპირობა თქვენი ინტერესი კონკრეტულად ქუდების მიმართ?

– როგორც ბრენდი 2017 წლის დასაწყისში დავარეგისტრირე. იმის მიუხედავად, რომ ჯერ მხოლოდ ერთი წლის არის, დროის ამ მცირე მონაკვეთში საკმაოდ ბევრი გეგმის შესრულება მოვახერხე. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ჩვენი ქუდები კიდევ უფრო მეტად პოპულარული და მოთხოვნადი გახდება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ქუდები, მთელი ცხოვრება ქუდს ან ნაქსოვ აბადოკებს ვატარებ. რაც არ უნდა კარგად ჩაცმული ვიყო, ბოლომდე დასრულებულად ვერ აღვიქვამ ჩემს თავს თავსაბურავის გარეშე. სწორედ ამიტომ, გაჩნდა განსაკუთრებული ინტერესი ქუდების მიმართ.

როგორია შექმნის პროცესი და რა ადგილი უჭირავს ამ საქმიანობას თქვენს ცხოვრებაში?

– შექმნის პროცესი ყველაზე საინტერესოა. საოცარია, როცა ის იდეა,რომელმაც თავში გამიელვა და უცებ რაღაც ჩანახატი გავაკეთე, რამდენიმე დღეში სრულფასოვან, დასრულებულ სილამაზედ იქცევა ხოლმე. ჩემი იდეების განხორციელება ძალიან მარტივია, რადგან ძალიან კარგი გუნდი მყავს, რომლებიც ჩემი ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებაში მეხმარებიან. სწორედ ეს ფაქტი მეამაყება, რომ ერთი წლის განმავლობაში  შევქმენით „ანანანას“ ოჯახი გერმანიასა და საქართველოში. დღეს ამ ბრენდს უჭირავს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი, მას მიაქვს ყველაზე დიდი დრო და ენერგია. დილიდან საღამომდე დღის გეგმას თავად ვუდგენ საკუთარ თავს და მხოლოდ ამ გეგმების შესრულების შემდეგ შემიძლია მეგობრებთან ერთად დროის გატარება და გართობა.

ძირითადა რა სახის მასალას გამოიყენებთ შესაქმნელად?

– „ანანანას“ ძირითად პროდუქტს ძირითადად ნაქსოვი ქუდები წარმოადგენს. ზამთრის კოლექციისთვის ვიყენებთ მაღალი ხარისხის ძაფს, როგორიცაა მირინოსი, შალი, ბამბა, ლურექსი, მოხერი.ასევე 2018-2019 წლის კოლექციის  ბუნებრივ ხაზს შევთავაზებთ მომხმარებლებს ქუდებს, რომლებიც იქნება დამზადებული 100%-იანი ალპაკას, ვიკუნიასა და ხარვერძის ძაფისგან მოქსოვილი. რაც შეეხება ზაფხულის კოლექციას, ქუდები 100%-იანი ბამბისა და ლურექსის კომბინაციითაა მოქსოვილი.

ქუდების გარდა, კიდევ რა სახის პროდუქციას ქმნით?

– გარდა ქუდებისა გვაქვს ნაქსოვი ჩანთები. ჩვენი ჩანთების ძირითადი აქცენტი ოპტიკურ მხარეზეა გაკეთებული და არა პრაქტიკულობაზე. ამიტომ ყოველდღიური ცხოვრებისთვის ძალიან არაკომფორტული და გამოუსადეგარია, არ აქვს ბევრი ჯიბე და  მცირე ზომისაა. ძირითადად შექმნილია საღამოს წვეულებებისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ჩანთები ქუდების მოდელების ანალოგებია. ვაკეთებთ ნებისმიერი მოდელის შესაფერის ჩანთას.

რა სირთულეები შეგხვდათ მუშაობის პროცესში და როგორ შეძელით თავის დამკვიდრება?

– ყველაზე დიდი სირთულე იყო იმ ფაქტის აღიარება, რომ 20 წლის ასაკში უნდა შემეზღუდა ჩემი გართობისთვის განკუთვნილი დრო და მთლიანად საქმისთვის გამომეყენებინა. მუდმივად მოგზაურობა მიწევდა, რადგან „ანანანას“ გაყიდვები გერმანიიდან დაიწყო. თავიდან გამოუცდელობის გამო, ბევრი პრობლემა შემექმნა იმ კომპანიებთან, რომელთანაც ვთანამშრომლობდი. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე გავიზარდე და შევძელი პრობლემებს მარტივად გავმკლავებოდი.

როგორ შეხვდა მომხმარებელი ამ სიახლეს დ ძირითადად რა სახის სეგმენტზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია?

– „ანანანას“ მომხმარებელი ჯერჯერობით მხოლოდ გერმანიასა და იტალიაში ჰყავს. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე თამამად დააბიჯებენ ქალბატონები „ანანანას“ მოდელებით. რაც შეეხება საქართველოს, ჯერ კლიენტები არ გვყავს, რაც სრულიად გასაგებია, რადგან საკმაოდ მაღალი ფასები გვაქვს. სულ ამის ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, ჩვენ არა მარტო ქუდებს, არამედ ემოციას ვყიდით. ჩვენი ქუდების საშუალებით სრულიად იცვლება თქვენი აღქმა. სითამამე, გამორჩეულობა, დახვეწილი გემოვნება-ამ ყველაფერს ატარებს „ანანანას“ მყიდველი.

როგორია ფასები და სად შეიძლება შეძენა?

– შეძენა შესაძლებელია ბერლინში, დუსელდორფსა და ჰამბურგში. შეძენა შესაძლებელია სოციალური ქსელების საშუალებითაც. მართლია ამ ეტაპზე ატელიე არ გვაქვს, სადაც მომხმარებელი ადგილზე შეძლებს მოსვლას და პროდუქციის არჩევას, თუმცა სულ მალე ჩვენს მომხმარებლებს თბილისის შოურუმში ვუმასპინძლებთ.

როგორია „ანანანას“ სამომავლო გეგმები?

– წელს, ზამთრის კოლექციით  ორ გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა მიუნხენში. ახლა კი ზაფხულის გამოფენისთვის ვემზადებით. უახლოეს მომავალში ვაპირებ, დავამატო მამაკაცისა და ბავშვების ქუდების ხაზი. ასევე, მომავალი ზამთრის კოლექციისათვის ვამზადებთ „ანანანას“ სუნამოებს.

მარიამ ლეკიაშვილი

Please follow and like us: