საქართველო რიგით მეხუთე პრეზიდენტს მიმდინარე წლის ოქტომბერში აირჩევს, 6 წლის ვადით. მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილების ვადა სწორედ 2018 წლის ოქტომბერში ეწურება.  ახალი კონსტიტუციით, 2024 წლიდან პრეზიდენტს არა პირდაპირი არჩევნებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით აირჩევენ – 2024 წელს საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით, საარჩევნო კოლეგია საქართველოს პარლამენტის შენობაში აირჩევს, რომლის შემადგენლობასაც ცესკო დაამტკიცებს.

2018 წელს პრეზიდენტს ისევ პირდაპირი წესით ავირჩევთ, მაგრამ ამ წელს არჩეულ პრეზიდენტს მმართველობის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდება იმისთვის, რომ მისი შემდეგი არჩევნები 2024 წელს, პარლამენტის პროპორციული სისტემით არჩევას დაემთხვას.

საპრეზიდენტო არჩევნებსა და სავარაუდო კანდიდატებზე „თბილისი თაიმსს“ პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება… კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს რამდენად ემხრობით, პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი რამდენად მისაღებია თქვენთვის?

– ახალი წესი, როგორც იცით, ამ არჩევნებზე არ შედის ძალაში. უარყოფითი აზრის ვარ, რადგან ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის ისედაც სუსტია. დღეის მდგომარეობით, ბალანსი კიდევ უფრო სუსტდება იმით, რომ პრეზიდენტი იქნება სამომავლოდ, 2024 წლიდან ირიბად არჩეული. ეს კი ხელისუფლების უზურპაციის ძალიან სერიოზულ რისკებს აჩენს. ანუ, რისკები ძალიან მაღალია. ასე რომ, მე უარყოფითად ვუყურებ ამ ცვლილებებს.  

როგორ ფიქრობთ, იმ პირობებში, როცა პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია, კანდიდატების შერჩევა რა კრიტერიუმებით მოხდება?

– პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია და ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ვერ გახდება ფორმალურად წამყვანი ფიგურა ქვეყანაში. ანუ, ის ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს ვერ შეუქმნის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მას ექნება მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაცია, ეს პოლიტიკური აქტიურობის საშუალებას აძლევს, რაც ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, დისკომფორტის შემქმნელი იქნება.

გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნები არის ტესტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლება წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს მათ ექნებათ სერიოზული პრობლემები, ფაქტიურად, განწირულნი იქნებიან დამარცხებისთვის. ასე რომ, ამ არჩევნებს პოლიტიკურად აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, არა ძალის გადანაწილების, ფორმალური ძალისა ( ანუ კონსტიტუციური ძალის) და ინსტიტუციურისა, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით – პოლიტიკური დატვირთვა აქვს ძალიან მაღალი. ეს ხდის ამ არჩევნებს საინტერესოს და მთავარი ინტრიგაც ესაა.

თქვენი აზრით, ვის აირჩევს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატად? რამდენად მოსალოდნელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად ქალი დაასახელოს?

მე არ ვფიქრობ, რომ რამე მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვის აირჩევს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატად. იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არის არცერთი ლიდერი. იქ ყველა ერთი დიდი „რუხი“ მასაა. შესაბამისად, შეუძლიათ პირდაპირ ლატარია გაათამაშონ და ვისი გვარიც ამოვა, იმან იყაროს კენჭი. იმიტომ, რომ ნებისმიერი კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ აიღებს ზუსტად იმდენ ხმას, რამდენსაც მოახერხებს თავისი რესურსით „ქართული ოცნება“. პირადი ავტორიტეტით ვერავინ ვერაფერს მოიმატებს. ასე რომ, აბსოლუტურად არ არის საინტერესო. ერთადერთი ინტრიგა შეიძლება ის ყოფილიყო, თუ კენჭს თვითონ ბიძინა ივანიშვილი იყრიდა და ეს სახელმწიფოებრივად, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნებოდა – დამთავრდებოდა ქვეყანაში ჩრდილოეთ მმართველობაზე საუბარი, მისთვისაც კარგი იქნებოდა, რადგან ბევრი რამე დღეს მას უსამართლოდ ბრალდება. მაგრამ, თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ სულ ერთია ვინ იქნება.

მნიშვნელობა არ აქვს ვის დაასახელებენ, ქალს თუ კაცს. არ მგონია, რომ საქართველოში ეს საკითხი მწვავედ იდგეს. მოსალოდნელი არის, თუმცა მე დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ქალი იქნება თუ კაცი. რეკომენდაციაც მქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ ლიდერი „ქართულ ოცნებაში“ არავინ არაა და სულ ერთია ვის დაასახელებენ, სიტუაცია ძალიან რომ არ დაიძაბოს, დრამატული ფორმები რომ არ შეიძინოს ამ ყველაფერმა, მაგალითად, ენძელა მაჭავარიანი დაესახელებინათ. ვფიქრობ, უფრო მხიარული და პოზიტიური არჩევნები გვექნებოდა და არა -დაძაბული.

მედიაში აქტიურად განიხილავენ საპრეზიდენტო კანდიდატებად ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და დავით სერგეენკოს წარდგენას. როგორ ფიქრობთ, მათგან უფრო დიდი ალბათობით რომელი შეიძლება დასახელდეს?

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მან მუშაობა ჩინურ კომპანიაში დაიწყო და წარმატებებს ვუსურვებ. ვფიქრობ, მას პრეზიდენტობა რომ დაეპირებინა, არ დაიწყებდა მუშაობას. ამ შემთხვევაში ეს ლოგიკური ნონსენსი (შეუსაბამობა) იქნებოდა. სერგეენკოსაც არ ვფიქრობ – ბევრი მიზეზის გამო. ბიძინა ივანიშვილი – მის სურვილზეა დამოკიდებული, შანსები ძალიან მცირეა, მაგრამ თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე მხოლოდ გამიხარდება. ამ სამიდან კი ვერცერთის ალბათობას ვერ ვხედავ.

როგორ გგონიათ, გიორგი მარგველაშვილი ისევ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი? ვისი პარტიიდან?

–  მგონია, რომ იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი ისევ პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს 50/50-ზეა, ჯერ გაურკვეველია. ვფიქრობ,თვითონაც ვერ ყალიბდება რას იზამს და მას არ უნდა პოლიტიკური კარიერის გაგრძელება. მისთვის არ არის კომფორტული „მოღვაწეობა“, ურჩევნია, რომ საზოგადოებრივ პლატფორმაზე გადავიდეს. მაგრამ, პოლიტიკური პროცესი ისეთია, სადაც ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ. რაც შეეხება მის შანსებს, სამწუხაროდ, ამას არ ვაფასებ ძალიან ოპტიმისტურად.

ნინი მაზიაშვილი

 

გაზიარება