საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. გასული წლის 20 დეკემბერს  ევროკავშირმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართა, თუმცა, რეკომენდაციების მიუხედავად, წარმოებული სამუშაო ძირითადად დადებითად შეფასდა. ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს მოვლენათა განვითარების თაობაზე ახალ ანგარიშს 2018 წლის ბოლოსთვის წარუდგენს.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი თომას დე მეზიე საქართველოდან ვიზის დამრღვევთა რაოდენობის ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ თუ ეს რიცხვი გაიზრდება, მაშინ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დაიწყება. მან ასევე აღნიშნა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან გერმანიის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის მატება და განაცხადა, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველო აქტიურად არის ჩართული. საქართველოს მთავრობამ კი განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევთა მიმართ ზომების გამკაცრება იგეგმება.

„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა რამდენად რეალურია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება, რა შემთხვევაში ხდება სწრაფი შეჩერების მექანიზმის ამოქმედება და რამდენად იქნება შესაძლებელი, რომ აღვადგინოთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრა კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ეროვნული კვლევების ცენტრის დირექტორი.

რამდენად რეალურია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა ? რა შემთხვევაში ხდება სწრაფი შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ?

ამ ეტაპზე, იმის შანსი, რომ შეგვიწყვიტონ ვიზალიბერალიზაცია, ძალიან მცირეა. განცხადება, რომელიც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა, რა თქმა უნდა, გამაფრთხილებელი იყო და იმისთვის გაკეთდა, რომ უფრო აქტიურად იმუშაოს საქართველოს მთავრობამ, რადგან საქართველოდან წასული მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკა არის მზარდი. ამის მკვეთრად ზრდა ბოლო პერიოდში დაიწყო და უპირველესად, მათ შეეშინდათ და მეორე მხრივ, ეს სტატისტიკა კრიმინალის ზრდას უკავშირდება, რადგან ადამიანები, რომლებიც ვერ იღებენ თავშესაფარს, არალეგალურად რჩებიან და მათი ნაწილი, გარკვეულ კრიმინალურ საქმიანობას ეწევა. ანუ, ეს ყველაფერი გერმანიაში განსჯისა და განხილვის საგანი გახდა. შეიძლება აქ პოლიტიკური ქულების დაწერის მომენტიც ყოფილიყო, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ასეთი განვითარების შესაძლებლობა მაქსიმალურად შევამციროთ.

სწრაფი შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ჯერ  არ მომხდარა, მაგრამ მისი ამოქმედების თეორიული საფუძველი არის, უპირველესად, თავშესაფრის მსურველთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა (და მითითებულია 50%). ანუ, 2 წლის განმავლობაში, დაკვირვების შედეგად თუ აღმოჩნდა, რომ 50%-ით გაიზარდა თავშესაფრის მსურველთა რაოდენობა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ამ შემთხვევაში ქვეყანას შეუძლია განაცხადოს… არის კიდევ მეორე შემთხვევა: იმავე ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც დაარღვიეს წესები, ანუ 3 თვეზე მეტ ხანს დარჩნენ ქვეყანაში (შენგენის ქვეყნებში) და მათი რაოდენობის 50%-იანი ზრდაა. ასევე საუბარია იმაზე, რომ თუ მოქალაქეებს უარს ეუბნებიან ქვეყანაში შესვლაზე, ე.ი. მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საეჭვო მიზნებით მიემგზავრებიან ევროკავშირში და ამას საზღვარზე ადგენენ: მაგალითად, ხედავენ, რომ არ აქვთ აღებული არც სასტუმრო, არც ფული აქვთ, არ იციან სად მიდიან და ა.შ. თუ გაიზარდა ასეთი მოქალაქეების რაოდენობა, აქ უკვე ეჭვი იბადება იმისა, რომ ადამიანი უბრალოდ გარბის და ამ შემთხვევაში, არ უშვებენ ქვეყანაში, რადგან ხვდებიან,  რომ დააწვებიან იმ სახელმწიფოს, სადაც რჩებიან. მაგრამ, გარდა ამისა, ევროკომისიის ერთ-ერთ დოკუმენტში არის სხვა მიზეზებიც ჩამოთვლილი, რომელიც ზუსტად ამას ეხება – უსაფრთხოების საკითხი: თუ საქართველოს მოქალაქეები საფრთხეს უქმნიან იქაურ მოქალაქეებს. კერძოდ, კრიმინალური და არალეგალური საქმიანობის გზით. არის კიდევ რეადმისიის საკითხი – თუ საქართველოს მთავრობა არ თანამშრომლობს რეადმისიის საკითხებში ევროკავშირთან. ანუ, მოქალაქეებს, რომლებსაც დეპორტაციას უკეთებენ, ან უნდათ რომ მოახდინონ, თუ საქართველო არ იღებს მათ და არ თანამშრომლობს ევროკავშირთან ამ მიმართულებით, ამ შემთხვევაშიც დგება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა.

დღეს ყველაზე მწვავედ ორი პრობლემა დგას. ეს არის: მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მოთხოვნა და მეორე – კრიმინალის რაოდენობა, რომელიც ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მაღალია. მაგრამ, ქვეყანამ განაცხადი რომც გააკეთოს, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ასეთი მარტივი არაა.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, რამდენად იქნება შესაძლებელი, რომ აღვადგინოთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა? თუ ყოფილა პრეცედენტი, რომელიმე ქვეყნისთვის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების?

მას შემდეგ, რაც განაცხადი შედის, ევროკომისია ვალდებულია, რომ გამოიკვლიოს ეს საკითხი. ანუ, უნდა დაადგინოს რამდენად არის ეს პრობლემა ტიპიური: სხვა ევროკავშირის ქვეყნებისთვისაც მსგავსი სიტუაციაა თუ მხოლოდ იმ კონკრეტული ქვეყნისთვის… ამ განაცხადს მარტივად წინსვლის საშუალებას არ აძლევენ. გერმანიის მთავრობას სთხოვენ, რომ საქართველოს მთავრობასთან ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მოაგვაროს ეს პრობლემა და გაზარდოს კონტროლი მოქალაქეების გასვლაზე და ა.შ. ანუ, მიიღოს ღონისძიებები (საქართველოს მთავრობამ). მათ შორის უნდა მიმდინარეობდეს დიალოგი. შემდეგ, თუ არ გამოსწორდება სიტუაცია და ქვეყანამ მაინც დაჟინებით მოითხოვა, მაშინ განიხილება შეჩერების მექანიზმი. მაგრამ, გადაწყვეტილებას იღებენ კვალიფიცირებული უმრავლესობით. ანუ, მარტო გერმანია ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც შენგენის ზონაში არიან გაერთიანებულები, მათი შინაგან საქმეთა მინისტრები ევროკავშირის საბჭოზე კენჭს უყრიან ამ საკითხს და თუ 2/3-ით გავიდა, მხოლოდ მაშინ ხდება შეჩერება 9 თვით. 9 თვე ეძლევა ქვეყანას, რომ გამოასწოროს ის მიზეზები, რა მიზეზებითაც გაუქმდა უვიზო მიმოსვლა.

ანუ, 9 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ ყველა შესაბამისი ღონისძიება გაატარა. შემდეგ ისინი იკრიბებიან და აღდგენაზე იღებენ გადაწყვეტილებას. თუ ამ 9 თვის შემდეგაც არ მოხდება აღდგენა, შემდეგ 18 თვით აგრძელებენ ისევ და ამ 18 თვის შემდეგ ისევ განიხილავენ საკითხს და ა.შ. სანამ არ აღდგება იქამდე გაგრძელდება. ანუ, თუ სიტუაციას გამოასწორებ, ყოველთვის გექნება შანსი, რომ აღადგინო ვიზალიბერალიზაცია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ გააჩერებენ უვიზო მიმოსვლას.

ჯერჯერობით, არავისთვის არ შეუჩერებიათ და ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა.

ვიზალიბერალიზაცია, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ნაწილი – ამ მხრივ, რომ შეაფასოთ რისკები… 

– თუ ჩვენ შეგვიჩერებენ უვიზო მიმოსვლას, ეს დარტყმა იქნება . საქართველოს კიდევ უფრო ნაკლები შანსი ექნება, რომ ევროპული პერსპექტივა მიიღოს. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ 9 თვის განმავლობაში, როგორც მინიმუმ, საქართველოსთვის ევროპულ პერსპერქტივას არავინ აღიარებს. ამაზე საკითხის დაყენებაც არ მოხდება. ამიტომ, ეს, რა თქმა უნდა, შეაფერხებს ევროკავშირთან ინტეგრაციას.

რა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ შეინარჩუნონ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა?

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა იმ მიზნით, რომ მათ თავშესაფრის უფლება მიიღონ, ძალიან რთულია და პროცენტულად არის დაბალი. უბრალოდ იმიტომ, რომ ვინმეს უჭირს და სამუშაო ვერ იშოვა, ამის გამო არავინ არ მიანიჭებს ლტოლვილის სტატუსს. ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს ყველა საბუთი იმისა, რომ მას მართლა დევნიან საკუთარ ქვეყანაში და თანაც, უსამართლოდ. ის კი არა, რომ რაღაცა დააშავა და იმიტომ დევნიან, არამედ არ დაუშავებია, მაგრამ ვერ დაამტკიცა. ამ შემთხვევაში, შეიძლება დატოვონ და თავშესაფარიც მისცენ.  ამისთვის საერთაშორისო კონვენციები არსებობს, რომლებიც ქვეყნებს ავალდებულებს, რომ მისცენ უფლება ასეთ ადამიანებს. სხვა შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში, პრაქტიკულად, ამის არანაირი არგუმენტი არ არსებობს.

თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე აღარ გვქონდეს, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამისთვის? რა გამოწვევების წინაშეა სახელმწიფო და უნდა შეცვალოს თუ არა მან პოლიტიკა ამ მხრივ?

უპირველესად, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებაა აუცილებელი, რომ მათ ტყუილად არ დახარჯონ ფული და არ წავიდნენ ევროკავშირში იმისთვის, რომ ლტოლვილის სტატუსი მიიღონ. რომ არ მიიღებენ, ამის პროცენტი უფრო მაღალია, ვიდრე ის, რომ – მიიღებენ. როცა მათ დეპორტაციას მოახდენენ, ისინი 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში ვეღარ შევლენ. თუ გაგრძელდა არალეგალურად ყოფნა, მათ შეიძლება გადასახდელად ძალიან დიდი ჯარიმაც დაეკისროთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აუხსნან მოქალაქეებს, რომ მსგავსი მოლოდინები არის ფუჭი. როგორც ჩანს, არსებობენ ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებიც რაღაცებს პირდებიან მოქალაქეებს. მაგალითად, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას და ა.შ და შეცდომაში შეჰყავთ. ამის წინააღმდეგ უნდა განხორციელდეს კამპანია, რათა ეს აღიკვეთოს.

რაც შეეხება გამოწვევებს, სახელმწიფოს უამრავი გამოწვევა აქვს. თავისთავად, სოციალურ-ეკონომიკური. სწორედ სოციალური ფონი და ეკონომიკური განვითარებაა მნიშვნელოვანესი გამოწვევა ქვეყნისთვის. ეს რომ არ არსებობდეს, შეიძლება ამ ყველაფრის წინაშე არც დავმდგარიყავით. ფუნდამენტური პრობლემები რაც არის გამოსასწორებელი, ეს არის ეკონომიკური ზრდა და სოციალური ფონის გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების შექმნა. ესაა ის გამოწვევები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ემიგრაციასთან.

ნინი მაზიაშვილი

 

გაზიარება