16 თებერვალს კიევში გაიმართა შუალედური შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და პროექტის მონაწილეებს შორის. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის მონაწილეებს შორის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში მათი საქმიანობის შედეგად მიღწეული შედეგების წარდგენას და ლიდერობის უნარ-ჩვევების დაუფლებას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოება 2009 წელს დაარსდა და მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც ხელს შეუწყობს რეფორმებისა და დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებას.
„ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს და გაზარდოს ლიდერობის უნარ-ჩვევები მონაწილეებში და წაახალისოს მოხალისეობრივი საქმიანობა. ასევე, ჩვენი ორგანიზაცია ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას. ჩვენს მოხალისეებს საშუალება აქვთ გაუზიარონ იდეები და გამოცდილება ერთმანეთს და დაეუფლონ იმ უნარებსა და ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვისა და ცვლილებებისთვის. ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საზოგადოებამ გაიგოს უფრო მეტი, თუ როგორ ჩაერთოს სამოქალაქო ცხოვრებაში და დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას განვითარებაში.“-ანა ლობანოვა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კოორდინატორი.
აღმოსავლეთ პარტნიორობა აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპის წევრ ქვეყნებს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელორუსიას, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას.
შეხვედრას ესწრებოდნენ გამარჯვებული პროექტის ავტორები. მათ იმსჯელეს იმ მიღწევების შესახებ, რითიც ხელი შეუწყეს სამოქალაქო აქტივიზმის ზრდასა და პოპულარიზაციას.
„პროექტის „ველოსიპედის პოპულარიზაცია, როგორც სატრანსპორტო საშუალება“ მიზანია საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება და ველოსიპედისტთა რიცხვის ზრდა საქართველოში. პროექტის ფარგლებში, დეკემბერში, თბილისის ველოკლუბის დახმარებით, მოეწყო საინფორმაციო ველომსვლელობა თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, სამომავლოდ ვგეგმავთ კიდევ ერთი მსვლელობის განხორციელებას. ველომსვლელობისას დარიგდა საინფორმაციო მასალები რჩევებით, ველოსიპედით უსაფრთხო გადაადგილების შესახებ, აგრეთვე, ველოსიპედის სტიკერები.“- ლიკა მერაბიშვილი, პროექტის ქართველი მონაწილე.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს რეგიონალურ შეხვედრებს, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას. ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას ადგილობრივ დონეზე.
მარიამ ლეკიაშვილი