დიდი მარხვა – იწყება აღდგომიდან 7 კვირით ადრე, ორშაბათს და გრძელდება უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე. ეს მარხვა განსაკუთრებულად მძიმეა. თევზით ხსნილია მხოლოდ ხარების (25 მარტი/7 აპრილი) და ბზობის (დიდ-მარხვის მე-6 შაბათი) დღესასწაულებზე.
რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება მარხვა, მით მეტია მისი მაკურნებელი ძალა.
გვახსოვდეს, რომ ეკლესია ჯანმრთელობისთვის საზიანოს არაფერს ითხოვს, ღმერთი იმდენს გვთხოვს, რამდენიც შეგვიძლია. მარხვის ჟამს შეუძლოდ შექმნილია მოხუცებული გმირი მეფე ერეკლე II. ექიმს, მისთვის, ძალის მოსაკრებად, ქათმის ხორცის ნახარში – ბულიონი შეუთავაზებია. ჯიუტად შეუკრავს შუბლი ერეკლეს, მეფემ რომ მარხვაში ხორცის ნახარში შესვას, რა პასუხი გასცეს მან ერსაო – მიუგია მკურნალისათვის.
აღდგომის მარხვა ეს არის გვირგვინი გმირობისა, საფუძველი ჯილდოსი და გზა ცხოვნებისა.
მარხვის ჟამს ცხრებიან ვნებანი, აღსდგებიან სათნოებანი, უმეტესი სიწმიდით ელვარებს უბიწოება, ხორცი მორჩილ ხდება სულისა და მას ემსახურება.
წმინდა იოანე ოქროპირი მოგვიწოდებს:ცხოვრების თანამგზავრად გაიხადე მარხვა, რათა დაგიცვას და სიკვდილს გადაგარჩინოს, განსაცდელი აგაცილოს და სასუფევლის ბჭესთან მიგიყვანოს.სიხარულით შეუდექი მარხვას და ნუ ემსგავსები იმ თვალთმაქცთ, რომელნიც კაცთა სახილველად დაღვრემილი სახით დადიან. ამ მწუხარების გამო ისინი ვერ იღებენ იმ ჯილდოს, მარხვის გამო რომ ეძლევა ადამიანს. მაცხოვარი ბრძანებს: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად“ (მათე 6, 17-18).
მარხვა დაიცვა მაცხოვარმა; მან იმარხულა არა იმიტომ, რომ იგი საჭიროებდა მას საკურნებელად, არამედ იმის გამო, რომ ხსნის გზაზე მარხვის მაგალითი მოეცა კაცთათვის.
მარხვა დასაბამიდან მოდის და რჯულზე უფრო ძველია. იგი უფალმა სამოთხეშივე დააწესა, რადგანაც პირველი მცნება, რომელიც ადამმა მოისმინა, იყო: ძელისა მისგან საცნაურისა კეთილისა და ბოროტისა, არა შჭამოთ (დაბ. 2,17). მაშინ რომ ევას ეს მცნება არ დაერღვია და ემარხულა, ჩვენ დღეს მარხვა არ დაგვჭირდებოდა, რადგანაც მკურნალი არა ჯანმრთელებს, არამედ სნეულებს სჭირდება (მათე 9,12)
დიდმარხვის დასაწყისი არის მიტევების კვირა.ანუ,ეს არის იგივე სამოთხიდან ადამის განდევნის დღე.ადამი განიდევნა იმიტომ,რომ მარხვა არ დაიცვა.უკან დაბრუნებაც ისევ მარხვით უნდა მოხდეს,ზუსტად იმავე გზით,რითაც განიდევნა.
3 მარტს დიდმარხვის მეორე შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია მიცვალებულებს მოიხსენიებს.
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მიცვალებულთა მონათა შენთასა, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხორება იგი დაუსრულებელი.
მესამე კვირა არის მართლმადიდებლობის ზეიმი.
დიდმარხვის მესამე კვირიაკეს ტაძრებში ჯვრის თაყვანისცემა აღინიშნება. იგი მორწმუნეებს უფლის ვნებებს ახსენებს და რწმენაში აძლიერებს.ამ დროს იკითხება მარკოზის სახარების მერვე თავი.
ტრადიციისამებრ, პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის თაყვანისცემის დღეს ყვავილებით შემკულ ჯვარს ტაძრებში შუა ადგილას დააბრძანებენ.
ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე – ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს.
წმინდა ეკლესიამ დიდმარხვის შუალედში მარხვის შესამსუბუქებლად უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის გამოსვენება დააწესა. ვინც ჭეშმარიტად მარხულობს, იგი უეჭველად უნდა განიცდიდეს ხორცთა წუხილს, მასთან სულის შეუპოვარ ბრძოლას და ამ ყველაფრის გარდა, – მანქანებას ეშმაკისას, რომელიც ჩვენს სულზე მოქმედებს გულისთქმათა გზით, რომელთაც დიდი სევდა მოაქვთ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქრისტიანულ ცხოვრებაში არასრულყოფილნი და განუმტკიცებელნი არიან. სწორედ ამგვარნი მმარხველნი, დე, ანუგეშოს თაყვანისცემისათვის, გულითადი ჭვრეტისა და ამბორებისათვის, ამჟამად გამოსვენებულმა ცხოველსმყოფელმა ჯვარმა უფლისა, დე, აღამსუბუქოს ღვაწლი მათი; დე, ნუ მოაკლდებიან მისგან ნუგეშინისცემას არაჭეშმარიტად მმარხველიც და საერთოდ – უმარხველნიც; დე, ემთხვიოს მასზედ მაცხოვარს; დე, ჯვრიდან ასწავლოს ღვთიურმა ვნებულმა ქრისტიანის მნიშვნელოვანი მოვალეობა – მარხვა და ცოდვისმოყვარულ ხორცთა ჩვენთა მოკვდინება. იმდენად, რამდენადაც ჯვარი თავისთავად სიყვარულზე სასაუბროდ განგვაწყობს, ამჟამად ჩვენც ვიტყვით რასმე ჯვარზე განცხადებული ღვთის ჩვენდამი სიყვარულის დიდებულებაზე, რათა ქრისტიანთა გაციებულ გულებში ღვთისა და ქრისტიანის შესაფერისი ცხოვრებისადმი სიყვარული აღვანთოთ. მართლაცდა, შემოქმედი ღმერთის მიერ თავისი ქმნილებისადმი – ადამიანისადმი სიყვარულის რაგვარი უფსკრული გამოიხატა ჯვარზე.
წმიდა იოანე ოქროპირი
მასალა მოამზადა
მაკა გოგებაშვილმა