საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების I-VI კლასებისათვის ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სახელმძღვანელოების შერჩევის, ანუ გირიფირების პროცესის საჯარო განხილვას იწყებს.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა, პროცესში საგნობრივ სპეციალისტებთან ერთად, ჩართულნი არიან ფილოლოგები, საბავშვო ფსიქოლოგები, განვითარების სპეციალისტები და კონსტიტუციონალისტებიც კი.
“ექსპერტებისა და საზოგადოების მონაწილეობის მიზანს საუკეთესო სახელმძღვანელოების შერჩევა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ყველა დაინტერესებულ მხარეს – მშობლებს, მასწავლებლებს, დარგის სპეციალისტებს მოვუწოდებთ მაქსიმალურად იაქტიურონ, რათა მომავალმა თაობებმა საუკეთესო სახელმძღვანელოებით ისწავლონ. იმისათვის, რომ ახალი სახელმძღვანელოები სრულად შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს, იყოს შესაბამისობაში ასაკობრივ სპეციფიკასთან, მოხდა ეროვნული სასწავლო გეგმის არსებითი გადამუშავება. შესაბამისად, ძირეულად შეიცვალა შეფასების კრიტერიუმები და თავად შეფასების სისტემაც. გრიფირებაში ჩართული ყველა მონაწილე გადამზადდა. ტრენინგები ჩატარდა როგორც სახელმძღვანელოების ავტორებთან, ასევე შემფასებელთა ჯგუფებთან და პროექტის ადმინისტრაციულ პერსონალთან.
გრიფირების პროცესისადმი მაღალი ინტერესისა და ავტორთა მაქსიმალური მხარდაჭერიდან გამომდინარე, 13 საგანში წარმოდგენილია 112 განაცხადი, რაც შესაბამის კლასებზე, მასწავლებლის, მოსწავლის წიგნებზე, რვეულებზე და ელექტრონულ რესურსებზე გადათვლით ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე განხილვაშია 795 მაკეტი. სიახლეა ისიც, რომ ყველა სახელმძღვანელოს უნდა ჰქონდეს ე.წ დამხმარე ვებ-გვერდი, სადაც დამატებითი მასალები და ლიტერატურა განთავსდება.
გრიფირების მიმდინარე პროცესი უნიკალურია იმითაც, რომ განაცხადების საჯარო განხილვა პირველად ტარდება. პროფესიულმა სარეცენზიო ჯგუფებმა სახელმძღვანელოების შეფასებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს დაიწყო, ხოლო დღეს, 2018 წლის 5 მარტს საჯარო განხილვის პროცესს სამინისტრო იწყებს, რაც ელექტრონული პორტალის – მეშვეობით ხორციელდება. პორტალზე შესვლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. პროცესი 25 მარტამდე გაგრძელდება”, – განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.
მისივე განცხადებით, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრება შეიძლება იყოს წარმოდგენილი სამი ძირითადი მიმართლებით: 1. შინაარსობრივი შეცდომა – იმ შემთხვევაში როცა ფიქსირდება შეცდომა ისტორიულ ან სამეცნიერო ფაქტებში, ამოცანის ამოხსნის შედეგში ან ლოგიკურ მსჯელობაში; 2. ტექნიკური ხარვეზი – ნებისმიერი ტექნიკური ხასიათის პრობლემისათვის, მაგალითად შრიფტის შეუსაბამობა, ველების დარღვევა, ილუსტრაციის აცდენა ან ხარვეზი და ა.შ. 3. რეკომენდაცია, მოსაზრება – ნებისმიერი სახის წინადადება, რომელიც ორიენტირებულია სახელმძღვანელოს ან სერიის ზოგად გაუმჯობესებზე ან სიახლის შეტანაზე მოსაზრებების მიწოდება ანონიმურია.