მთაწმინდის ქედთან, შატბერაშვილისა და ჟვანიას ქუჩების კვეთაში საცხოვრებელი კომპლექსის  აშენება იგეგმება. მშენებლობას კომპანია შპს „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი“ ახორციელებს.

23 იანვარს ნინო ჟვანიას ქუჩაზე არსებულ მთის ფერდობზე, მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებით შეაჩერა. თუმცა, შეჩერებული სამუშაოები თებერვალში კვლავ განახლდა

25 თებერვალს მთაწმინდის ქედთან, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია მოეწყო 4 მარტსაც.

„თბილისი თაიმსს“ დავით მესხიშვილი, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე ესაუბრა. მისი თქმით, ტერიტორია, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, მეწყერსაშიში ზონაა და მოსახლეობისთვის საშიშია.

“ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საექსპერტო ჯგუფების დასკვნები და მათ შორის, მნიშვნელოვანია გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დასკვნაც, რომ მდინარის კალაპოტში მშენებლობა არის  დაუშვებელი. აქ არის ვარაზის ხეობა, რომელშიც ჩამოდის მდინარე ვარაზისხევი. ჩვენი ინფორმაციით, ახალი გენგეგმის მიხედვით, რომელიც საბოლოოდ მერიასთან უნდა შეთანხმდეს, ასეთ ზონებში მშენებლობა უნდა აიკრძალოს. ამ ტერიტორიაზე არაერთხელ ჩამოწვა მეწყერი – რამდენიმე წლის წინ ჭონქაძის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა და გაანადგურა ბენზინგასამართი სადგური, დაიხოცნენ ადამიანები. ჟვანიას ქუჩაზე, სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს, მის მოპირდაპირე მხარეს რამდენიმე წლის წინ ასევე მოწყდა მეწყერი. ამ შემთხვევაში, რადგან დასახლებული ადგილი არ იყო, მსხვერპლიც ამიტომ არ მოჰყვა. ექსპერტების აზრით, ვარაზის ხეობაში მუდმივად მიმდინარეობს მეწყერული პროცესები, უბრალოდ ჩვენ მას ვერ ვხედავთ. აქაც ანალოგიური საშიშროებაა. ეს ქედი ჰყოფს ძველი თბილისის რაიონს კუს ტბისგან. რაც უფრო სიღრმეში შედიან და თხრიან, მიწა უფრო ნესტიანი ხდება. პრობლემას ისიც ართულებს, რომ მთელი სამშენებლო ნარჩენები, კლდის ნანგრევები მიაქვთ და მდინარე ვარაზისხევის კალაპოტში ჰყრიან. ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, რაც ვერეს ხეობაში მოხდა. ვარაზი ისეთივე პატარა მდინარეა, როგორიც ვერე და მისი კალაპოტის ხელოვნურად ამოვსებამ, შესაძლოა იგივე მოვლენებამდე მიგვიყვანოს, რაც 13 ივნისს ვერეს ხეობაში მოხდა.

საბუთები რეალურად წესრიგშია, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ ეს დოკუმენტები გაყალბებულია და არ არის სწორად გაცემული. ექსპერტები, რომლებიც ამ საქმეში ნეიტრალურები არიან და არ წარმოადგენენ რომელიმე მხარეს, ამბობენ, რომ აქ მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია და აკრძალული უნდა იყოს.“

მესხიშვილი ამბობს, რომ საფრთხე შეექმნება არა მხოლოდ ახალ კორპუსში მაცხოვრებლებს, არამედ მთლიან ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასაც.

მთელი ეს პროცესები, რომელიც მიმდინარეობს და რისი აშენებაც იგეგმება, არის სიცოცხლისთვის საშიში.  ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ახალ კორპუსში მაცხოვრებლებს, არამედ მთლიან ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასაც. ამიტომ, ჩვენ ამ პროცესის შეჩერებას ვითხოვთ და იმედი გვაქვს, რომ ქალაქის მერის საარჩევნო დაპირებები, რომელიც მოგვისმენია, შესრულდება და შეჩერდება ეს ვანდალური აქტები. ეს არის სწორედ ვანდალური აქტები, რომელიც დაკანონებულია უკანონოდ და გაყალბებულ საბუთებს ეფუძნება.“

მესხიშვილის თქმით, ამ საკითხის გარშემო ბევრი პრობლემა იშლება.

„ეს მშენებლობები არ არის შეთანხმებული ტრანსპორტის სამსახურებთან. არ არის გათვლილი სატრანსპორტო ნაკადები – არ არის გათვლილი როგორ გაატარებს ეს ქუჩები შემდგომში ტრანსპორტს,რის გამოც შეუძლებელი გახდება სასწრაფო და სახანძრო დახმარების სერვისის მიწოდება იქ მყოფი მოსახლეობისთვის.“

დავით მესხიშვილის ამბობს,რომ დაფუძნდა მოძრაობა „ქალაქი ჩვენია“, რომელშიც გაერთიანებულები არიან პოლიტიკოსები, საზოგადოების აქტიური წევრები, გეოლოგები, სეისმოლოგები, არქიტექტორები და ა.შ.  ისინი აპროტესტებენ ამ პროცესებს.

„თბილისი თაიმსი“ ქალაქ თბილისის მერიასაც დაუკავშირდა. კითხვაზე თუ რატომ შეჩერდა თავდაპირველად ჟვანიასა და შატბერაშვილის ქუჩის კვეთაზე მიმდინარე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა და კვლავ რის საფუძველზე აღდგა, გვიპასუხეს, რომ :

„მშენებლობა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შეჩერდა, ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მოხდა წარმოდგენილი ყველა საჭირო საბუთის თავიდან შესწავლა და გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო კომპანიას ყველაფერი წესრიგში და შესაბამისობაში აქვს კანონმდებლობასთან, იურიდიული სამსახურის ბრძანების საფუძველზე შეწყდა შეჩერების საქმის წარმოება და განახლდა სამშენებლო პროცესი.“

თბილისის მერიაში გვითხრეს, რომ საინჟინრო გეოლოგიური კვლევის ჩატარებასა (დამკვეთის დაკვეთით) და მის შედეგებზე დასკვნის მომზადებაზე პასუხისმგებელია ინჟინერ-გეოლოგი, ხოლო კვლევის შედეგებისა და დასკვნის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ექსპერტს, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სამუშაოების საექსპერტო შეფასებასა და გასცემს შესაბამის საექსპერტო დასკვნას.

„ექსპერტად საქმიანობის უფლება აქვს პირს, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N61 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის -„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის“ თანახმად.“

იგეგმება თუ არა ისევ ჟვანიასა და შატბერაშვილის ქუჩის კვეთაზე მიმდინარე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის შეჩერება და ახლიდან გამოკვლევა, თბილისის მერია ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

ნინი მაზიაშვილი

გაზიარება