ტაქსის მძღოლებს საქმიანობის ნებართვისთვის ერთჯერადად, ე.წ. ფურცლის საფასურის გადახდა მოუწევთ, ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებზე ძალიან შეღავათიანი საფასური იქნება, პრაქტიკულად, ელექტრომობილისთვის საფასური ნული იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ტაქსით მომსახურების სანებართვო რეგულაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, ტაქსით მომსახურების რეგულაცია სამ ეტაპად განხორციელდება.

„პირველ ეტაპზე, როგორც კანონპროექტით არის განმარტებული, თბილისის მუნიციპალიტეტს, საკრებულოს, უჩნდება სამართლებრივი საფუძველი, რომ გამოსცეს აქტი, სადაც დადგენილი იქნება ტაქსის მძღოლების საქმიანობის სანებართვო პირობები.

ანუ პირველ ეტაპზე არის აღრიცხვიანობა, გამოხატული სტატისტიკურ ფორმაში როგორც ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივად, ერთი სარკმლის პრინციპით ელექტრონულად ან არაელექტრონულად, როგორც მოსახერხებელი იქნება იმ ადამიანისთვის, რომელსაც თავისი სერვისის მიწოდება უნდა მოსახლეობისთვის. იქნება მხოლოდ ერთჯერადი საფასური – ე.წ. ფურცლის საფასური, რასაც ჩვენ მაგალითად, პასპორტის ასაღებად ვიხდით, სახელმწიფოს უჯდება ეს თანხა. მით უმეტეს, ჩვენ ელექტრონულ პროგრამაზე ვმუშაობთ, სადაც ერთი სარკმლის პრინციპით შეიძლება გადახდა. ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებზე ძალიან შეღავათიანი იქნება ეს საფასურიც. პრაქტიკულად, ნული იქნება ელექტრომობილისთვის“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

მისი თქმით, ბაზები ინტეგრირებული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზებთან.

„წვდომა ბაზას ექნება ადამიანის პირადობისა და მართვის მოწმობაზე. შესაბამისად, ადამიანი მხოლოდ დარეგისტრირებით და იმის თქმით, რომ ამა და ამ მანქანით ვაპირებ სერვისის განხორციელებას, რეგისტრირდება ავტომატურად, იხდის თანხას და ის არის ნებართვის მფლობელი.

ნებართვის მფლობელობა პრაქტიკაში რას გულისხმობს და რას აკონტროლებს შემდეგ მუნიციპალიტეტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება, მგზავრთა გადაყვანის დროს იქონიოს სანებართვო ფორმა, რომელიც გაკრული უნდა ჰქონდეს მანქანაში. იქ იქნება იდენტიფიცირებული ნებართვის ნომერი, ადამიანის სახელი და გვარი. ასევე მას ევალება, რომ ავტომობილზე ჰქონდეს მანიშნებელი, რომ ის არის ტაქსი. ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც არის აღრიცხვისა და რეგისტრაციის ძალიან მარტივი ფორმა და სამართლებრივად ამას ნებართვის გაცემა ჰქვია.

რატომ ვაკეთებთ და რატომ ვფიქრობთ, რომ ეს არის სატრანსპორტო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და მათ შორის ავტოპარკის დარეგულირებისთვის გადადგმული ერთი ნაბიჯი. 2019 წელს ემთხვევა ეს, როცა უკვე ტექნიკური დათვალიერებაც შემოვა. რამოდენიმე ძირითადი მიზეზი იყო, ეს არის გარე ფაქტორები, რაც შეიძლება იყოს ჰაერის დაბინძურება, გადატვირთული ავტოპარკი და ამის თქმის არ უნდა შეგვეშინდეს, რასაც ვფიქრობთ, რომ ტექნიკური დათვალიერება დაარეგულირებს, ეს არის ამ ქალაქის იმიჯი, რომელიც ასევე უნდა გვადარდებდეს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

(Visited 21 times, 1 visits today)

კომენტარები