გასულ წელს რეფორმის გეგმის 51% იყო შესრულებული, ბოლო 10 თვეში კი იგი 16,7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი პროექტ ,,რეფორმეტრის” ფარგლებში იუწყება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუას თქმით, მთავრობა აქტიურად მონაწილეობს ამ პროექტში. მას მნიშვნელოვნად მიაჩნია მიმდინარე რეფორმების განხილვა-შეფასება და ამბობს, რომ 2017 წელი ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
მსგავსი პოზიცია აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ლაშა ჯუღელს. მისი აზრით, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება ამბიციური პროცესია, შედეგის მიღებას კი დიდი დრო სჭირდება.
მისივე თქმით, გვჭირდება ისეთი ტიპის ბაზარი, რომელიც ,,უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკის განვითარებას, იყოს კონკურენტუნარიანი, ინვესტორებს აძლევდეს მაღალი ხარისხის მომსახურებას, ჰქონდეს ინფორმაციის გამჭვირვალობა და იცავდეს სანდოობას.”
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი დადებითად აფასებს საპენსიო რეფორმას, რომლის პროექტი უკვე დამტკიცებულია. თუმცა მათი განცხადებით, საერთო მდგომარეობა საკმაოდ არასტაბილურია და დაშორებულია გეგმისგან – კაპიტალის ბაზრის ინდიკატორი ამჟამად 7.5%-ია, გრძელვადიანი გეგმით კი 20%-მდე უნდა გაიზარდოს.
არსებული კვლევა USAID-ის მხარდაჭერით 6 თვეში ერთხელ ტარდება და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობას აფასებს.
აკაკი ალაგარდაშვილი