კომპანია “სითი პარკს“, შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, საგარანტიო უზრუნველყოფა ნახევარ მილიონ ლარამდეა წარმოდგენილი. “თუმცა, ამასთან დაკავშირებით დამატებითი სამართლებრივი პროცედურებია გასატარებელი, რაზეც ორმხრივ რეჟიმში გავაგრძელებთ მოლაპარაკებას. გარკვეულწილად გადმობარების პროცესი უნდა დაიწყოს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, რადგან უწყვეტად განხორციელდება ოპერირება. როგორც კახა კალაძემ ბრძანა, 10 აპრილიდან მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია ჩაანაცვლებს „სითი პარკს“ და პარკირების ოპერირება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერანაირ საფრთხეს ამ სფეროს უზრუნველსაყოფად ვერ ვხედავთ. მართვაზე სრულ პასუხისმგებლობას თბილისის სატრანსპორტო კომპანია აიღებს”, – განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერი განმარტავს, რომ “სითი პარკის” შემოსავლების მხოლოდ 40% შედიოდა თბილისის ბიუჯეტში, 60%-ს კი კომპანია იტოვებდა.

“ამ ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა სახის შემოსავლები გენერირდებოდა თბილისის ბიუჯეტში. ყველა შემოსავალს სხვადასხვა განაწილების მეთოდი ჰქონდა. ჯამური შემოსავლების დაახლოებით 40% მიდიოდა ადგილობრივ ბიუჯეტში, 60% კომპანიის ანგარიშზე”, – განაცხადა ხმალაძემ.

გაზიარება