რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. კენჭისყრა რუსეთის ყველა რეგიონში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.
პრეზიდენტის პოსტისთვის 8 კანდიდატი იბრძვის: სერგეი ბაბურინი („რუსეთის საერთო-სახალხო კავშირი“), პაველ გრუდინინი („კომუნისტური პარტია“), ვლადიმერ ჟირინოვსკი („ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“), მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ქსენია სობჩაკი („სამოქალაქო ინიციატივა“), მაქსიმ სურაიკინი („რუსეთის კომუნისტები“), ბორის ტიტოვი („ზრდის პარტია“) და გრიგორი იავლინსკი („იაბლოკო“).
არჩევნების შედეგების გამოცხადების ბოლო ვადა 29 მარტია, გამარჯვებულად ის კანდიდატი გამოცხადდება, რომელიც ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს.
თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს, 8 აპრილს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნები ოკუპირებულ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და ყირიმშიც გაიხსნა.