საქართველოს მთავრობამ “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უფასო იურიდიული დახმარების მიღებას ბრალდებულის გარდა- მსჯავრდებული არასრულწლოვანიც შეძლებს. ასევე, კოდექსის ყველა მუხლში, სადაც ფსიქოლოგის ჩართულობა გათვალისწინებულია, პროცესში ფსიქოლოგის ჩართვის წესი და მისი ფუნქციები კონკრეტდება.
,,თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დაწყებისას პირი არასრულწლოვანი იყო და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდებულო გახდება იმ შემთხვევაშიც, როცა საქმე განრიდების საკანონმდებლო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, თუმცა, პროკურორი არ იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განრიდების თაობაზე. კანონპროექტით იცვლება, აგრეთვე, ცალკეული პროცესუალური საკითხი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზედმეტი გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად“ – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
ნინო ზარიძე