მე-20 საუკუნის მიწურულიდან საქართველოში დაიწყო შშმ პირების  უფლებებზე, საჭიროებებზე, მათთვის მისაწვდომ გარემოზე საუბარი. იმ დროს, ადამიანები ერთიანდებოდნენ საერთო დიაგნოზის ნიშნით და ქმნიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რითაც ცდილობდნენ, თავად მოეგვარებინათ საკუთარი პრობლემები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მსოფლიო მოსახლეობის 15%-ს შეადგენს, ამიტომ მათთვის მისაწვდომი გარემოს შექმნა ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და 2014 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ გაეროს შშმ პირთა უფლებების რატიფიცირების შემდეგ, სახელმწიფოს დაევალა ევროპული სტანდარტების შემოღება შშმ პირებისთვის. გაეროს კონვენციის შესრულებას საქართველოში მონიტორინგს უწევს სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭო. “თბილისი თაიმსი” აღნიშნული საბჭოს ერთ-ერთ წევრს, კობა ნადირაძეს პროფესიულ საქმიანობაზე და არსებულ პრობლემებზე ესაუბრა..

რას თვლით თქვენს მთავარ კარიერულ მიღწევად?

– მიღწევებზე საუბარი მაინცდამაინც არ მიყვარს. თუმცა ერთს გავიხსენებ: აგრარულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის ბუმი იყო. ჩემმა მეგობარმაც შექმნა ჰემოფილიისა და დონორობის  ასოციაცია, სადაც გაწევრიანებული ვიყავით ამ დაავადების მქონე ადამიანები, რათა მოგვეგვარებინა ჩვენი პრობლემები. ამ დაავადებას ახასიათებს სისხლის შედედების უნარის დაქვეითება, რაც სისხლდენას იწვევს, ამიტომ საჭიროა მედიკამენტები, რომლებიც სისხლს შედედებაში დაეხმარება. საქართველოში იმ დროს მხოლოდ ერთი ტიპის, ნაკლებად ეფექტური პრეპარატი არსებობდა, თანაც დეფიციტში იყო, ამიტომ საჭირო იყო მაღალეფექტური მედიკამენტის საკმარისი რაოდენობით ევროპიდან შემოტანა. ჩვენმა ორგანიზაციამ შიმშილობის აქციებით და ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის დახმარებით შეძლო, რომ სახელმწიფოს გამოეყო თანხა ამ წამლის შემოსატანად. ეს შეიძლება ჩაითვალოს ერთერთ მთავარ წარმატებად, რაშიც მონაწილეობა მივიღე.

2017 წლიდან ხართ შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრი. კონკრეტულად რას გულისხმობს თქვენი საქმიანობა?

– საბჭოს ფუნქცია ძირითადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით მუშაობის შეფასება და დაკვირვებაა იმაზე, თუ რამდენად ასრულებს სახელმწიფო გაეროს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს. ერთერთი ვალდებულება სწორედ ამ მონიტორინგის ეროვნული მექანიზმის შექმნა იყო. ვინაიდან, ეს ინსტიტუცია უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი მექანიზმი და  ასეთი საქართველოში სახალხო დამცველია, საკონსულტაციო საბჭოც მასთან შეიქმნა.

თქვენი აზრით, როგორ ასრულებს სახელმწიფო შშმ პირთა მიმართ გაეროს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს?

– კონვენცია სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ შექმნას საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც დააკვირდება კონვენციის მიერ დაკისრებულ ვალდებულებების შესრულებასა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციას. ანგარიშვალდებული კი იქნება შესაბამისი კომიტეტის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ რატიფიცირების ხელშეკრულებიდან უკვე 4 წელი გავიდა, ეს მექანიზმი ჯერ კიდევ არ შექმნილა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვარღვევთ საერთაშორისო ხელშეკრულებას.

ასევე, არ შეცვლილა მოძველებული მეთოდი შშმ პირებისთვის ჯგუფების მინიჭებასთან დაკავშირებით. ფუნქციონირებს ისევ 3 ჯგუფად დაყოფის სისტემა, რომელსაც მხოლოდ სახელი შეეცვალა და არსებითად იგივე მახასიათებლების დარჩა. კონვენცია სახელმწიფოს ავალდებულებს გამოიყენოს ბიოფსიქოსოციალური ინდიკატორები, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ადამიანის არამხოლოდ სამედიცინო დიაგნოზი, არამედ ფსიქოლოგიური და სოციალურიც.

პრობლემაა ისიც, რომ სახელმწიფო  სახელმწიფო არ ახდენს შესაბამისი მონაცემების შეგროვებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით. მაგალითად, უცნობია რამდენ ადამიანს სჭირდება ეტლი.

2018 წლის ბოლოს კონვენცია განიხილავს ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში ამ კუთხით მიმდინარე პროცესებს, რის მიმართაც ძალიან ცუდი მოლოდინები გვაქვს, რადგან ბევრ ვალდებულებას არ ვასრულებთ და გვაქვს უამრავი დარღვევა.  

საქართველოში რომელ მთავარ პრობლემებს გამოყოფდით შშმ პირებთან მიმართებით? 

მთავარი პრობლემები, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა, შეიძლება დავყოთ სამ ნაწილად: ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა, კანონმდებლობა და ადამიანების დამოკიდებულება .

პირველ რიგში, აუცილებელია გავმიჯნოთ ადაპტირებული და მისაწვდომი გარემო, რომელსაც ხშირად ერთმანეთში ურევენ.

ადაპტირება ნიშნავს ისეთი გარემოს მორგებას შშმ პირებისთვის, რომლის შექმნის დროსაც არ გაითვალისწინეს ყველა ადამიანისთვის გარემოს მისაწვდომობა. მაგალითად, შენობა, რომელიც ააშენეს ისე, რომ არ იზრუნეს შშმ პირებისთვის მის გამოყენებაზე. ამ შემთხვევაში ხდება მისი ადაპტირება.

მისაწვდომია გარემო, როდესაც ნებისმიერ შენობას, კულტურულ ძეგლს, ან სხვა ინფრასტრუქტურულ ნაწილს ვაწყობთ ისე, რომ ის იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის კომფორტული, უსაფრთხო და არ საჭიროებდეს არანაირ ადაპტირებას.

კანონმდებლობის პრობლემა გულისხმობს იმას, რომ ერთი მხრივ, მივიღოთ  კონვენციასთან ჰარმონიზებული კანონები და მეორე მხრივ, ისინი მხოლოდ ფურცლებზე არ დავტოვოთ და შევქმნათ მათი აღსრულების ეფექტური მექანიზმები. მაგალითად, არსებობს კანონი, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს ნებისმიერი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე შშმ პირი უზრუნველყოს მხარდამჭერით, რომელიც დაეხმარება სხვადასხვა საქმიანობის შესრულებაში ან გადაწყვეტილების მიღებაში, იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ მასზე ზეწოლა ან რაიმე სახის ზემოქმედება. ეს კანონი არსებობს, თუმცა მასზე ინფორმაცია თითქმის არ აქვთ მოსამართლეებსა და ადვოკატებს, შესაბამისად, პრაქტიკაში რეალიზების დონეც დაბალია.

სტიგმები პრობლემის ის ტიპია, რომელიც მსოფლიოში ჯერ კიდევ მწვავედ დგას. აქ იგულისხმება ადამიანების არასწორი, სტერეოტიპული შეხედულებები, რომლებიც სხვადასხვა ქმედებაშიც ვლინდება და დიდ პრობლემებს უქმნის შშმ პირებს. პრობლემა ძირითადად გამოიხატება ადამიანების ინტეგრაციის გართულებაში, დასაქმების პრობლემებში და ა.შ.

თქვენ ხშირად აღნიშნავთ , რომ ,,შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს“, გაგვიმარტეთ, რას გულისხმობთ ამ ფრაზაში.

– 14 ივნისს, შშმ პირთა დაცვის დღეს მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა სლოგანი ,,შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს”. გასაგებია, რომ ამით მოუწოდებენ შშმ პირებს, რომ მონდომებით ყველაფერს შეძლებენ. ცხადია, მასზე ბევრია დამოკიდებული, მაგრამ როდესაც არ არსებობს შესაბამისი გარემო, მხოლოდ მონდომებით რამის გაკეთება რთულია. ამ პირობებში იმის თქმა, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, ფაქტობრივად, გულისხმობს იმას, რომ გარემო აბსოლუტურად მისაწვდომია ყველასთვის, არ არსებობს სტიგმები და სტერეოტიპები, კანონმდებლობა კი სრულყოფილია. რა თქმა უნდა, ასე არ არის და გამოდის, რომ ვინც ამ ფრაზებს ამბობს, უბრალოდ პასუხისმგებლობისგან ირიდებს თავიდან.

რას გეგმავთ და რა პოზიტიურ ცვლილებებს ელოდებით მომავალში?

– ამ ეტაპზე ველოდები კონვენციის განხილვას. ასევე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია შშმ პირთა აქტივიზმის გაძლიერება, რის გარეშეც წარმოუდგენელი იქნება წინსვლა. კონვენციის რეკომენდაციაც არის რომ შშმ პირები იყვნენ მაქსიმალურად ჩართულები სახელმწიფო სხვადასხვა დონეზე საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების პროცესში. ველოდებით საკოორდინაციო მექანიზმის შექმნასაც და სახელმწიფოს უფრო ეფექტურ მუშაობას.

აკაკი ალაგარდაშვილი

(Visited 95 times, 1 visits today)

კომენტარები