„პოეზია ჩემთვის არის გრძნობები, რომელსაც ან  ვერ უმხელ ვინმეს ან იმ მომენტში არ გყავს გვერდით, რომ გაუმხილო და ამას უბრალოდ წერ ფურცელზე… ვწერ იმას, რასაც ვგრძნობ.“ – ეს სიტყვები ჩემს რესპონდენტს, ლაშა უჩავას ეკუთვნის, რომელიც გაგიკვირდებათ და არა პოეტი, არამედ პროფესიით ენდოკრინოლოგია. „სტრიქონებს“ კი მხოლოდ სოციალურ ქსელში წერს.

ამბობს, რომ ენდოკრინოლოგობა სამედიცინოზე სწავლის დროს, ამ საგნის გავლის შემდეგ გადაწყვიტა. 

პაციენტებთან ურთიერთობა ლაშასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გვეუბნება, რომ ექიმი და პაციენტი მეგობრები უნდა იყვნენ სასურველი შედეგის მისაღწევად. სწორედ ამიტომ არ ატარებს თეთრ ხალათს, რომელზეც ფიქრობს, რომ ურთიერთობაში მაინც დაბრკოლებაა…

 „თბილისი თაიმსი“ ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას გულახდილ და საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.

მოგვიყევი თქვენზე… რატომ გადაწყვიტეთ ენდოკრინოლოგობა?

– ენდოკრინოლოგობა სტუდენტობის პერიოდში გადავწყვიტე. როდესაც სამედიცინოზე ჩავაბარე, უფრო ქირურგიისკენ ვიხრებოდი და ამ სპეციალობაზე არ მიფიქრია. ერთ-ერთი დისციპლინა, საგანი იყო ენდოკრინოლოგია და ქალბატონ ელენე გიორგაძისგან მივიღე შემოთავაზება, რომ დავრჩენილიყავი ამ სფეროში. შემდეგ, ნელ-ნელა შევყევი, მომეწონა, დამაინტერესა და  ამან გამოიწვია ჩემი ენდიკრინოლოგიისადმი სიყვარული.

რამდენად იმატა საქართველოში ენდოკრინოლოგიურმა დაავადებებმა და როგორ ფიქრობთ, რატომ? აქვე საინტერესოა, თქვენი სტატისტიკით, ჭარბი წონა მამაკაცებს უფრო აწუხებთ თუ ქალბატონებს?

ენდოკრინოლოგიურმა დაავადებებმა ზოგადად მსოფლიოში იმატა, სამწუხაროდ, სხვადასხვა ეკოლოგიური მდგომარეობიდან და საკვები პროდუქტებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, მათ შორის არც საქართველოა გამონაკლისი. ჩვენს ქვეყანაშიც მკვეთრად არის გავრცელებული ერთ-ერთი დაავადება, რომელსაც შეიძლება ეპიდემიაც ვუწოდოთ, სიმსუქნე. სიმსუქნე უკვე ბავშვების ასაკშიც ხშირია. მას მოსდევს გართულებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და ა.შ. ამ ყველაფერზე, სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს. მათ შორის, ამ დაავადებების განვითარებაში ძირითადი მნიშვნელობა და როლი კვებას უკავია და ჩვენ თუ კვებას ვაწესრიგებთ, ენდოკრინული დაავადებების გარკვეულ პრევენციას ვახდენთ. მაგრამ, მხოლოდ კვება არ არის – მოქმედებს ასევე ეკოლოგიური ფაქტორები, რადიაციული სხივები… ეს ყველაფერი განსაკუთრებით გავლენას ახდენს ფარისებრ ჯირკვალზე, რაც ასევე ხშირია და ბავშვთა ასაკშიც უკვე აღინიშნება ისეთი იშვიათი დაავადებები (წარსულში იშვიათი), როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი ჩიყვი, ასევე ტოქსიკური ჩიყვი. ეს კი შეიძლება ითქვას, რომ საგანგაშოა, თუმცა გარკვეული პროფილაქტიკური გასინჯვებით სკოლებსა თუ სხვადასხვა რეგიონებში, ვცდილობთ, რომ ადრეულ ეტაპზე იყოს ეს ყველაფერი აღმოფხვრილი.

საქართველოში ქალბატონები უფრო არიან ჭარბი წონითა და სიმსუქნით დაავადებულები, ვიდრე მამაკაცები. პროცენტები, დაახლოებით, 45-55%-ზე ნაწილდება. ანუ,  55% – ქალები, ხოლო 45%- მამაკაცები. ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი შეიძლება იყოს ის, რომ ფიზიკური აქტივობა და სამუშაო პროცესი ჩვენს ქვეყანაში მამაკაცებს უფრო დატვირთული აქვთ, ვიდრე ქალბატონებს, რომლებიც ძირითადად დიასახლისები არიან. სამწუხაროა, რომ ეს პრობლემა  უკვე ბავშვებშიც აქტიურია.

ვიტამინები და მინერალები ორგანიზმს განსაკუთრებით გაზაფხულზე სჭირდება. რომელი საკვები დაგვეხმარება მათ შევსებაში? რას ფიქრობთ პოპულარულ გასახდომ პროგრამებსა და ნაყენების საშუალებით წონაში კლების მეთოდებზე?

– ვიტამინები და მინერალები განსაკუთრებული კომპონენტებია ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებისთვის. ორგანიზმი მის დეფიციტს გაზაფხულზე ნამდვილად განიცდის, ვინაიდან ზამთრის პერიოდის გადალახვა უჭირს. თუმცა, ეს შეიძლება მე-20 საუკუნის დასაწყისში ან შუა პერიოდში იყო. დღეს ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმდენად გამოფიტულია ჩვენი საკვები პროდუქტები, რომ არა მხოლოდ გაზაფხულზე, არამედ ყველა სეზონზე გვჭირდება ვიტამინებისა და მინერალების დამატება.  ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გაზაფხულის სეზონს ეხება. ამ პერიოდში უნდა ვიკვებოთ იმით, რაც არსებულ ბაზარზე გვაქვს (იმ ხილით და ბოსტნეულით), რათა შევავსოთ ჩვენი ორგანიზმი ამ ვიტამინებითა და მინერალებით იმისთვის, რომ იმუნური სისტემის სტატუსიც იყოს აბსოლუტურად გამართული. დღეს ჩვენი საკვები პროდუქტებიდან გამომდინარე, ამ ვიტამინებისა და მინერალების მიცემა გვიწევს როგორც საკვები დანამატი. თუმცა, რა თქმა უნდა, პროფილაქტიკის მიზნით, ხელაღებით იმის თქმა, რომ უნდა დალიონ ეს დანამატები, არ შეიძლება. თითოეული მათგანის მიღებას გარკვეული ზომიერება აქვს და არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც ვიტამინებისა და მინერალების გამოყენება არ შეიძლება. ამიტომ, თუ ჩვენ ვსაუბრებთ სამედიცინო კულტურაზე, მაშინ, როცა ექვს თვეში ერთხელ პაციენტმა პროფილაქტიკური გასინჯვები უნდა გაიაროს ექიმთან, გაზაფხულის სეზონზე რეკომენდებულია ვიტამინები და მინერალები მივიღოთ როგორც საკვები დანამატები, ჯანსაღ პროდუქტებთან ერთად.

რაც შეეხება პროგრამებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შიმშილს ითვალისწინებს და არა სწორ კვებას, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის მიუღებელია, რადგან ამ დროს ორგანიზმის სრული გამოფიტვა ხდება და შესაძლებელია გარკვეული დაავადებების პროვოცირება ან გამოწვევა მოხდეს. იგივე შემიძლია ვთქვა სხვადასხვა ტიპის ნაყენებზე. ხშირ შემთხვევაში არ ვიცით ამ ნაყენების შემადგენლობა, რომელიც შეიძლება ჩვენი ორგანიზმისთვის ზიანის მომტანი იყოს და უბრალოდ თვალდახუჭული ვიჯერებთ ამა თუ იმ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დავიცვათ სწორი კვების პრინციპები – ანუ კვება იყოს დღის განმავლობაში ჯერადი, შევსებული ყველა იმ საყუათო ნივთიერებებით, როგორიცაა ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, მინერალები, ვიტამინები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს წყალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის (ვგულისხმობ, სუფთა წყალს) და რა თქმა უნდა, ჯანსაღ კვებასთან ერთად აუცილებელია ფიზიკური აქტივობაც.

ერთ-ერთი წარმატებული ენდოკრინოლოგი ხართ. ბევრი ცნობილი ადამიანია თქვენი პაციენტი, რომლებიც რეკომენდაციას გიწევენ. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პაციენტებთან ურთიერთობა და მეგობრული დამოკიდებულება? პრინციპები თუ გაქვთ  ჩამოყალიბებული, რომლის მიხედვითაც მუშაობთ?

პაციენტებთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ალბათ, ზოგადად სამედიცინო სფეროში. ზოგჯერ უბრალოდ საუბარი ან რჩევის მიცემა საკმარისია პაციენტისთვის, რომ მისი მეტ-ნაკლებად გამოჯანმრთელება მოხდეს. რა თქმა უნდა, პაციენტებთან მიდგომა მნიშვნელოვანია ასევე იმ კუთხითაც, რომ შენ მიერ მიცემული რჩევები უნდა გაითვალისწინონ, დაგიჯერონ და მოგენდონ. ზოგადად ენდოკრინოლოგია რთული პროფესიაა – ყველა ენდოკრინული დაავადება ქრონიკული პრობლემაა. ანუ, მისი მორჩენა არ ხდება, მისი მართვა უნდა ვიწავლოთ. ამ მართვის პროცესებში ექიმი და პაციენტი უნდა იყვნენ მეგობრები იმისთვის, რომ საბოლოოდ  სასურველი, დადებითი შედეგი მიიღონ. მეგობრობა რიგ შემთხვევებში ხელს უშლის პაციენტისა და ექიმის ურთიერთობას. მეგობარი არ შეიძლება იყოს პაციენტი, რადგან ის ისეთი ყურადღებით არ იღებს შენს მითითებებსა და რჩევებს. თუმცა, პაციენტი შეიძლება გახდეს შენი მეგობარი.

რაც შეეხება პრინციპებს, შეიძლება ის გამოვყო, რომ თუ ვხედავ  პაციენტი არ ასრულებს მითითებებს, მე მასთან მუშაობას არ ვაგრძელებ. ეს ჩემი ერთ-ერთი პრინციპია. მეორე, შეიძლება იყოს ის, რომ ხალათს არ ვატარებ. ვფიქრობ, ურთიერთობებში თეთრი ხალათი მაინც დაბრკოლებაა. მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ პაციენტი ჩვენი მეგობარი უნდა გახდეს, შესაძლებელია ამ ხალათმა, ფსიქოლოგიური მომენტის გათვალისწინებით, ზეგავლენა მოახდინოს ურთიერთობებზე. ამიტომ, ხალათს არ ვატარებ და ხშირ შემთხვევაში ეს უკვირთ. ასევე, თამბაქოს მომხმარებელი ვარ და არასდროს „მაგიდაზე ხელის დარტყმით“ არ ვუკრძალავ პაციენტს მის მოხმარებას. ჩვენ უბრალოდ გავდივართ საკითხს, რამდენად ცუდი რამ შეიძლება გამოიწვიოს მისმა მოხმარებამ სხვადასხვა ორგანოთა სისტემებზე და გადაწყვეტილებას შემდეგ ერთად ვიღებთ. ანუ, მისი ნებაა დაანებებს თავს თამბაქოს მოწევას თუ არა. საქართველო ნამდვილად პატარა ქვეყანაა და მაშინ, როცა მე ვუკრძალავ პაციენტს თამბაქოს მოხმარებას და ის დამინახავს როგორ ვეწევი, შესაბამისად, ნდობა ჩემსა და მის მიმართ გაწყდება. სხვა განსაკუთრებული პრინციპი ჩემს მუშაობაში არ მაქვს. პრინციპულობა შეიძლება გამოვიყენო პაციენტთან ერთად შედეგის მიღწევაში.

თქვენ რამდენად ხართ გურმანი, და თუ უწესებთ საკუთარ თავს აკრძალვებს წონის დასარეგულირებლად?

– გურმანი ვარ და თვითონაც მიყვარს კერძების მომზადება. ჩემს მეგობრებსაც მოსწონთ და ვფიქრობ, კარგად ვამზადებ. მიყვარს გემრიელი საჭმელები. წესები არსებობს, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, უნდა დაირღვას და მე ამ წესებით ვხელმძღვანელობ ჩემთანაც და პაციენტებთანაც. ამიტომ, პაციენტებსაც ვაძლევ საშუალებას, გარკვეული შეზღუდვების მიუხედავად, წესები დაარღვიონ. თუმცა, ეს არ უნდა იყოს პერმანენტული (მუდმივი). ეს შეიძლება იყოს მკურნალობის პერიოდში რამდენჯერმე.

ჩემს თავს პერიოდულად ვუწესებ გარკვეულ შეზღუდვებს, ვინაიდან მეც მქონდა თავის დროზე წონის პრობლემა. ეს იყო 7-8 წლის წინ და დაახლოებით, 26 კილოგრამი დავიკელი. იმის გამო, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ჭარბი წონა და სიმსუქნე არის ქრონიკული პროცესი, მიწევს გარკვეული შეზღუდვები, წესების დაცვა. აქედან გამომდინარე, თამამად ვესაუბრები პაციენტს და ვურჩევ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც დამიცავს და ვიცი, რომ სირთულეს არ წარმოადგენს.

ყველაზე უცნაური პაციენტი, უცნაური მოთხოვნით თუ გყავდათ და რა იყოს ის უცნაურობა?

– სიმსუქნის  პრობლემით ვინც მოდის, შეიძლება ყველა პაციენტი უცნაური იყოს, იმიტომ, რომ მოთხოვნები თითქმის ყველას ერთნაირი აქვს: უნდათ, რომ მიირთვან ყველაფერი შეზღუდვების გარეშე და თან წონაში დაიკლონ. აქედან გამომდინარე, ყველა პაციენტი არა მხოლოდ სიმსუქნით დაავადებული, ასევე დიაბეტით და ა.შ. ინდივიდუალურად უცნაურია, რადგან გარკვეული მოთხოვნები აქვთ. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ ინდივიდუალურად მივუდგეთ პაციენტებს და გავითვალისწინოთ მათი სხვადასხვა მოთხოვნები, ცხოვრების რეჟიმი თუ ა.შ. კონკრეტულ მაგალითს ვერ ვიხსენებ, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ყოველი პაციენტი ინდივიდუალურად უცნაურია.

რამდენადაც ვიცი, ლექსებს წერთ. რა არის თქვენთვის პოეზია, როგორია ის თქვენს აღქმაში? როგორ გგონიათ, ვისთვის იწერება პოეზია? და თქვენ ვისთვის წერთ?

პოეზია ჩემთვის არის გრძნობები, რომელსაც ან  ვერ უმხელ ვინმეს ან იმ მომენტში არ გყავს გვერდით, რომ გაუმხილო და ამას უბრალოდ წერ ფურცელზე. ამ შემთხვევაში, მე ფურცელზე არ ვწერ. ჩემს დაწერილს ლექსს ვერ უწოდებ – უფრო ჩემს გრძნობას, შთაბეჭდილებას თუ ა.შ და მხოლოდ სტატუსების სახით შემოიფარგლება. ხშირ შემთხვევაში, ეს არის ჩემი ემოცია, რომელიც მინდა, რომ სხვებსაც გავანდო. ვწერ იმას, რასაც ვგრძნობ.

სიმართლე გითხრათ, არ ყოფილა კონკრეტული პიროვნება, ვისთვისაც დამიწერია. ეს შეიძლება იყოს მეგობარზე, ბუნებაზე, ჩემს ემოციაზე, სევდაზე, ბედნიერებაზე, ფიქრებზე… კონკრეტული მუზა არ მყავს, რომლისთვისაც შეიძლება ვწერო ან ვწერდე. შეიძლება უბრალოდ ვსეირნობდე ზღვის სანაპიროზე და ტალღების ხმაში დავწერო რამე სტრიქონები ან ფინჯან ყავასთან სახლში მარტო. რეალურად რომ ვთქვა, ამას ჩემთვის ვწერ, მაგრამ, რადგან სოციალურ ქსელში ვაქვეყნებ სტატუსის სახით, ალბათ, მინდა, რომ ჩემი ემოციები, მდგომარეობა და გრძნობები სხვებმაც ნახონ. ამიტომ, ასეთ ინტერპრეტაციას მივცემდი ამ საკითხს – ალბათ, ჩემთვის უფრო ვწერ, მაგრამ მინდა, რომ სხვებმაც გაიგონ. როდესაც მეგობრები მეუბნებიან შენი დაწერილი რამე თქვიო, ზეპირად არ ვიცი არცერთი. ამიტომ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე არ ვკითხულობ სხვებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ამას სხვებისთვის არ ვწერ, ამ კუთხით თუ შევხედავთ. აქედან გამომდინარე, ეს ჩემთვის არის. სტატუსიც ჩემია, პირადია, უბრალოდ ვწერ იმისთვის, რომ გავიხსენო დრო, როცა ეს ემოცია მქონდა.

დამღლელი დღის შემდეგ როგორია თქვენთვის იდიალური განტვირთვა და დასვენება? თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ჩემი იდეალური განტვირთვა არის ფეხით სიარული. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის შემდეგ ნამდვილად დაღლილი ვარ, გონებრივ დაღლილობას ვგულისხმობ, რომელიც ნაწილობრივ ფიზიკურ სისუსტეზეც აისახება, ჩემთვის ყველაზე კარგი განტვირთვა, რელაქსი არის მარტო სიარული ფეხით, თუნდაც ზღვის პირას ან პარკში, იმისთვის, რომ ჩემს თავთან მარტო დავრჩე.

თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ერთან ვატარებ. სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე მუდმივად დროის დეფიციტია. როგორც კი თავისუფალ დროს ვნახულობ, ყოველთვის მეგობრებთან ერთან ვატარებ, სხვადასხვა სიტუაციებში: ბუნებაში, კარაოკეში და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, სადაც არ უნდა ვიყო, თავისუფალ დროს ყოველთვის მათთან ერთად ვატარებ იმისთვის, რომ მე არ დამაკლდნენ ისინი და პირიქით, მათ არ დააკლდეთ ჩემი თავი.

ვინ არიან თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები  და რატომ?

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები მშობლები არიან. მეორე – მშობლებისგან ვერც გამოვყოფ იმდენად დიდი წვლილი აქვთ ჩემს ცხოვრებასა და შემდგომ აღზრდასა და გაზრდაშიესენი არიან ქალბატონი ელენე გიორგაძე და ვასო ჩაჩიბაია, რომელთა კლინიკაშიც ვმუშაობ. ფაქტობრივად, მათი გაზრდილი ვარ პროფესიული თვალსაზრისით. იმდენად დიდ დროს ვატარებდი სამსახურში მათთან ერთად, რომ ზოგჯერ მშობლებს ვერ ვნახულობდი ასე ხშირად. მათი ცხოვრებისეული გამოცდილებები ჩემთვისაც უდიდესი გამოცდილება და გაკვეთილი იყო. ასევე დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში მეგობრებს, რომლებიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელსაც ადამიანში ეძებთ?

– ყველაფერი დადებითი.. მინდა, რომ ადამიანში ყველაფერი დადებითი დავინახო იმის მიუხედავად, რომ მას ჩემთვის ან სხვისთვის ცუდი ჰქონდეს გაკეთებული. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ყოველთვის დადებითი და ბედნიერი იყო, არასდროს უნდა შეხედო სხვებს უარყოფითად.  დადებითი ემოციებით უნდა უყურო, დადებითი თვისებები უნდა აღმოაჩინო მასში, თუნდაც დაეხმარო, რომ დაბლოკოს ის უარყოფითი მდგომარეობა, რასაც თავის თავს ან სხვებს უკეთებს. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანს ვიცნობ, ყოველთვის სიკეთეს ვეძებ მასში. ვფიქრობ, გვერდითაც ასეთი ადამიანები მყავს, რომლებსაც უყვართ სიკეთის კეთება  და დადებითები არიან ჩემს ცხოვრებაში.

როგორია თქვენი გეგმები… რისი გაკეთება გსურთ ახლო მომავალში?

გეგმები ნამდვილად არ მაქვს. ერთი იდეა (გეგმა არ შეიძლება ამას ეწოდოს) არის სამზარეულოს გახსნა, რომელშიც მხოლოდ ჯანსაღი კვება იქნება, ჩემი თუ სხვისი რეცეპტებით. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ იდეის დონეზეა. ბევრი მეგობარი მიდგას გვერდით, თუმცა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს ეს ყველაფერი. ჯერ არ მაქვს დროის კუთხით ის ეტაპი, რომ ამას მივხედო და ხელი მოვკიდო.

ბლიც კითხვები:

საყვარელი მწერალი/პოეტი… ჩემს ცხოვრებაში, ვინც გარკვეული გარდამტეხი მომენტები მოახდინა, ესენი იყვნენ ნიკო ლორთქიფანიძე და გალაკტიონ ტაბიძე. მათმა შემოქმედებამ, გარკვეულწილად, იმოქმედა ჩემი ცხოვრების წარმართვაზე, ადამიანებთან დამოკიდებულებასა და  ცხოვრებაში გარკვეული პრინციპების შექმნაზე.

საყვარელი კერძი… რთულია საყვარელი კერძის დასახელება იმიტომ, რომ ნამდვილად ბევრია, მათ შორის ქართული, რომელსაც უპირატესობას ვანიჭებ… თუ მეგრულს არ ვიტყვი, ალბათ, ჩემი მეგრელები გამინაწყენდებიან და ალბათ, ელარჯი. 

უცნაური ჩვევა… ეს სხვებმა უნდა თქვან. არ ვიცი… ვერ გეტყვით… განსაკუთრებული ჩვევა არ მაქვს.

ყველაზე მეტად მინდა…  არ მინდა, რომ გლობალური გამოვიდეს, მაგრამ მართლა ყველაზე მეტად მინდა ბევრი ბედნიერი სახე როგორც ჩემს ირგვლივ, ასევე ყველგან. უკვე აღვნიშნე, რომ ქუჩაში სეირნობა მიყვარს და მხვდება სახეები, რომელთა უარყოფითი ემოციები და შეგრძნებები შეიძლება, რომ შენც გადმოგედოს. აქედან გამომდინარე, მინდა უფრო მეტი ბედნიერი სახე იყოს საქართველოში, ვიდრე დღესაა.

ნინი მაზიაშვილი

 

(Visited 899 times, 6 visits today)

კომენტარები