ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, გიორგი გიორგანაშვილს, ბრალი დაუმძიმდა. მას 262-ე და 260-ე მუხლებით წაუყენეს ბრალი. ბრალის დამძიმებამდე მასთან მისი უფლებადამცველი იმყოფებოდა.
“ქორიძე და გიორგანაშვილი იყვნენ ბიზნესპარტნიორები, ელექტროსიგარეტების ბიზნესი უნდა დაეწყოთ, ამისთვის კონკრეტული ქმედებები განახორციელეს. ხულორდავასთან მის კავშირზე არაფერი ვიცი. შემოტანაზე სულ იყო პროკურატურის ნარატივი. ხულორდავას საქმე ისევ პროკურატურის მოთხოვნით გამოეყო. ათასობით საქართველოს მოქალაქე იყო იმ დროს თურქეთში. მე პრობლემას ამაში ვერ ვხედავ“,- განაცხადა ადვოკატმა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ კი განაცხადა, რომ გიორგანაშვილს ირაკლი ქორიძესთან ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინეს ბრალი.
ბრალის წარდგენის მომენტში გლდანის ციხეში საქმის პროკურორი არ იმყოფებოდა, იყო მხოლოდ გამომძიებელი. ასევე ცნობილია, რომ დღესვე სასამართლო გიორგანაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
მსახიობი 23 იანვარს, სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს.