დატვირთული გრაფიკისა და ქალაქის გადამღლელი ქაოსისაგან თავის დაღწევის ერთ-ერთი კარგი საშუალება – სუფთა ჰაერი, ულამაზესი ბუნება და თანამედროვე ატრაქციონებია. თბილისში არსებული პარკები საუკეთესო ადგილია გართობისა და დასვენებისთვის. ნელ-ნელა მოდის სეზონი, როდესაც ატრაქციონები და გასართობი პარკები ადგილობრივებისთვის, ტურისტებისთვის უფრო აქტუალური ხდება. რამდენად მომზადებული ხვდება სეზონს თბილისში არსებული ორი ყველაზე მოთხოვნადი პარკი. „თბილსი თაიმსი“ მთაწმინდისა და მუშდაიდის პარკის წარმოამდგენლებს ესაუბრა.
მუშტაიდის პარკის მენეჯერი, ირაკლი ბითაძე: „ჩვენ ვმუშაობთ მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად. გვაქვს ატრაქციონები, სასცენო ღონიზძიებები და საბავშვო რკინიგზა. ატრაქციონების განახლება ხდება მუდმივად. რა თქმა უნდა, ახლაც ბევრი სიახლე გვაქვს. წელს საგაზაფხულოდ შევიძინეთ და დავამონტაჟეთ ძალიან ბევრი ახალი გასართობი: მფრინავი მანქანა, ახალი მოტოციკლები, სკუტერები, ახალი რობოტები და რობოდრომები, 7D კინოთეატრის ახალი ფილმები, ახალი გაუმჯობესებული სათვალეები, 6 ახალი წყლის ნავი, 5 ახალი მოძრავი მონიტორიანი საქანელა, ბატუტი, გასაბერი დიდი ზომის ქალაქი, 2 საბავშვო ექსკავატორი, უფასო საბავშვო გასართობი მოედანის ახალი რეზინის საფარი, ახალი საყვავილეები და 50-მდე ახალი ხე ნერგები.
ჩვენთან ატრაქციონებს მუდმივად უტარდება შემოწმება, დღიური, თვიური კომპლექსური და შესაბამისი ლიცენზირებული, კომპეტენტური კონტროლის ორგანიზაციის მონიტორინგი. კონტროლის შედეგად იდება დასკვნა და გაიცემა ლიცენზია ექსპლოატაციისთვის მზაობის შესახებ.“
მთაწმინდის პარკის მენეჯერი, ეთო გიგიაძე: „პარკში აქტიური სეზონი იხსნება აპრილის ბოლოს, რადგანაც პარკის აქტიურად მუშაობა დამოკიდებულია თბილ ამინდზე. სიახლე ისაა, რომ ატრაქციონი გიგანტური ბორბალი სეზონის გახსნას განახლებული სახით შეხვდება.
ატრაქციონების კონსტრუქციები სრულიად გამართულია. მათ უსაფრთხოების მხრივ ყოველწლიურად უტარდება ტექნიკური შემოწმება როგორც ევროპული, ისე ქართული აკრედიტირებული კომპანიისგან. ხოლო ადგილობრივ დონეზე, ყოველ დილით პარკის გახსნამდე ატრაქციონების შემოწმებაზე მთაწმინდის პარკის ტექნიკური ჯგუფი ზრუნავს. ამ ეტაპზე შეიცვალა მხოლოდ ფუნიკულიორის ფასი და ის 1 აპრილიდან 2,5 ლარის ნაცვლად 3 ლარი გახდა. ფასების სხვა ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება.“
მარიამ ხუციშვილი