გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსი მარტში გაიზარდა. ამის მიზეზი ხორბლისა და სიმინდის ფასების მყარი ზრდაა.
როგორც “თბილისი თაიმსს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მარტის ინდექსმა 172.8 პუნქტი შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებელს 1.1%-ით, ხოლო გასულის წლის შესაბამის პერიოდის ინდექსს 0.7 %-ით აღემატება.
FAO-ს შეფასებით, 2017 წელს მარცვლეულის მსოფლიო წარმოების მოცულობა სარეკორდო იყო და 2 646 მლნ, ტონა შეადგინა (33 მლნ ტონით მეტი 2016 წელთან შედარებით). თუმცა, წინასწარი შეფასებებით, მიმდინარე წელს მოსალოდნელია ხორბლისა და სიმინდის წარმოების შემცირება.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, მარცვლეულის ფასების ინდექსი ზრდას განაგრძობს. მარტის მაჩვენებელი თებერვალთან შედარებით 2,7%-ით მაღალია, ხოლო გასული წლის შესაბამის პერიოდს 12,1 %-ით აღემატება.
რძის პროდუქტების ფასების ინდექსი მარტში 3,3%-ით გაიზარდა. შაქრის ფასების ინდექსი მარტში 3,4%-ით შემცირდა და 27,5%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.