თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
თბილისის მერიის ცნობით, 14 აპრილს, დედაენის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაენის ბაღში 12:00 საათიდან გაიმართება.
“ხვალ, 12:00-დან 21:00 საათამდე ყველას ველოდებით დედაენის ბაღში, სადაც მოეწყობა სხვადასხვა სივრცე, ასევე, იგეგმება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები ენის დღესთან დაკავშირებით. მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა, პარალელურ რეჟიმში გაიმართება წიგნების პრეზენტაციები, რომელთა ავტორები ამონარიდებს წაიკითხავენ საკუთარი წიგნებიდან. ასევე, ხვალ ნებისმიერ მსურველს შეეძლება, საკუთარი ხელით დაამზადოს ქართული ასოები, მოხატოს 1920 წელს გამოცემული დედაენა, რამდენიმე გვერდი დაბეჭდოს და სამახსოვროდ წაიღოს. ზუსტად 19:00 საათზე კი დაიწყება დათო ევგენიძის კონცერტი „ანიდან ჰოემდე“, რომელიც დედაენის დღეს ეძღვნება“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
მისივე თქმით, დედაენის ძეგლთან, ასევე, გაიმართება თბილისის შანიძის სახელობის ხელოვნების სკოლის სიმებიან საკრავთა ორკესტრის კონცერტი და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის პერფორმანსი.
თბილისის მერიის ცნობით, „დედა ენის“ ბაღში განთავსდება იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივიდან „დედა ენის“ სტამბური კლიშეები და ამ სახელმძღვანელოსთვის შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ორიგინალი სამუშაო ვერსიები, ასევე, „დედა ენის“ შესახებ რეცენზიები და სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შექმნილი „დედაენა“.