„ლაზეთი“ ქალის ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. კომპანია მხოლოდ ქალის ტანსაცმელს კერავს და ყიდის, თუმცა რამდენიმე თვის წინ  ბავშვთა სამოსი საცდელად გამოიტანეს გაყიდვაში. როგორც  „თბილისი თაიმსს“ კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩარგეიშვილმა განუცხადა, სამომავლოდ არ არის გამორიცხული, რომ ეს ხაზი ცალკე დაამატონ.

იყო მოთხოვნა ბავშვის სამოსზე. მარტიდან გასაყიდად ახალი კოლექცია გავიტანეთ, სადაც საცდელად ბავშვის რამდენიმე სამოსიც მოხვდა. გვაინტერესებს, მომხმარებელი როგორ მიიღებს და შემდეგში ამ მიმართულებით უფრო აქტიურად ვიმუშავებთ. თუ საჭიროება და მოთხოვნა იქნება, საბავშო ხაზს ცალკე დავამატებთ. რაც შეეხება მამაკაცის ტანსაცმელს, ამას სხვა რესურსი და ძალისხმევა სჭირდება. მამაკაცის სამოსის გამოშვებაზე საუბარი ჯერ ადრეა“,

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე კომპანია რაიმე ცვლილებას არ გეგმავს, რადგან ბაზრის მაქსიმალურად ათვისებას ცდილობს.

ამ ეტაპზე გაფართოებას, ახალი მაღაზიების გახსნას და ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ამის საჭიროებაც არის და მოთხოვნაც, თუმცა ჯერჯერობით ამის რესურსი არ გაგვაჩნია.  ძირითადად სეზონური კოლექციის შეკერვაგაყიდვაზე ვართ ორიენტირებულნი. თავიდან მოლოდინი მეტი იყო, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ჩვენ უცნობი კომპანია ვიყავით და სახელის მოპოვებას დრო სჭირდება. ერთგული მომხმარებლის ფონზე, გაყიდვებიც შედარებით გაიზარდა.

ამ ეტაპზე კომპანიას პროდუქცია ექსპორტზე არ გააქვს. კომპანია „ლაზეთი“  ქართული ბაზრის ათვისებაზეა ორიენტირებული.

სამომავლოდ აუცილებლად გავიტანთ პროდუქციას ექსპორტზე. კარგი იქნებოდა ევროპის ბაზრებზე გასვლა, მაგრამ ეს შორი გზაა. ინფორმაციის მოძიება, ბაზრის შესწავლა დროსა და დიდ თანხებს მოითხოვს. იმ ბაზრებს შევარჩევთ, რაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება, მათ შორის ეს შეიძლება იყოს უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი.“

ქართული კომპანია „ლაზეთი“,  2012 წელს შეიქმნა. საფეიქრო „ლაზეთი“ გაყიდვების ბაზარზე აქტიურად 2016 წელს გამოჩნდა და სექტემბერში „თბილისი მოლში“ გაიხსნა. რაც შეეხება პროდუქციას, „ლაზეთს“ ქსოვილები თურქეთიდან შემოაქვს და ქალის სამოსის 30-მდე დასახელებას კერავს.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები