საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით 555-მა დევნილმა ოჯახმა მიმართა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა და შესაბამისი სია გამოაქვეყნა. 

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო განახორციელებს დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების კორექტირებას. კორექტირებული სია კი  სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

მონიტორინგის განყოფილება გადაამოწმებს მინიჭებულ ქულებს, რის შემდეგაც განაცხადები გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. კომისიის მუშაობის პროცესში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები.

ლტოლვილთა სამინისტრო იპოთეკურ სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2018 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ სახლი/ბინა და ეს წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ საკუთრებას.

(Visited 108 times, 1 visits today)

კომენტარები