თუ ოდესმე შეგინიშნავთ მსგავსება თქვენსა და ოჯახის წევრს, ან ნათესავს შორის, ეს თქვენი გენეტიკის შედეგია. ადამიანის გენეტიკა მოიცავს ყველაფერს, რაც ადამიანს, როგორც მემკვიდრეობის მქონე ინდივიდს, უკავშირდება. უფრო კონკრეტულად: ჩვენს ორგანიზმს, გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, სიძლიერეს, ხასიათს, მრავალ დაავადებას და სხვა მახასიათებლებს გარკვეულწილად ჩვენი გენები განაპირობებს. 

ამჟამად გენური ინჟინერია განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ აქტუალურია. მას  დაავადებების პროგნოზირებისთვის, მკურნალობისთვისა და მათი პრევენციისთვის იყენებენ. საქართველოში ეს სფერო, მიუხედავად მისი არაპოპულარობისა, მაინც ვითარდება და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევს. ამ თემაზე The Tbilisi Times-ს გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრის გამგე თეიმურაზ ლეჟავა ესაუბრა.

ბატონო თეიმურაზ, მოგვიყევით თქვენს შესახებ. როგორ დაიწყეთ მოღვაწეობა გენეტიკაში და როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?

– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, რა დროსაც გენეტიკა პოპულარული არ იყო და საერთოდ, კლასიკური გენეტიკა აკრძალული იყო, რეაქციულ მიმდინარეობად ითვლებოდა. ასპირანტურა დავიწყე ჟორდანიას სახელობის ქალის ფიზიოლოგიური პათოლოგიის ინსტიტუში. სწორედ იქ გავეცანი ერთერთი მეცნიერის, ვილგოვსკაიას შრომას ქრომოსომების თაობაზე, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და გადავწყვიტე ამ მეცნიერთან ჩასვლა მოსკოვში. მივედი მასთან და ამიყვანა ასპირანტად საბჭოთა კავშირში ერთადერთ გენეტიკურ ლაბორატორიაში. ძალიან დიდი გამოცდილება მომცა იქ მუშაობამ. შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და სამეცნიერო ინსტიტუში გავხსენი პირველი გენეტიკის ლაბორატორია, რაც დიდი წარმატება იყო ჩემთვის. 1975 წელს გადმოვედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამირჩიეს კათედრის გამგედ, რაშიც დიდი როლი ითამაშა ნიკო კეცხოველის და იმჟამინდელი პრორექტორის, გურამ ჭილაშვილის მხარდაჭერამ.

კათედრაზე მუშაობის ძირითადი ობიექტი იყო სიმინდი, მე შევცვალე თემატიკა და გადავიყვანე ადამიანზე. ჩვენ ვიკვლევდით სხვადასხვა პათოლოგიას, მათ შორის ავთვისებიან სიმსივნეს . მას შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობ.

სტუდენტობის პერიოდიდან (1963 წლიდან) დღემდე ადამიანის გენეტიკას იკვლევთ.  მრავალი წიგნი, სამეცნიერო ნაშრომი თუ პუბლიკაცია გაქვთ დაწერილი. ცხადია, ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, გაირკვა და განვითარდა ამ სფეროში. თქვენი აზრით,  რა იყო ყველაზე დიდი აღმოჩენა თქვენი მუშაობის პერიოდში, რაც გენურ ინჟინერიაში მოხდა?

– პირველი, რა თქმა უნდა, დნმ-ის სტრუქტურის ქიმიზმის დადგენა იყო. გამოიკვლიეს, რომ თურმე არსებობს დნმ, რომელიც შეიცავს ფუნქციის ერთეულებს, ანუ გენებს.

მეორე არის გენების სეკვენირება, ანუ გაშიფვრა-გაირკვა, თუ, ზოგადად, რა არის გენი, სად არის მოთავსებული, რომელი გენი რის ფუნქციონირებას განაპირობებს და ა.შ.  ამან ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა გენურ ინჟინერიაში.

თქვენი აზრით, როგორი მდგომარეობაა უნივერსიტეტებში მეცნიერებული მუშაობის თვალსაზრისით და რა ძირითადი პრობლემების წინაშე დგას ის?

– ყველაზე დიდი პრობლემა დაფინანსების ნაკლებობაა, რის გამოც, მაგალითად, ჩვენს დარგში, ძალიან ბევრი რამ გვაკლია. ადრე 25 აკადემიური თანამშრომელი მყავდა, ახლა 3 მყავს, რაც ძალიან ცუდია. მიუხედავად ამისა, ჩვენ საზღვარგარეთის წამყვან ჟურნალებში ვბეჭდავთ სხვადასხვა ნამუშევრებს. ამით ძალიან გამორჩეულია ჩვენი განხრა.

დღესდღეობით, აუცილებელია პერსონალიზირებული მედიცინის დანერგვა, რაც გულისხმობს თითოეული ადამიანის გენების გაშიფვრას. გარდა ამისა, აუცილებელია გენომური პასპორტიზაცია, ანუ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თავისი დნმ-ის შესახებ. ასევე, საჭიროა დაავადებათა გენოტიპური პასპორტი, რაც მიუთითებს თუ რა დაავადებები გაქვს, ან შეიძლება გაგვიჩნდეს, რა განწყობა აქვს ორგანიზმს მათ მიმართ და ა.შ. ეს ყველაფერი ამარტივებს მკურნალობის, დაავადებების აღმოჩენის და დაკვირვების პროცესს.

თანამედროვე მედიცინაში ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ შემოსულა. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ფინანსების არქონის და გენეტიკის არაპოპულარობის გამო, ვერ ხერხდება.

თქვენს წიგნში ,,გენეტიკა და ჩვენ” საუბრობთ გენეტიკასა და სულიერებაზე. როგორ ფიქრობთ,  რა კავშირია მათ შორის?

– ვფიქრობ, ყველაფერი დაგეგმილია. დედამიწა რომ შეიქმნა, ეს დაგეგმილი იყო მზის, ტემპერატურის მიმართ. ამ ყველაფერს ვიღაც ქმნის, ვიღაც ,,არქიტექტორი”. სწორედ ამ ,,არქიტექტორზეა” დაფუძნებული ღმერთის რწმენა. მე მგონია, რომ ადამიანი იბადება სიკეთის საკეთებლად. სულ ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, რომ როცა დაამთავრებენ უნივერსიტეტს და გახდებიან ამ რთული ცხოვრების მონაწილეები, უნდა გააჩნდეთ სამი რამ: პირველი, ტაქტი- ყოველთვის იყვნენ თავმდაბლები. მეორე, უნდა ისწავლონ ძალიან ბევრი მთელი ცხოვრების განმავლობაში. მესამე, უნდა იყვნენ წესიერები, ეს ნიშნავს იმას, რომ არასდროს ტყუილი არ იკადრონ, რათა ყველასთვის სამაგალითოები გახდნენ.

თქვენი აზრით, ადამიანის პიროვნულ განვითარებაში გენეტიკას უფრო დიდი როლი აქვს თუ გარემო პირობებს?

– ჩემი აზრით, მემკვიდრეობა გადამწყვეტია. სუსტი მემკვიდრეობის მქონე ადამიანას რამდენიც არ უნდა ასწავლო და შეუქმნა გარემო პირობები, იმდენად ვერ განვითარდება, რამდენადაც გენიოსი.

ვასწავლიდი ბევრი ეროვნების ადამიანს და ვფიქრობ, ქართველებს გამორჩეული შესაძლებლობები გაგვაჩნია. ძალიან კარგი ათვისების და ანალიზის უნარი გვაქვს. აუცილებლად სჭირდება ქართველ ახალგაზრდებს ხელშეწყობა და შედეგი იქნება ბრწყინვალე. გენეტიკა და ზოგადად, მეცნიერება უნდა განვითარდეს, რადგან ის პირდაპირ განაპირობებს პროგრესს და წინსვლას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ აქცევენ მას დიდ ყურადღებას, ამის გარეშე კი ვერაფერი ვერ შეიცვლება.

თქვენი პროფესია გამოგიყენებიათ თქვენივე გენეტიკის ან დნმ-ის საკვლევად?

– გაშიფრული გენომი ჯერჯერობით არა, მაგრამ ჩემს უჯრედში არსებული ქრომოსომები ნანახი მაქვს. აი, ყველა თუ ნახავს, ისეთი გრძნობაა, როგორიც არ მეორდება. ფაქტობრივად, შენი მემკვიდრეობითი სტრუქტურების ნახვის საშუალება გეძლევა.

დატვირთული გრაფიკის გამო,  რამდენად გრჩებათ დრო ოჯახის წევრებისთვის?

– ყველა ძალიან დაკავებულები ვართ, მაგრამ მაინც ვახერხებთ ერთმანეთისთვის დროის დათმობას.
ჩემი ოჯახი, პირდაპირ ვიტყვი, ერთერთი გამორჩეული ოჯახია. ჩემი მეუღლე საკმაოდ ცნობილი ქალბატონი, მხატვრული ტანვარჯიშის ქართული სკოლის დამფუძნებელი ნელი სალაძეა. ჩვენი ვაჟი ჩემს პროფესიას გაჰყვა, ის ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტია მოლეკულურ გენეტიკაში, რომელიც უკვე აქვეყნებს ნაშრომებს სხვადასხვა უცხოურ, პრესტიჟულ ჟურნალებში. მყავს ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ქალიშვილი, შვილიშვლებიც და, ერთი სიტყვით, შეხმატკბილებული ოჯახია.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმა და მიზანი?

გეგმები საკმაოდ ბევრი მაქვს. პირველ რიგში, მინდა, რომ გენეტიკის მიმართულების სტუდენტები დასაქმდნენ და გენეტიკის ინსტიტუტი აღორძინდეს. იმედია მოვესწრები ამას.

ასევე, მინდა ერთერთი პროექტის დამთავრება. გვქონდა კვლევა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა გარკვეული მოქმედებით შევაჩეროთ ავთვისებიანი სიმსივნის ზრდა მკერდის კიბოს მაგალითზე. ჩვენ შევაჩერეთ ცხოველებში 80% შედეგით. ეს კვლევა გავაგზანეთ სინგაპურში და ახლა ცდები მიმდინარეობს. ამასაც ნაკლები ყურადღება ექცევა უნივერსიტეტის მხრიდან, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა.  გარდა ამისა, მომავალში სურვილი მაქვს როგორმე აპარატურა შევიძინოთ. ახლა ზოგიერთი მოწყობილება საერთოდ არ გვაქვს, ან ძალიან მოძველებულია და მაინც როგორ ვახერხებთ ასეთ შედეგიან მუშაობას, არ ვიცი. ამიტომ, აუცილებელია გენეტიკის დაფინანსება და  უფრო მეტი ყურადღების მიქცევა სახელმწიფოს და უნივერსიტეტის მხრიდან.

აკაკი ალაგარდაშვილი

 

(Visited 74 times, 1 visits today)

კომენტარები