მოდა და მოდის სამყარო, დამეთანხმებით, რომ დღეს საკმაოდ პოპულარული და, ამავე დროს, კრიტიკის მთავარი სფეროა. უამრავი დიზაინერი ცდილობს დაამკვიდროს საკუთარი სტილი და გამორჩეული კოლექციით დაგვამახსოვროს თავი. ჩვენი რესპოდენტი დღეს ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი დავით უზნაძეა, რომელიც სულ მალე ახალი და განსხვავებული კოლექციით წარდგება არა მარტო ქართველი საზოგადოების წინაშე, არამედ საკუთარ კოლექციას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიტანს. ახალ კოლექციაზე, საკუთარ გეგმებსა და გამოწვევებზე დეტალურად დავითი თავად მოგვიყვება.
დავით, მოგვიყევი რა სიახლეა შენს საქმიანობაში. ვიცით, რომ ახლახანს დაასრულე მუშაობა ახალ კოლექციაზე. რას სთავაზობ საზოგადოებას ახალს და განსხვავებულს?
– დიახ, ახლახანს დავასრულე მუშაობა ახალ კოლექციაზე. წინა კოლექციისგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, რომ შეიცვალა მუშაობის კონცეფცია, გამოყენებული მაქვს უფრო მეტად აღქმადი ფერები. მაგალითად, წითელი, ყვითელი, ოქროსფერი… სილუეტები მეტად დახვეწილია. ამ კოლექციის შექმნა მიზნად ისახავდა ქალის წარმოდგენას მამაკაცის სხეულში და პირიქით…
უფრო დეტალურად რომ ვუთხრათ მკითხველს, რა იყო ამ კოლექციის შექმნის მთავარი ინსპირაცია?
– ეს კოლექცია ეკლექტიკაა. ის მომდინარეობს სამყაროს დასაბამიდან დღემდე. მისი ინსპირაციის წყარო ანტიკური კულტურაა, სკულპტურები ყველაზე პათეტიკურად გამოხატავენ ადამიანის მდგომარეობას. უკეთ რომ ვთქვა, რაც ძველ კულტურას ახასიათებდა, ეს ახლაცაა, მაგრამ ახლა ეს დამალული მდგომარეობაა. ადამიანის ბუნება, გრძნობები მარტივ და კომფორტულ სამოსზეა გამოხატული. ის ხან ცდილობს დამალოს ეს პათოსი და მარტივად ცხოვრობს, ამასთან ერთად, იდეალიზმისკენ აქვს გეზი. ეს ერთგვარი განცდაა დღევანდელობის, ადამიანის სულიერი მდგომარეობის, გაორებული ბუნების სიმბოლიკაა. აი, ჩემი კოლექციის მთავარი ინსპირაცია.
დავით, ახლახანს მიგიწვიეს ,,ოტკიუწურ ფეშენ ვიკზე“. მოგვიყევი ამ ექსკლუზიური ინფორმაციის შესახებ.
– დიახ, ახლახანს მივიღე ეს შემოთავაზება. გეტყვით იმას, რომ ქვეყანას საიდუმლოდ დავტოვებ, თუმცა იმედი მაქვს, რომ დიდი წარმატებით წარვადგენ ჩემს ახალ კოლექციას ძალიან მალე… ეს მართლაც დიდი გამოწვევაა ჩემთვის. რაც შეეხება საზოგადოებას, ძალიან მალე იხილავს სრულ კოლექციას. ამიტომ, მოდის მოყვარულებო თვალი ადევნეთ ჩემს გვერდს. სიახლეები მისი საშუალებით გახდება ცნობილი.
როგორც წარმატებული დიზაინერი რა რჩევას მისცემდი ხალხს გაზაფხულისთვის?
– გამომდინარე იქიდან, რომ გაზაფხული ყოველივე სიახლისა და სიცოცხლის საწყისია, საზოგადოებას ვურჩევდი, რომ სწორედ ამ სეზონზე არ შეუშინდნენ ექსპერიმენტებს, შეიმოსონ იმით, რაც მათ ინდივიდუალიზმს გაუსვამს ხაზს.
უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი წარმატებული შენს ასაკში ბევრი არ არის. ამაზე რისი თქმა შეგიძლია?
– დიდი მადლობა. რაც შეეხება წარმატებას, ვფიქრობ, ჯერ საწყის ეტაპზე ვარ. მთავარი წარმატება და საინტერესო გამოწვევები ჯერ წინაა…
ბოლოს გვითხარი შენი სამომავლო გეგმების შესახებ.
– თქვენს მკითხველს ექსკლუზიურად ვეტყვი, რომ ბერლინში იგეგმება ჩემი მაღაზიის გახსნა. თვის ბოლოს მივფრინავ ძირითადი დეტალების გასარკვევად. სხვა სიახლეებსა და გამოწვევებს აუცილებლად გაგიზიარებთ.
მარიამ გობიანიძე