ყველა ადამიანის სურვილია იყოს წარმატებული, მაგრამ საზოგადოების წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას ეს არ გამოსდის. ალბათ იმიტომაც, რომ მათ არ იციან წარმატების ნამდვილი არსი და მნიშვნელობა. ყველა წარმატებულ ადამიანს მწვერვალების დაპყრობის საკუთარი ფორმულა აქვს. პიროვნული მახასიათებელი, რომლის მეშვეობითაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს.

The Tbilisi Times გაგაცნობთ ნიჭიერი ქართველის ისტორიას, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

მარი მერაბიშვილი – ქართველია, რომელიც პოლონეთში, ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ბანკის  – “სითის” წარმატებული თანამშროელია. 

უკვე 3 წელზე  მეტია პოლონეთში იმყოფება, ორი წელი სტიპენდიით ვარშავის უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე – ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლობდა და წარმატებით დაამთავრა. 

ქართველი სტუდენტებისთვის, მან  შექმნა – ვარშავის გზამკვლევი, რომელიც საქართველოს საელჩოს დახმარებით მალე გამოვა.

მარი, მოგვიყევით თქვენზე, რა როლი ითამაშა ოჯახმა თქვენიროგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში?

– ადამიანი სხვადასხვა ფასეულობებს სხვადასხვა ასაკში იძენს, თუმცა შინაგანი კულტურა, მოწესრიგებულობა, ადამიანების პატივისცემა და სიყვარული ყველამ ბავშვობის ასაკიდან უნდა ისწავლოს, მე ამას ჩემი მშობლები მთელი ცხოვრების განმავლობაში მინერგავდნენ და თუ ვინმე ამბობს, რომ მე კარგი ადამიანი ვარ ეს ჩემი ოჯახის დამსახურებაა.

ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარს უჭერდა ჩემს წინსვლას, ისინი იჩენდნენ ნდობას ჩემს მიმართ და  მე ყოველთვის ვცდილობდი ეს ნდობა გამემართლებინა.

ჩემი ოჯახისათვის რთულია იმასთან შეგუება რომ მე საზღვარგარეთ ვცხოვრობ და ეს გასაგებიცაა, თუმცა მათ იციან, რომ ეს ის სამსახურია რაზეც მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და ყველანაირად ხელს მიწყობენ.

უკვე 3 წელზე  მეტია პოლონეთში იმყოფებით, ორი წელი სტიპენდიით ვარშავის უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე – ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლობდით, მოგვიყევით როგორ დაიწყო თქვენი დაკავშირება ამ ქვეყანასთან, როგორი იყო სწავლის ორი წელი…

– პოლონეთით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი, ეს არის საოცარი ცხოვრებისუნარიანი ქვეყანა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის მიწასთან გასწორებულმა შეძლო ფეხზე საკმაოდ მყარად წამოდგომა და დღეს ის ევროპაში ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდ ითვლება.

საქართველოში ბაკალავრის დამთავრების შემდეგ რამოდენიმე წელი ვიმუშავე, თუმცა ყოველთვის მინდოდა მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება. დავიწყე სტიპენდიების ძებნა და მივიღე დაფინანსება საკმაოდ ძვირადღირებულ პროგრამაზე. დიახ, მე დავამთავრე  MBA მენეჯმენტის განხრით.

სწავლის პერიოდი იყო ძალიან საინტერესო, ვსწავლობდი სხვადასხვა დიდი კომპანიის მაღალი რანგის მენეჯერებთან ერთად. ლექციებს გვიკითხავდნენ მსოფიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები. გვქონდა ინტერაქციული ტიპის ლექციები და განვიხილავდით შემთხვევებს (case-ებს) რეალურ მაგალითებზე. გუნდურად ვმუშაობდით პროექტებზე. ამ ყველაფერმა ბევრი კარგი უნარი ჩამომიყალიბა და დიდი ცოდნა შემძინა.

რაც შეეხება თქვენს დიდ წარმატებას, როგორ მოხვდით  სითიში – ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ ბანკში? რა ეტაპების გავლა დაგჭირდათ და რა გზა გაიარეთ მუშაობის დაწყებამდე?

მართალია, სითი არის ერთ-ერთი უმსხვილესი და მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი ბანკი. ასეთი კორპორაციებისთვის იმიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე თანამშრომლებს ძალიან ფრთხილად და მკაცრად არჩევენ.

სააპლიკაციო პროცესი რამოდენიმე ეტაპიანია და მოიცავს სატელეფონო გასაუბრებებს, ტესტირებას, და პირისპირ, მენეჯერებთან გასაუბრებას.

გასაუბრების დროს შეიძლება დაგისვან შეკითხვა რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება ვერაფრით დააკავშირო სამუშაო მოთხოვნებთან, თუმცა ასეთი კითხვები ბევრნაირ ქვეტექსტებს შეიცავს და პასუხიდან გამომიდინარე ინტერვიუერმა იცის თუ რამდენად გაქვს განვითარებული ანალიტიკური აზროვნების უნარი, რამდენად სწორად შეგიძლია გააკეთო დროის მენეჯმენტი, ხარ თუ არა კონფლიქტური ადამიანი ან თუნდაც, რამდენად შეგიძლია რთული სიტუაციიდან მარტივი გამოსავლის პოვნა. ყოველთვის ვოცნებობდი დიდ კორპორაციაში მემუშავა და მე ეს ოცნება ამიხდა.

ქართველებიც თუ მუშაობენ თქვენთან ერთად და რა შედის თქვენს მოვალეობებში?

– მთლიანად სითის ფილიალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს, ხოლო პოლონეთში არის ერთ-ერთი უმსხვილესი მომსახურებების ცენტრი. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სითი მომსახურების ცენტრს პოლონეთში დასაქმებული ყავს 4000-ზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის საბედნიეროდ რამოდენიმე ქართველიცაა.

ჩვენ ვემსახურებით ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში გვიწევს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებულ ანგარიშებზე მომსახურება.

ჩვენი კლიენტები არიან მსოფლიოს მსხვილი და წამყვანი კომპანიები, რაც პასუხისმგებლობას ერთი ორად ზრდის, ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა სასიამოვნოა ასეთ გამოწვევებთან გამკლავება.

როგორ შეძელით იდეის განხორცილება და თავის დამკვიდრება? საწყის ეტაპზე რა სირთულეები შეგხვდათ?

მუშაობის დაწყებამდე ცოტას ვღელავდი, არ ვიცოდი როგორ მიმიღებდნენ როგორც ახალ თანამშრომელს, თუმცა აღმოჩნდა რომ ძალიან კარგი და თავაზიანი თანამშრომლები მყავს. გუნდმა მალე მიმიღო მათ რიგებში, მიუხედავად საკუთარი უამრავი საქმისა დეტალურად და მოთმინებით მასწავლიდნენ სამუშაოს სპეციფიკას და პროცესს.

მალე დავმეგობრდით და დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ვცდილობთ  თავისუფალი დროის რაღაც ნაწილიც ერთად გავატაროთ. ამაში სამსახურიც გვიწყობს ხელს, რადგან გვაქვს ბევრი კარგი საინტეგრაციო ღონისძიება.

მიხარია, რომ მალე მოვიპოვე მათი და მენეჯმენტის ნდობა და დღეს სერიოზულ პროექტებში ვარ ჩართული.

ჩვენს კომპანიაში ნებისმიერ მიღწევას აფასებენ და ყოველთვის ხაზს უსვამენ, აღიარება დიდ სტიმულს მმატებს.

როგორია დღეს ასეთ პრესტჟულ გარემოში მუშაობა. სითი -რა განსაკუთრებული წესი და მუშაობის პრინციპებია…

 სითი ჯგუფი დაარსდა 1812 წელს, 200 წელზე მეტია ის არის მსოფლიოს წავყვანი ბანკი ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, აქედან გამომდინარე ვამაყობ იმით, რომ ვმუშაობ კომპანიაში რომელმაც გაუძლო ძალიან დიდ ეკონომიკურ კრიზისებს, ეს იმაზე მეტყველებს რომ ბანკს მართავს ძლიერ პროფესიონალთა გუნდი.

სითი ბანკი სხვადასხვა წლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დასახელდა 100 საუკეთესო დამსაქმებელს შორის, რაც გულისხმობს უამრავ ბენეფიტს თანამშრომლებისთვის, საშეღავათო პირობებს სხვადასხვა საბანკო მომსახურებებზე, ამას გარდა, სამსახურში ხშირად გვაქვს საქველმოქმედო ღონისძიებები, სხვადასხვა სახის ტურნირები, პოლონურის კურსები, ვორკშოპები და სხვა უამრავი სიურპრიზები.

ჩვენი კომპანიისთვის კულტურული მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე ხშირად გვაქვს სხვადასხვა ღონისძიებები მულტიკულტურულ ჭრილში, ასეთი ღონისძიებებში რაღა თქმა უნდა საქართველოც მონაწილეობს ხოლმე.         

არაერთ ქვეყანაში ხარ ნამყოფიგარდა ცოდნისარას აძლევს ახალგაზრდას მსოფლიოს ნახვა?

მიყვარს მოგზაურობა, დაახლეობით 15-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მოგზაურობა არის ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალება სულიერად გამდიდრდე. მოგზაურობის დროს გარდა იმისა, რომ ეცნობი უცხო ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას, სამზარეულოს, ღირსშესანიშნაობებს, ასევე იძენ უნარებს რომელიც ყოველთვის გამოდადგება ცხოვრებაში. მაგალითად დაგეგმვის, დროის მენეჯმენტის, ბაჯეტირების, სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების და ა.შ.

რა გენატრებათ ყველაზე მეტად, როცა ტოვებთ საქართველოს?

– რა თქმა უნდა ყველაზე მეტად ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მენატრებიან. უცხო ქვეყანაში მარტოობასთან შეგუება და თავის დამკვიდრება იყო საკმაოდ რთული. იყო რთული პერიოდებიც, დარწმუნებული ვარ ასეთი პერიოდები ყველა საზღვარგარეთ მცხოვრების აქვს, როცა გგონია, რომ მეტი აღარ შეგიძლია და ერთადერთი რაც გინდა უკან დაბრუნება და შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნაა, თუმცა შემდეგ აცნობიერებ რომ უბრალოდ ეს ასეა საჭირო და ძალას იკრებ, რომ მიზნის მისაღწევად ბრძლა გააგრძელო.

მარი, კიდევ ერთ საინტერესო პროექტს მინდა შევეხო, რომელიც თქვენ შექმენით – გზამკვლევი… მოგვიყევით რას მოიცავს აღნიშნული გზამკვლევი და რამდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის შექმნას პოლონეთში?

– მახარებს ის ფაქტი, რომ პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დღითიდღე უფრო მყარდება. ბევრი ქართველი სტუდენტი ჩამოდის პოლონეთში სხვადასხვა სასწავლო პროგრამებით და მინდოდა მათთვის ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა, აქედან გამომდინარე გამიჩნდა იდეა გამეკეთებინა ვარშავის გზამკვლევი, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ყველა ის ცოდნა და გამოცდილება რაც მე აქ ყოფნის დროს დავაგროვე, ამ პროექტით საქართველოს საელჩიც დაინტერესდა და უახლოეს მომავალში ვგეგმავ გამოვუშვა მისი განახლებული ვარიანტი „ვარშავის გზამკვლევი – უფრო მეტი“.

როგორც ვიცი, თქვენ აქტიურად თანამშრომლობთ პოლონეთის საელჩოსთან, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, მოგვიყვეთ ამ საინტერესო ინიციატივაზე…

– დიახ, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ბატონი ილია დარჩიაშვილის ინიციატივით.

ბატონი ილია იმის გარდა, რომ არის თავის საქმის პროფესიონალი და საქართველოს ყოველთვის ღირსეულად წარადგენს პოლონეთში, ის ასევე არის ძალიან მეგობრული და გახსნილი ადამიანი. ის ყოველთვის მზად არის მოუსმინოს ახალგაზრდების ინიციატივებს და მხარი დაგვიჭროს მის განხორციელებაში.

საელჩოსა და სამუშაო ჯგუფის მიზანია ჩვენს პოლონელ და უცხოელ მეგობრებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურის, სამზარეულოს, ღვინის, ხელოვნების, ისტორიის, ლიტერატურის შესახებ.

უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ საინტერესო ღონისძიებებს, ამის შესახებ სულ მალე გახდება ცნობილი. ღონისძიებები ასევე მიეძღვნება პოლონეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს.

საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ. შეგიძლიათ მითხრათ როგორ ახერხებთ განტვირთვას, თავისუფალ დროს როგორ ისვენებთ?

– როგორც ზევით აღვნიშნე მიყვარს მოგზაურობა, ვარ ფოტოგრაფიით გატაცებული – ამჟამად გავდივარ ფოტოგრაფიის ონლაინ კურსს, თუმცა როგორც კი დროს გამოვნახავ მინდა, რომ გავიარო პროფესიონალური კურსებიც.

თავისუფალ დროს ვკითხულობ, მათ შორის ყოველდღიურად ბიზნეს და ეკონომიკურ სიახლეებსაც, ჩვენს სფეროში მნიშვნელოვანია თვალი ადევნო ასეთ სიახლეებს.

ვხვდები მეგობრებს, დავდივარ სავარჯოში დარბაზში, ცურვაზე, იოგაზე. მიყვარს ზაფხული და ყველაფერი რაც ზაფხულთანაა დაკავშირებული.

მაინტერესებს ხართ თუ არა გურმანი და რამდენად გიყვართ ქართული ტრადიციული სამზარულო, რამდენად ხშირად ამზადებთ თავად და საკუთარი საფირმო კერძი თუ გაქვთ?

– გურმანი ნამდვილად ვარ, ხშირად ვუყურებ კულინარიულ გადაცემებს და შემდეგ ვცდილობ ეს კერძები თავად მოვამზადო.

მიყვარს ქართული კერძების მომზადება და შემდეგ მათი დაგემოვნება, მიმაჩნია, რომ ქართული კერძები უნიკალურია. ამიტომ ვცდილობ ჩემს უცხოელ მეგობრებს და თანამშრომლებს ხშირად მოვუმზადო ქართული კერძები და შევაყვარო ქართული სამზარეულო.

მომწონს ინდური სამზარეულო, და ვცდილობ ინდური კერძების გაკეთებაც ვისწავლო. მაქვს რამოდენიმე საფირმო კერძი, სასმელი და დესერტი.

თქვენ სახვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან გაქვთ კომუნიკაცია, მეგობრობთ… როგორია მათთან ურთიერთობა, როგორია მათთან მეგობრობა…

– საინტერესოა როცა ქვეყნის კულტურას და ჩვეულებებს ამავე ქვეყნის წარმომადგენლებისგან ისმენ, რაც შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს იმ ისტორიისგან რომელსაც წიგნში ან რომელიმე დოკუმენტურ ფილმში  ნახავთ, მეგობრები გულწრფელად და შეფერადების გარეშე გვიყვებიან მათი ქვეყნის წეს-ჩვეულებების და ტრადიციების შესახებ.

მეც ჩემის მხრივ ვცდილობ სხვადასხვა კუთხით გავაცნო ჩვენი ქვეყანა ჩემს უცხოელ მეგობრებს.

ბევრ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან მეგობრობამ მიმახვედრა, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია, თუმცა ჩვენ ყველას ამ სამყაროში გვახასიათებს ძალიან ბევრი საერთო რამ.

როგორ ფიქრობთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი? წარუმატებლობის დროს გზის გაგრძელების საშუალებას რა გაძლევთ?

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი თუ იმაში დარწმუნებული ხარ, რომ ეს ბროძოლა იქამდე მიგიყვანს რაც შენ ნამდვილად გჭიდება.

დაბრკოლებები ყოველთვის იყო, თუმცა ერთ რამეში დავრწმუნდი, თუ რაიმე არ გამოდის, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც უკეთესი უნდა მოხდეს. ბევრჯერ უთქვამთ უარი და მოუხურავთ კარი, თუმცა შემდეგ ბევრად უკეთესი კარი გაღებულა ჩემთვის, ამიტომ

ყველას მოვუწოდებ: მიყევით თქვენს ოცნებებს, არასოდეს დაიხიოთ უკან, ყოველი ახალი დაბრკოლება მიიღეთ როგორ ცხოვრების ახალი გამოწვევა, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს!

აპირებთ თუ არა თქვენი კარიერის საქართველოში გაგრძელებასმოკლედ გვითხარით თქვენს სამომავლო გეგმებზე….

– მიყვარს სტაბილურობის და კომფორტის განცდა, პოლონეთში ცხოვრება და მუშაობა ამის შეგრძნებებეს ნამდვილად მიჩენს,  ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნებას არ ვფიქრობ, თუმცა თუ მომავალში მექნება კარგი და საინტერესო შემოთავაზება მზად ვარ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანაში გამოვიყენო.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – მე ვარ საკმაოდ ამბიციური ადამიანი და მინდა, რომ ბევრს მივაღწიო ცხოვრებაში, რა თქმა უნდა მაქვს საინტერესო მიზნები, თუმცა მათ მხოლოდ მაშინ გავამხელ როდესაც ამ მიზნების განხორციელებას შევძლებ.

 

Please follow and like us: