საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები პირველი მაისიდან ამოქმედდა. თამბაქოს კოტროლის შესახებ ახალი კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში. მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა.
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში არ არის ჩანაწერი, რომელიც შემოქმედებითი ჩანაფიქრის ნაწილს ეხება, რის გამოც თეატრის რეჟისორები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში დაზუსტების შეტანას ითხოვენ.
როგორც მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა განაცხადა:
„კანონში ასეთი ჩანაწერის არარსებობა მოულოდნელი იყო, რადგან როცა ამ ყველაფერს კანონპროექტის სახე ჰქონდა, იქ შემოქმედებითი ნაწილი დაზღვეული იყო, როგორც თეატრალური წარმოდგენის, ისე კინოსი.
კანონის ამოქმედებისას ჩვენ აღარ მივადევნეთ თვალი დამტკიცებას. დარწმუნებული ვიყავით იმაში, რომ პროექტში რადგან ეს იდო, მაცნეშიც ასე გამოქვეყნდებოდა. ის ჩანაწერი უკვე ამოღებულია.
ევროპის ძალიან ბევრი თეატრების სპექტაკლები ვნახე, სადაც სცენაზე ეწევიან და ეს პრობლემას არ ქმნის, მაშინ, როცა ქვეყანაში პრაქტიკულად არსად არ შეიძლება მოწევა. ეს არის შემოქმედებითი პროცესის ნაწილი. პირველივე დღეს, როცა მე კანონპროექტს გავეცანი, ეს ეწერა“,- განაცხადა დიმიტრი ღვთისიაშვილმა.
„თბილისი თაიმსი“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელს, გიორგი ბახტურიძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის გადახედვა არ იგეგმება და მსგავსი გამონაკლისის დაშვება არ მოხდება.
„არანაირი გადახედვა ამ კანონთან დაკავშირებით არ იგეგმება, რადგან ამ კანონის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია სოციალური მიმღებლობის დრამატულად შემცირება ახალგაზრდებსა და ბავშვებში, რომლებიც ყველაზე მეტად მოწყვლადები არიან ასეთი ქცევებისათვის. სამწუხარო ფაქტია, რომ ასეთი ინიციატივების სათავეებთან მოზარდ მაყურებელთა თეატრი დგას, რომელიც წესით ახალგაზრდების ჯანსაღად აღზრდის მისიით უნდა იყოს დაკავებული.“ – გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი.
გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ „2008 წლის კანონში, თამბაქოს ინდუსტრიის ზეწოლით, გაჩნდა ჩანაწერი (წინა კანონის ნორმით, მოწევის დემონსტირება შესაძლებელი იყო, თუ ეს შემოქმედებითი ჩანაფიქრის ნაწილი იყო), რომელშიც ეს გამონაკლისი იმისთვის დაუშვეს, რათა გაემართლებინათ თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან გაღებული ფინანსური ინტერესი იმისათვის, რომ სპექტაკლების საშუალებით მომხდარიყო ნარკომანიის ამ სახის პოპულარიზაცია და გაძლიერებულიყო სოციალური მიმღებლობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.“
გიორგი ბახტურიძის თქმით, „რეჟისორების ნაწილი ამით აცხადებს, რომ მათ გამომსახველობითი ხერხების გამოძებნა არ შეუძლიათ და ლოგიკა არის ასეთი: როცა ნასვამი ადამიანის გადმოცემა სურთ, გამოდის, რომ ალკოჰილით უნდა დათვრეს მსახიობი, რათა უფრო რეალურად განასახიეროს ასეთი ადამიანი, ან გილიოტინაზე რომ გაყავთ ადამიანი, აუცილებლად თავი უნდა მოკვეთონ. 90-იანი წლების რეალობის ასახვისათვის გმირი თუ არ აჩვენეს როგორ ეწევა სიგარეტს, ისე იმ ეპოქას ვერ აღვწერთ. ანუ, რა გამოდის, რომ სპექტაკლში ნარკოტიკს რომ ხარშავენ, რეალურად უნდა მოამზადონ და მიიღონ მსახიობებმა? რამდენიმე მსახიობი ვიცი, რომელიც იძულებულია სცენაზე მოწიოს სიგარეტი, მაშინ, როცა ამის შემოქმედებითად გამოსახვის არანაირი საჭიროება არაა. იმის დასამტკიცებლად, რომ ამ ყველაფრის უკან ფინანსური ინტერესი დგას, ფაქტს მოგიყვანთ. მაგალითად, ბოლო წლების განმავლობაში, მარჯანიშვილის თეატრის ერთ-ერთი მთავარი უკანონო სპონსორი გახლავთ იაპონური თამბაქოს კომპანია. 2009 წლიდან კანონით აკრძალულია თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან სპონსორობა, თუმცა ამ დრომდე არავინ დასჯილა. ახალი რეგულაცია პირდაპირ განმარტავს რა შეიძლება ჩაითვალოს სპონსორობად. საჯარიმო სანქციაც საკმაოდ სოლიდურია. რატომ ახდენს თამბაქოს ინდუსტრია სპექტაკლების, გასართობ პროგრამებსა თუ ფილმებში მოწევის დემონსტრირების დაფინანსებას, მგონი გასაგებია.“- გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი.
გიორგი ბახტურიძე განმარტავს, რომ თეატრში მოწევა ორი კანონის მოთხოვნას არღვევს:
„ასევე, იცით, რომ შენობებში სრულად აიკრძალა მოწევა. შესაბამისად, თეატრებში მოწევის ფაქტი არღვევს ორი კანონის მოთხოვნას: თამბაქოს კონტროლისა და რეკლამის შესახებ კანონებს. მოწევის ფაქტის დაფიქსირება სცენაზე გამოიწვევს ჯარიმას 500 ლარით, ხოლო მოწევის პროცესის დემონსტრირება, კოლოფის დემონსტრირება და ა.შ. რაც აკრძალულია რეკლამის კანონით, გამოიწვევს 5000 ლარიან ჯარიმას.“ – გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი.
ნინი მაზიაშვილი