DSC_0957

გუშინ ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის კინოკლუბი „მზესუმზირა“, მოხუცთა თავშესაფარ „ბეთელი“-ს ეწვია და მოხუცებს ფილმი „ხელშეუხებელნი“ აჩვენა.

კინოჩვენება კინოკლუბ „მზესუმზირა“-ს პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა მოხუცთა თავშესაფრებში, ბავშვთა სახლებსა და ლტოლვილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სტუმრობას, ახალგაზრდებთან შეხვედრას, ფილმის ჩვენებას და განხილვას.

დავითიანნის კინოკლუბმამზესუმზირამგერმანიის საელჩოს დახმარებით ახალი მიმართულებით საქმიანობა დაიწყოჩვენი პროექტის მიზანს წარმოადგენს, სოციალური მიმართულებით აქტიურობა და საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლების ინტეგრაცია ჯანსაღ და სრულფასოვან გარემოში.

DSC_0937

ვფიქრობთ, რომ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემას ყველა აღიარებს, ნაკლებად ხდება სათანადო ყურადღების მიქცევა მოხუცთა თავშესაფრებზე. ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომლებიც იქ იმყოფებიან, სიცოცხლის ბოლო წლების გატარება მხოლოდ საჭმლის და თავშესაფრის უზრუნველყოფით, ცოტაა. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყურადღებაა. დღევანდელი დღეც ამის მაგალითია, მოხუცები ძალიან გახარებულები იყვნენ ჩვენი სტუმრობით, ბევრი საინტერესო ისტორია მოგვიყვეს, გამოცდილება გაგვიზიარეს, ფილმიც ძალიან მოეწონათ, მის განხილვაშიც აქტიურად ჩაერთვნენ და თავიანთი შეხედულებები გაგვიზიარეს. – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა მარიამ ნოზაძემ.

მოხუცთათავშესაფარ „ბეთელი“-ს დირექტორის თქმით, ფილმის ყურებისას მოხუცები ემოციებს ვერ მალავდნენ და დიდი სიამოვნება მიიღეს.

DSC_0009„ფილმი იყო არაჩვეულებრივი, კიდეც ვიცინეთ, ვიტირეთ და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ. ძალიან ადამიანური და ძალიან სულიერი კინოა. აი ასეთი კინოები უნდა გადაიღონ. ასეთ კინოს რომ ნახავ იმედი გიჩნდება, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მარტო შავი არ არის და რაღაცა ნათელი და მომავალი ჩანს. ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა და ასეთი ხალხი, ასეთი ბიჭები და გოგოები გადაარჩენენ საქართველოს“. – აღნიშნა მოხუცთა თავშესაფრის დირექტორმა ლიანა ჩოფლიანმა.

ფილმის ჩვენების შემდეგ ახალგაზრდებმა მოხუცებთან ერთად ფილმი განიხილეს.

„მე ძალიან მომეწონა კინო, კარგი იქნებოდა უფრო მეტი მუსიკა ყოფილიყო, მაგრამ ასეც ემოციური იყო“. –  ოლგა ფაჩულია.

ერთ-ერთი მოხუცის თქმით, ამ ფილმმა და ახალგაზრდების ასეთმა ყურადღებამ ძალიან კარგ ხასიათზე დააყენა და ერთი წლის სიცოცხლე მომატა.

დავითთიანის კინოკლუბი „მზესუმზირა“ 2011 წლიდან რუსთაველის 21 ნომერში ფუნქციონირებს.

ყოველ კვირა საღამოს აქ იმართება სხვადასხვა ფილმის ჩვენება მოწვეულ სტუმართან ერთად. ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

Please follow and like us: