მიუხედავად განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა, რომლებიც კვლევებით დასტურდება (მაგ: PIRLS-ის ბოლო კვლევა წაკითხულის გააზრებასთან დაკავშირებით), ზოგიერთი მასწავლებელი საკუთარი, განსხვავებული მეთოდებით ახერხებს მოსწავლეებისთვის საჭირო ცოდნის მიცემას.

სურამის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგს, ჯაბა ლაბაძეს,  მასწავლებლობის 24-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ დროის განმავლობაში ისტორიასთან ერთად, ის მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასაც ასწავლის. მათ შორის, აწერინებს სტატიებს ქართულ ,,ვიკიპედიაში“, თვითონ კი საიტზე არსებული სტატიების 9.8%-ის ავტორია.

The Tbilisi Times – ს პედაგოგი ჯაბა ლაბაძე, საკუთარ გამოცდილებაზე, სამომავლო გეგმებზე, მომავალი თაობის პოტენციალზე ესაუბრა. ჯაბა საუბრისას ამბობს, რომ – “თანამედროვე მოსწავლეების მოთხოვნები საკმაოდ მაღალია. მათ კლასში არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ მისი სახით კარგი მეგობარი და ცხოვრების გზამკვლევი სჭირდება.”

პირველ რიგში, მოგვიყევით, პირველად როდის დაინტერესდით ისტორიით, როგორც მეცნიერების დარგით და რამ გადაგაწყვეტინათ თქვენი პროფესიის მასთან დაკავშირება?

– სიმართლე გითხრათ ისტორიით გვიან დავინტერესდი. დამამთავრებელ კლასამდე მინდოდა მათემატიკის მასწავლებელი ვყოფილიყავი, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ამ პერიოდში ბიბლიოთეკაში არსებული ყველა სამეცნიერო ისტორიული წიგნი წაკითხული მქონდა. მე-11 კლასში ისტორიის მასწავლებელმა დავალება მოგვცა, რომელიც მხარეთმცოდნეობის მუზეუმში უნდა მოგვემზადებინა, მე და ჩემი თანაკლასელი ვესტუმრეთ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და ამ მომენტიდან სულ სხვა სამყარო გაიხსნა ჩემს თვალწინ. ის დავალებაც შევასრულეთ და მას მერე მუზეუმს არ მოვშორებივარ. ამჟამად ოფიციალურად მაქვს „მუზეუმის მეგობრის“ სტატუსი.

თქვენი პედაგოგიური კარიერა 90-იანი წლებიდან იწყება. იმ პერიოდში კაცებში ეს პროფესია სათანადო პოპულარობით არ სარგებლობდა, მაინცდამაინც, შემოსავლიანიც არ იყო. საინტერესოა, რამ განაპირობა თქვენი არჩევანი და როგორ შეხვდა ოჯახი მას?

– დიახ, სკოლაში მუშაობა 1994 წლი 20 ოქტომბერს დავიწყე. უმძიმესი წლები გამოვიარეთ ყველამ ერთად, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებაზე უარი არ მითქვამს. გაგეცინებათ ამ გადასახედიდან, მაგრამ გეტყვით, რომ 1995 წლის ნოემბერში ჩემი ხელფასი 3 ლარი იყო. ოჯახიც ძალიან გაგებით მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას. ჩემი გადაწყვეტილება კი ალბათ იმან განაპირობა, რომ მასწავლებლობა ის პროფესია იყო, რომელზეც ვოცნებობდი, რომელიც ჩემი ბავშვობის ერთადერთი სასიამოვნო თამაში იყო. ბევრი არ მიფიქრია და ჩემი მშობლიური სოფლის სკოლაში შევუდექი ამ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს.

თქვენი პედაგოგიური გამოცდილების, დაახლოებით 24 წლის განმავლობაში, რა იყო უმთავრესი გამოწვევა, რომელსაც, თვლით, რომ გაუმკლავდით? 

– ჭეშმარიტი პედაგოგი ბევრ რამეზე უნდა ფიქრობდეს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: შეიყვაროს ბავშვები, იყოს სამართლიანი, შეაყვაროს ბავშვს ის საგანი რომელსაც ასწავლის, ასწავლოს ბავშვებს ცხოვრება… ვფიქრობ ამ გამოწვევებს თავი წარმატებით გავართვი.

როგორია თქვენი მიდგომები და სწავლების სტრატეგიები მოსწავლეებთან? რა მეთოდებს იყენებთ იმისთვის, რომ მათ სწავლის მოტივაცია მისცეთ?

– თანამედროვე მოსწავლეების მოთხოვნები საკმაოდ მაღალია. მათ კლასში არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ მისი სახით კარგი მეგობარი და ცხოვრების გზამკვლევი სჭირდება. ბუნებრივია პედაგოგი ამ დროს გულხელდაკრეფილი ვერ იქნება და უნდა ეძიოს გზები საკუთარი მოსწავლის წარმატებისათვის. მათთვის ჩამიტარებია გაკვეთილი სინაგოგაში, მუზეუმებში… გაკვეთილები ჩამიტარებია ვიკიტექნოლოგიების გამოყენებით. სკოლაში შევქმენი ვიკი-კლუბი, მოსწავლეებს ვასწავლე ვიკიპედიაში რედაქტირება და შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით მათ სტატიების წერა დავაწყებინე ვიკიპედიაში. დღეს ჩემი სკოლის 20-მდე მოსწავლე ფლობს ვიკი-ტენოლოგიებს.  მოტივაციის ამაღლების მიზნით წარმატებული ვიკიპედიელები დამყავდა სომხეთის ვიკი-ბანაკში, სადაც უტარდებოდათ ვორკ-შოპები და იღრმავებდნენ ვიკიპედიაში წერის უნარ-ჩვევებს.

სკოლის მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფი ყოველთვიურად ესწრება ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ლექცია-სემინარებს და ერთდღიან ვიკი-ბანაკებს. ბანაკების ფარგლებში მოსწავლეები წერენ სტატიებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.

ყოველწლიურად წამატებული ვიკი-მოსწავლეები იმსახურებენ ასევე ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო-შემეცნებით ბანაკებში მონაწილეობას.

ძირითადად, რა პრობლემები იქმნება მოსწავლეებთან და როგორ ახერხებთ მათ მოგვარებას?

– ჩემსა და მოსწავლეებს შორის პრობლემები, შეიძლება ითქვას, არ არსებობს.

თქვენი აზრით, რა პრობლემების წინაშე დგას განათლების სისტემა საქართველოში? პირველ რიგში, რის გამოსწორებას ისურვებდით სასკოლო განათლებაში?

– განათლების სისტემაში ბევრი პრობლემაა. მათ შორის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი საკადრო პოლიტიკაა. აბიტურიენტთა ძალიან მცირე ნაწილი ირჩევს მომავლის პროფესიად პედაგოგობას, რაც ალბათ პროფესიის არაპოპულარობის ბრალია. სკოლას მოტივირებული, ბავშვის გულის ამნთები კადრები აკლია. ასეთი პედაგოგები სხვა პრობლემებს მარტივად დაძლევენ. ვისურვებდი უფრო მეტი ფინანსები იხარჯებოდეს სკოლების ტენიკურ აღჭურვლობაზე, ვფიქრობ XXI საუკუნეში ყველა კლასში უნდა იყოს მინიმუმ ინტერნეტის გამოყენების საშუალება, ერთი კომპიუტერი და პროექტორი.

როგორ შეაფასებდით მასწავლებელთა კვალიფიკაციის დონეს საქართველოში? კრედიტქულების დაგროვების სისტემა, თქვენი აზრით, რამდენად შედეგიანია?

– პედაგოგთა კვალიფიკაციაზე ძალიან ბევრი ფინანსები იხარჯება, მაგრამ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ და წინ ვერ მივდივართ. აქ ალბათ ისევ კადრების პრობლემაა. რაც შეეხება კრედიტების დაგროვების სისტემას, იგი პირვანდელ ვერსიასთან შედარებით საკამაოდ მოქნილი გახდა, მაგრამ  ვფიქრობ ეს სისტემა ისევ დახვეწას მოითხოვს. მე როგორც სკოლის შეფასების ჯგუფის ფასილიტატორს უამრავი დრო მეხარჯება ბიუროკრატიულ მომენტებზე.

რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება ვიკიპედიით და, ძირითადად,  რა თემაზე წერთ სტატიებს?

– 2008 წელს გუგლით ინფორმაცია მოვძებნე და ძებნის პირველ შედეგად სისტემამ, როგორც ყოველთვის, ვიკიპედია ამომიგდო, გავყევი ბმულს და გადავედი ძალიან პატარა სტატიაზე, რომლის ქვემოთაც ეწერა, რომ შემეძლო მისი რედაქტირება. გავყევი ბმულს და სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი – იქ სადაც უამრავი კვადრატული ფრჩხილები, სისტემური ფრჩხილები და კოდები იყო. 2008 წლის 11 ივნისს დავრეგისტრირდი კიდეც ქართულ ვიკიპედიაში, მას შემდეგ ვწერ ძირითადად ისტორიაზე, გეოგრაფიაზე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე, საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებზე. ჩემი პირველი სტატია კი იყო ვიეტნამის ყოფილი კომუნისტური მმართველის ხო ში მინის შესახებ. ამჟამად დაწერილი მაქვს 12 080 სტატია, რაც ქართული ვილიპედიის სტატიების 9.8%-ია.

როგორია თქვენი ოჯახური მდგომარეობა? როგორ აბალანსებთ დროს და ენერგიას სამსახურისთვის და ოჯახისთვის?

– დაოჯახებული ვარ. მყავს მეუღლე და ერთი შვილი. ჩემთვის სამსახურს და ოჯახს ვიკიპედიაში სტატიების წერაც ემატება. ბუნებრივია რთულია, მაგრამ საბედნიეროდ ოქროს შუალედს ვნახულობ, ჯერჯერობით ვასწრებ ყველა საქმეს, საერთო ჯამში არც ჩემს ოჯახს აკლდება ყურადღება, არც სამსახურს აქტიურობა და არც ვიკიპედიას სტატიები.

რას გეგმავთ ახლო მომავალში და რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

ჩემი ახლო და შორეული მიზნებიც სკოლას, ჩემს მოსწავლეებს უკავშირდება: XXI საუკუნე – ტექნოლოგიების ეპოქაა, მოსწავლეების და პედაგოგების წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევებია. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და ვაპირებ ჩემს მოსწავლეებს შევასწავლო Google maps-ზე მუშაობა და მათ მიერ სამაჩაბლოს და აფხაზეთის (და შემდეგ სხვა რეგიონების) კულტურული მემკვიდრეობის უკვე ატვრთული სტატიების დატანა Google-ს რუკაზე, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჭი იქნება მათი სწავლების პროცესში. ამ კუთხით უკვე ვთანამშრომლობ თბილისის კერძო „ევროპულ სკოლასთან“. ვაპირებ და აქაც პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია (ექსპონატების ნაწილი მოგროვებული გვაქვს), სკოლის სარდაფის ამჟამად თავისუფალ სივრცეში მოვაწყო სკოლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (რომლის ერთი კუთხე დაეთმობა ოკუპაციის თემატიკას და აქ გადავიტან ამჟამად ისტორიის კაბინეტში თავმოყრილ ექსპონატებს), ასევე ვფიქრობ სხვადასხვა გრანტით და პროექტით შევიძინო კომპიუტერული ტექნიკა და სკოლის ბაზაზე გავხსნა ვიკიპედიელთა კლუბი, შესაბამისი კომპიუტერული აღჭურვილობით, რომელიც არამარტო ჩემი სკოლის, არამედ მუნიციპალიტეტის ბავშვებსაც მოემსახურება.

აკაკი ალაგარდაშვილი

 

გაზიარება