ფერმწერი პუბლიცისტის და მწერალის მსგავსად გადმოსცემს თავის სათქმელს, დამოკიდებულებას საზოგადოებრივი და ბუნებრივი მოვლენებისადმი საღებავების და ფერების მეშვეობით. ფერწერა ასახავს ამა თუ იმ იდეოლოგიურ კონცეფციას, ის მკვეთრად ზემოქმედებს ადამიანის გრძნობება და აზრებზე, აიძულებს მას განიცადოს მხატვრის მიერ ასახული სინამდვილე. ყველა ფერმწერში არის რაღაც მისეული, ემოცია, გძნობები, შეხედულებები, მისი შემოქმედებით შეგვიძლია შევიცნოთ ხელოვანი….  “თბილისი თაიმსი” ამჯერად ფერმწერ – ინგა ნოზაძის შემოქმედებას გაგაცნობთ. 

მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებითი საქმიანობა?

– ბავშობიდან ვხატავ, თუმცა ამ მხრივ განთლება არ მიმიღია. ძირითადად ვხატავდი მათთვის, ვისაც სჭირდებოდა ჩემი დახმარება. 6 წლიდან ვსწავლობდი მუსიკალურ სკოლაში, ვიყავი მევიოლინე  და სასწავლებელში განვაგრძე სწავლა ვოკალის განხრით. მივყვებოდი მუსიკას და არ მიფიქრია, რომ როდისმე შევძლებდი ხატწერის შესწავლას, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში  ხატწერა-რესტავრაციის  ფაკულტეტზე, რომელიც სწორედ იმ წელს გაიხსნა და ვარ  ამ ფაკულტეტის პირველი გამოშვება.  სწავლის პერიოდში ვმუშობდი მხოლოდ იმაზე, რაც ხატწერას სჭირდებოდა, როგორც ასეთი ნახატებს არ ვქმნიდი.

რამდენი ხანია ხატავთ და ზოგადად, რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ფერწერას?

– დიდი ხანი არ არის რაც ვხატავ ამ ფორმით, როგორც მხატვარი. ხატწერა ხომ განსხვავდება ხატვისგან, ხატი იწერება  კანონიკის მიხედვით. ხატვის დროს კი თავისუფალი ხარ. მე რაღაცნაირად თითქოს შევაზავე ხატვა და ხატწერა ერთმანეთთან, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ჩემს რამდენიმე ნახატს ეტყობა ხატწერის გავლენა. ჩემს ცხოვრებაში ფერწერას უჭრავს მნიშვნელოვანი ადგილი. თითქმის ყოველდღე, რაღაც  ლამაზი, რომ არ შევქმნა, არ შემიძლია ამის გარეშე. მიყვარს ჩემი საქმე,  ჩემთვის ხატვა სიხარულის განცდის მომტანია, ჩემს ნაწილს ვდებ ამ ყველაფერში.

რა პერიოდს ანდომებთ ერთი ნახატის დახატვას და რა მასალით მუშაობთ?

– გააჩნია რითი ასრულებ ნახატს. თუ პასტელიში მუშობ, უფრო სწრაფად სრულდება ნახატი. როცა ტემპერით ან  წყლის საღებავებით ასრულებ,  უფრო მეტი დროს მოითხოვს.  ცოტა უნდა შეშრეს საღებავი, რომ ფერი ფერს კარგად დაედოს. ასევეა ზეთიც, დრო სჭირდება რა თქმა უნდა. შეიძლება სულაც მიატოვო და რაღაც დროის მერე განაგრძო მუშაობა, ხდება ხოლმე ასეც. განწყობაზეა ეს დამოკიდებული, რა დროს ანდომებ ამა თუ იმ ნახატს.

როგორ მუშაობთ, გაქვთ არა გამოფენები, გყავთ თუ არა დამკვეთები?

– გამოფენა არ მქონია არასდროს. შეკვეთები მაქვს ხოლმე. ძირითადად ვხატავ იმას, რაც მათ სურთ. ეს ჩემთვის  ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვცდილობ ყველაფერი ზუსტად ისე გამოვიდეს, როგორც დამკვეთს სურს. შესაბამისად ეს უფრო მეტ ენერგიას და ემოციას მოითხოვს. როდესაც ვაკეთებ ჩემს ნახატს, სრულიად თავსუფალი ვარ და საოცარი სიმშვიდის განცდა მოაქვს ამას. გასაყიდად ჯერჯერობით  ვერ ვიმეტებ  ჩემ ნახატებს –  ვერ ველევი.

ბევრჯერ მითქვამს, რომ მირჩევნია ამ ნახატების ასლები გავაკეთო, თუ კი სურვილი აქვთ ყიდვის.

ძირითადად რა თემაზე იქმნება თქვენი ნახატები?

– ძალიან მიყვარს ნატურმორტების ხატვა, სეზანისგან  მაქვს ეს სიყვარული ალბათ.  ხშირად ვაკეთებ მისი ნატურმორტების ასლებს. ყველა ხომ ამით იწყებს ხატვას, თუ ვერ ხატავ „ვაშლს“ ვერ დახატავ  ფიგურას ა.შ.  ამიტომ  ჩემთვის  მნიშვენლოვანია ნატურმორმოტზე მუშაობა. ხშირად  ვაკეთებ პეიზაჟებსაც.

გიმუშავიათ თქვენი პროფესიით (ხატწერის განხრით)?

– აკადემიის შემდეგ ხატწერაში ბევრი არ მიმუშავია, სულ რამდენიმე ხატი დავწერე და  აქედან ყველაზე გამორჩეული იყო ღვთისმშობლის ხატი  ‘’მსწრაფლშემსმენელი’’, რომელიც სოფელ საღოლაშენის მიძნების ეკლესიას შესწირეს, ამავე სოფლის სკოლის მოსწავლეებმა. ეს მართლაც  საოცარი გრძნობაა, როდესაც შენს დაწერილ ხატთან ადამიანები მიდიან და ლოცულობენ.

გამოარჩევთ რომელიმე ნახატს თქვენი ნამუშევრებიდან, რომელიც გამორჩეულად გიყვართ?

– ნატურმორტი, რომელსაც სხვა ნახატებისგან ყოველთვის გამოვყობ.

არის ნახატი, რომელიც თქვენთვის იქცა ინსპირაციად?

– ჩემს შთაგონებად იქცა „მაია პლისეცკაია“, რომელიც იყო   მსოფლიო დონის ბალერინა. ეს ნამუშევრები დასრულებული არ მაქვს ჯერ კიდევ.

რომ არა ფერწერა, ხედავთ საკუთარ თავს სხვა პროფესიაში?

– ხელოვნების გარეშე ჩემი ცხოვრება რა თქმა უნდა ვერ წარმომიდგენია. რა პროფესიაც არ უნდა ამერჩია, ის მაინც იქნებოდა ხელოვნებასთან კავშირში.

თქვენი ჰობი?

– ვაგროვებ წიგნებს  ძვ.ეგვიპტური ხელოვნების და  ზოგადად, მხატვრობზე. ასევე ვაგროვებ ლამაზ ფიგურებს.

დიდ დროს ვუთმობ მუსიკას. რამდენად არის ეს ჰობი არ ვიცი, რადგან ვსწავლობდი  ბავშვობიდან. მოხდა ისე, რომ ვერ გავყევი ბოლომდე, მაგრამ  ის მაინც დარჩა ჩემთვის საინტერესო და საყვარელ საქმედ. ხშირად ვუკრავ ფორტეპიანოსა, თუ გიტარაზე და მიყვარს როცა მღერი ჩემი  მეგობრებისთვის.

ხატვის გარდა თუ საქმიანობთ კიდევ რაიმეს?

– არის ასეთი ორგანიზაცია “საქართველოს კარიტასი”, სადაც ბავშვთა თავშესაფარია და  იქ ვასწავლი ხატვას.

მარიამ ხუციშვილი

 

გაზიარება