ლევან გულბათაშვილს სიმღერისა და წამყვანობის ნიჭი ბავშვობიდან აღმოაჩნდა. პირველ კლასში იყო, როდესაც სკოლიდან დაბრუნებულმა ფანქრით, პლასტელინით, ბრჭყვიალა ქაღალდითა და კუბიკით მიკროფონი გააკეთა. მას შემდეგ, ეს ნივთი მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

დღეს წამყვანობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. სტარტი ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ტელეკომპანია „ჩატბოქსში“ აიღო. ამას მოჰყვა რადიო „ევროპა“, „საქართველოს ხმა“, „დარდიმანდი“. ამჟამად კი უკვე ორი წელია რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერიდან ესალმება მაყურებელს.

ლევან გულბათაშვილი: მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი ყველაზე პოპულალური იყო და რუდუნებით ვაკვირდებოდი გადაცემებს და მის წამყვანებს. როგორც აღმოჩნდა მომწონებია გამოცხადების სტილი, ანუ ანონსი და დავიწყე მეც გამოცხადება, თუ რომელი გადაცემა რომელ საათზე გავიდოდა: 7 საათზე – მულტიპლიკაციური ფილმი, 8-ზე რაღაც, 9-ზე კიდევ რაღაც და დადგა დრო 10 საათისა. გავიჭედე.. რაღაცას ვერ ვიხსენებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ტელევიზორში დიდი ხნით არ შეიძლებოდა გაჩერება ჩუმად და უნდა დამეძვრინა თავი… უცბად წამოვიძახე: 10 საათზე „ამირანი ჩრდილში“. დედა თურმე შორიახლოს იდგა და მიყურებდა. ვეღარ მოითმინა, სიცილი აუტყდა: შვილო, „ამირანი ჩრდილში“ კი არა „ჩრდილი გზაზეო“. მანუგეშა, არაუშავს, რომ გაიზრდები აღარ შეგეშლება და აუცილებლად კარგი წამყვანი გამოხვალო.

ლევან, რა არის რადიო შენთვის?

– არ არსებობს მე რადიო ეთერში დავჯდე და არ დამავიწყდეს ყველა პრობლემა, იქნება ეს პირადი თუ ცხოვრებისეული. რადიო და მისი მსმენელი საუკეთესო ანტიდეპრესანტია ჩემთვის. მადლობა ყველა იმ ცოცხალს თუ გარდაცვლილს, ვინც რადიო სივრცის გამოგონებასა და განვითარებას შეუწყო ხელი… „აი ემ მადლიერ“. საავტორო გადაცემა ჯერ არ მაქვს, თუმცა, როგორც კი დროს გამოვნახავ, აუცილებლად გავაკეთებ და ზუსტად ვიცი, ძალიან კარგიც გამომივა.

ლევან, მუსიკალურ წამყვანად სადაც გიმუშავიათ, „დარდიმანდის“ და „არ დაიდარდოს“ გარდა, ყველგან „ლეგო“ გერქვათ. რატომ აირჩიეთ ეს სახელი?

– მოკლედ, განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ ლევან გულბათაშვილზე სახელისა და გვარის პირველი ორი ასო, ანუ „ლე-გუ“ კარგად არ ირითმებოდა, ლამაზი არ გამოდიოდა და „ლეგო“ გადავწყვიტე. ამჯერად გვარის პირველი ნაწილი წამოვწიე წინ და „გულბათით“  გავდივარ ეთერში.

ტელევიზიაშიც გიმუშავიათ. რა სპეციფიკით გამოარჩევდით რადიოს ტელევიზიისგან?

– ტელევიზიაში 3 წელზე მეტი ვიმუშავე, გასართობ-მუსიკალური შოუს წამყვანის პოზიციაზე ტელეკომპანია „ჩატბოქსში“, სადაც პირველი გამოცდილება მივიღე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 2017 წლის იანვარში დავიწყე მუშაობა საპატრიარქოს ტელევიზიაში „ერთსულოვნება“, სადაც ცოტა ხანს ვიმუშავე. იქ საჭირო იყო დრო, იმისათვის, რომ თემები დაგემუშავებია და გაგეშალა, მითუმეტეს სპეციფიკა იყო ცოტა განსხვავებული. მე ლაღი, უდარდელი ასეთ ფორმატს ვერ მოვერგე და ვაღიარებ, ჩემი საქმე არ იყო ის, რასაც იქ ვაკეთებდი. არც დრო მქონდა იმისათვის, რომ მემუშავა საკუთარ თავზე.

ანუ ტელევიზიაში დაბრუნებას არ გეგმავთ?

– ასე გეგმიურად არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ, ალბათ, უფრო მუსიკალურ-გასართობი შოუთი დავკავდებოდი ტელევიზიაშიც.

ახლა სიმღერაზე გადავიდეთ. როგორ მოხვდით ანსამბლში „გვირილა?“

– „გვირილაში“ დედამ მიმიყვანა, თუმცა იმ დროს გაჭირვების ხანა იყო და ვერ შევძელი სიარული. რამდენიმე თვეში გამოვედი. შთამბეჭდავი იყო იქ გატარებული ყოველი დღე. დავდიოდი გიტარაზეც.  ხუთწლედი დავამთავრე, მაგრამ რატომღაც კლასიკურმა გიტარამ ვერ მომხიბლა, უბრალოდ ოჯახს ხათრი ვერ გავუტეხე. თუმცა სამოყვარულო დონეზე ვუკრავ სამეგობროში სიმღერებს.

რამდენი სიმღერაა თქვენს რეპერტუარში? რომელს გამოარჩევდით?

– რამდენიმე სიმღერა მაქვს, თუმცა ოფიციალურ რეპერტუარში ვერ შევიყვან… ჩემი სოლო სიმღერებიდან გამოვარჩევ სიმღერას „ვარსკვლავები“… ყოველთვის გამორჩეული ემოციით ვმღერი. სიყვარულს, სიკეთეს ეტრფის და ეს თემატიკა ყველაზე მეტად მხიბლავს. ჩვენც ხომ ამისთვის ვართ მოვლენილნი, თუმცა ამას ყველა ვერ აცნობიერებს სამწუხაროდ… მაქვს ასევე დუეტები მარიამ მაღრაძესთან, სალი თავართქილაძესთან, სოფი რაფაელასა და ბექა წულაიასთან ერთად.

კიდევ ვისთან ერთად ისურვებდით დუეტის ჩაწერას?

– ალბათ არაერთთან. საბედნიეროდ ძალიან ბევრი სასურველი მომღერალია. ნიშანდობლივად ჯერ ვერ დავასახელებ, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო.

ანსამბლ „იბერიას“ წევრიც ხართ. როდის შეიქმნა ეს ანსამბლი?

– ჯგუფი „იბერია“ ჩემი ძვირფასი და ნიჭიერი ბიჭებით… ეს ჩემი სიმდიდრის უდიდესი კაპიტალია. პირველ ხმას ვმღერი. რაც მთავარია, გაამართლა ამ თავშეყრამ პროფესიულად. 4 წელი შეგვისრულდება 25 ივნისს. დიდი რეპერტუარის მიუხედავად 5 სიმღერა გვაქვს სტუდიურად ჩაწერილი. ველოდებით სპონსორს, რომელიც თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცივით გვჭირდება, ოღონდ. რა თქმა უნდა, არა ზღაპრად, ლეგენდად. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ეს საოცრად უძლებს ყველა დაბრკოლებას, მეტიც, წარმატება არ გვაკლია.

კარიერის გაგრძელებას სიმღერის კუთხით გეგმავთ თუ რადიოწამყვანის?

– საბედნიეროდ ორივეს ვახერხებ. ვერცერთის გარეშე წარმომიდგენია ჩემი თავი. ეს ჯაჭვია, რომელიც მინდა არასოდეს გაწყდეს. ვუფრთხილდები და ყოველთვის ახალ რგოლს ვუმატებ. იმდენად საინტერესოა ჩემთვის ორივე ხაზი, რომ არცერთს ვაკლებ დროს სწორი განვითარებისთვის. თუმცა სიმღერაში მქონდა გარკვეული ჩავარდნები, მაგრამ რადიოს გარეშე არასდროს დავრჩენილვარ. მჯერა, რომ არც სიმღერა დამტოვებს არასდროს.

გარდა სიმღერისა და რადიოსი, კიდევ რითი ხართ დაკავებული?

– ამ ორ საქმეს იმდენი დრო მიაქვს, რომ ფაქტიურად ვეღარაფერს ვითავსებ. თითქმის ყოველ საღამო ვმღერი რესტორანში, ზოგჯერ მიმყავს კიდეც, როცა ცალკე ჰონორარს მთავაზობენ.

ახლა ცოტა პირად ცხოვრებაზეც ვისაუბროთ… გყავთ ორი შვილი და ხართ მეორე ქორწინებაში…

– პირველი ქორწინებიდან ორი უჭკვიანესი და უსაყვარლესი შვილი მყავს. 11 წლის ხდება თამარი და 6 წლის არის ნიკოლოზი. მათი არსებობა ჩემთვის სიცოცხლის და ცხოვრების მთავარი არსია. გვაქვს უიდიალურესი და ფანტასტიური მამაშვილობა. რაც მთავარია, გულწრფელი, ღვთივკურთხეული სიყვარული და ურთიერთობა.

როგორ გაიცანით მეუღლე?

– ბედისწერის არ მჯერა და არც არასდროს მჯეროდა, მაგრამ ვცდილობ ღვთის ნებას დავემორჩილო. ზუსტად ეს ის თემაა, რომელზეც განსაკუთრებით თვალებანთებული ვსაუბრობ. ანანო, „ანნა“ გავიცანი ანტალიაში, სადაც ისე ჩავედით მის სახლში სტუმრად, რომ არც კი ვიცნობდი. ეს ჩემი მეგობრისა და ანანოს დედის დაჟინებული თხოვნა იყო. პირველად ბექა წულაიასთან ჰქონდა დედაშვილური და უკიდეგანოდ მეგობრული ურთიერთობა ქეთევანს, ანანოს დედას. შემდეგ ჩვენც დავმეგობრდით და დაგვპატიჟა თავისთან სტუმრად. აგვიღო ბილეთები და ჩავედით მასთან სახლში. იქ დამხვდა ცქრიალა, მოწესრიგებული და უსაყვარლესი გოგონა, რომელსაც არც ისე გაეხარდა თავდაპირველად ჩვენი დანახვა. საყვედურიც კი უთქვამს დედისთვის, არ ვიცნობთ და აქ როგორ ეპატიჟებიო. მაგრამ ქეთევანმა დაამარცხა რა ანანოს პროტესტი, ჩვენ მაინც აღმოვჩნდით ანტალიაში. პირველ დღეს ვიფიქრე, რომ იქ ვეღარ გავჩერდებოდი და სანამ ბექა „მოივოიაჟებდა“, მე ჩემს ნათესავთან გადავიდოდი ორი კვირით და შემდეგ თბილისში დავბრუნდებოდით.

აღსანიშნავი ის არის, რომ ბექა ძალიან ბევრი მეხვეწა წავსულიყავი მასთან ერთად თურქეთში, სადაც უკვე მთელი სერიოზულობით მომზადებული ქეთინო გველოდებოდა… და რა? აღმოვჩნდი ანანოს უღიმილო და შუბლშეკრულ გარემოში…  ღმერთო, ზრდილობის გამო გამაძლებინე დღეს აქ და ჩემს სახეს ვეღარ ნახავენ მთელი ორი კვირა მეთქი. მაგრამ ვაი, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. თბილისში დამრჩა ზურგჩანთაში ჩასადებად გამზადებული ზღვის „შლოპანცი“. როდესაც ვთქვი, რომ „შლოპანცის“ საყიდლად უნდა გავსულიყავი გარეთ, სრულიად მოულოდნელად ანანომ გამოთქვა სურვილი, რომ წამომყვებოდა და ამარჩევინებდა. მე და ანნა წავედით და არც ისე მალე დავბრუნდით… მოვიარეთ ანტალიის სავაჭრო ცენტრები, ბევრი ნაყინი და შეიკი მივირთვით და დავბრუნდით სახლში შეხმატკბილებულები. უცბათ გაიარა ორმა კვირამ. მე და ბექა წამოვედით. ვაი იმ წამოსვლას. ისტერიული მიმოწერა გვქონდა მე და ანნას. მე ვუთხარი, თუ შენ არ ჩამოხვალ, მე აუცილებლად ჩამოვალ შენს სანახავად მეთქი. მან დამასწრო… ჩამოვიდა. ზუსტად ერთ წელში დავოჯახდით და ვხცოვრობთ ასე ბედნიერად.

ლევან, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახსა და კარიერას?

– კარიერა ხელს არ უშლის ადამიანს ოჯახთან ურთიერთობაში და არც ოჯახი – კარიერის აწყობა-განვითარებაში. თუმცა რამდენჯერმე დგები დილემის წინაშე. მაგ დროს გჭირდება საღი აზროვნება და ცივი გონებით გადაწყვეტილების მიღება. მქონდა სერიოზული პირადი პრობლემები, როცა თავს ვერ ვართმევდი სამსახურს. მაგრამ ღვთის შეწევნით, მეგობრების დახმარებითა და გვერდში დგომით, ეკლესია-მონასტერში უძვირფასესი მამაოებისა და ბერების ძლიერი სიტყვით არც როგორც პიროვნება დავიკარგე და არც რომელიმე სამსახური დავტოვე ამ მიზეზის გამო. თავისუფალ დროს ოჯახთან, მეუღლესთან და შეძლებისდაგვარად ჩემს შვილებთან ერთად ვატარებ.

რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?

– ამბობენ არაფერსო, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მიეცეს ნებისმიერს, დარწმუნებული ვარ, ყველა შეცლიდა გარკვეულ დეტალს, წამს, წუთს, საათს, დღეს, ან თუნდაც, წელს. მათ შორის მეც… ბევრ ადამიანს, რომლებიც ვერ აფასებან ცხოვრებაში სიკეთეს, პატივისცემას, ერთგულებას, და თუნდაც ვერ უძლებენ გასაჭირსა და განსაცდელებს.

ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში?

– არ მინდა ვიყო უმადური ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც კი ცხოვრებაში ხელი წამკრა და მიბიძგა წინსვლისკენ კონკრეტული პროფილით, მაგრამ ყველაფერი ღმერთის ნებაა. ღმერთი გვიგზავნის ადამიანებს, რომლებიც გვეხმარებიან და გზაზე გვაყენებენ. ადამიანი უზენაესი ქმნილებაა დედამიწაზე და მაინც იმ აზრზე ვრჩები, რომ  თვითონ ვქმნით ჩვენს ცხოვრებას და პირველ რიგში ჩვენი თავით უნდა ვიყოთ კმაყოფილნი ან უკმაყოფილონი ნებისმიერი წარმატებისა თუ წარუმატებლობის დროს. ღმერთი გვიგზავნის და თუ რამეს ან ვინმეს გვერდში დგომას ვერ დავაფასებთ და ვერ გამოვიყენებთ სწორად ეს უკვე ჩვენი უგუნურობის ბრალია.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– არ ვიცი ეს ნაკლია თუ არა, მაგრამ ვერასდროს ვგეგმავ წინასწარ რამეს. შესაბამისად, ვერც იმას გეტყვით, რამე გვაქვს დაგეგმილი მეთქი. თუმცა გეტყვით, რომ ჯგუფი „იბერია“ რიგით მეექვსე ალბომზე ვმუშაობთ და ამას სიურპრიზად დავტოვებთ. ასევე ჩაიწერა საკმაოდ ცნობილი სიმღერის ახლებური ვერსია ბექა წულაიასთან ერთად, არაჩვეულებრივი მახო რეხვიაშვილი „წაუდაბსტეპებს“. განსხვავებული ფორმატით წარვუდგენთ ხალხს, მართლაც რომ ამ სახალხოდ და საქვეყნოდ ცნობილ სიმღერას.

მასალა მოწოდებულია „განსაკუთრებული ჟურნალიდან“

ავტორი,

ეკა უმეკაშვილი

 

გაზიარება