„წარუმატებლობის შემთხვევაში არ უნდა დანებდე. პირიქით, ეს უნდა იყოს მოტივაცია, რომ მიზანს მიაღწიო.“ – ეს სიტყვები ჩემს რესპონდენტს, ირაკლი რევიშვილს ეკუთვნის. ირაკლი მოცურავეა, რომელმაც ახლახან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ღია პირველობაზე წარმატებულად იასპარეზა და 4 ოქროს მედალი მოიპოვა.

მედლების გარდა, ირაკლი ორი რეკორდის მფლობელია. მან დაამყარა საქართველოს რეკორდი 200 და 400 მეტრ თავისუფალი სტილით ცურვაში.

ირაკლი რევიშვილის კარიერა 1996 წელს დაიწყო, ლაგუნა ვერეზე. მაშინ, როდესაც ის 7 წლის იყო. ცურვაზე მშობლებმა შეიყვანეს, რადგან ცურვა, როგორც თვითონ ამბობს, „ჯანსაღი ცხოვრებისთვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“. სპორტის ამ სახეობას კი ის ბავშვობიდან სერიოზულად მოეკიდა.

2016 წელი დატვირთული და შეიძლება ითქვას, წარმატებული გამოდგა მისთვის: ახალი რეკორდი დაამყარა და რიოს ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა. თუმცა, სანამ რიოს ოლიმპიადაზე მოხვდებოდა, ბევრი რამ მოხდა.

„რიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო შეჯიბრზე ბელორუსიის ღია ჩემპიონატზე მაისის თვეში მე და თემურ კობახიძემ ვაჩვენეთ ახალი საქართველოს რეკორდები და რიოს B-სტანდარტის საკვალიფიკაციო ნორმატივები. FINA-ს ქულების მიხედვით, მე მქონდა უფრო მეტი ქულა, ჩემი მონაცემები იყო გაგზავნილი, მაგრამ ერთი თვით ადრე ბოლქვაძემაც შეასრულა B-სტანდარტის ნორმატივი და 7 ქულით გამასწრო. ამის შემდეგ მაცნობეს, რომ ჩემი ადგილი ბოლქვაძით ჩაანაცვლეს. ამიტომაც აღარ ვემზადებოდი ოლიმპიადისთვის.“

თუმცა, წასვლამდე ორი კვირით ადრე, ბოლქვაძის სინჯმა დოპინგზე დადებითი შედეგი აჩვენა, რის შემდეგაც რიოს ოლიმპიადაზე ირაკლი რევიშვილი გაგზავნეს. მან ფინალურ ეტაპზე გადასვლა ვერ მოახერხა.

„ფინალურ ეტაპს რაც შეეხება, ამის მიღწევა ქართველი მოცურავისთვის ჯერჯერობით შეუძლებელია. იმიტომ, რომ იმ პირობებში, რომელშიც ჩვენი ნაკრები ვარჯიშობს, ასეთი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. ჩვენ ვერ შევედრებით ევროპასა და ამერიკას.“

ქართველი მოცურავეების საჭიროებებზე საუბრისას ირაკლი აღნიშნავს, რომ, უპირველეს ყოვლისა, სპორტის ამ სახეობას საკუთარი ბაზა უნდა ჰქონდეს. ოღონდ, „ისეთი არა, როგორიც ბოლო 20 წლის განმავლობაში… ძალიან დიდი ხელშეწყობაა საჭირო და ამასთან ერთად, ფინანსებიც, იმისთვის, რომ ევროპისა და მსოფლიოს ფინალურ ეტაპზე მოხვდე.“

ამბობს, რომ ბევრი წარუმატებელი გაცურვა ჰქონია, მაგრამ:

„არასოდეს დამიკარგავს საკუთარ თავში რწმენა, ყოველთვის ვსწავლობ და ვმუშაობ იმაზე, რომ ჩემი შეცდომები გამოვასწორო.“

ფიქრობს, რომ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყოველთვის გქონდეს მიზანი, რისთვისაც მუშაობ ან ვარჯიშობ.

ვარჯიშს ყოველდღიურად 3-4 საათს უთმობს. ამბობს, რომ ცურვა მისთვის ყველაფერია და მასზე „ფანატიკურად არის შეყვარებული“. ასევე, ფიქრობს, რომ სხვა საქმისთვის რომ მოეკიდა ხელი, ისიც ანალოგიურად შეუყვარდებოდა.

ამბობს, რომ „ყოველი ვარჯიშის დროს, თუ “კუნთები არ გეწვის და ფილტვებში ცეცხლი არ გინთია”, მაშინ დროს ტყუილად კარგავ!“.

უახლოესი შეჯიბრება აგვისტოში აქვს:

„რაც შეეხება უახლოეს შეჯიბრებებს, აგვისტოს თვეში ევროპის ჩემპიონატი გვაქვს და შევეცდები წარმატებით ვიასპარეზო.“

ბლიც კითხვები:

საყვარელი კერძი… პასტა.

ხშირად ვფიქრობ… ვარჯიშზე.

ბედნიერება არის… სიყვარული.

ის, რასაც ცურვის გამო ვერ ვაკეთებ… არ ვარ შეზღუდული არაფერში, რადგან ეს ჩემი ცხოვრების წესია

ცხოვრების მთავარი პრინციპები… დისციპლინა და საქმის სიყვარული

(Visited 45 times, 1 visits today)

კომენტარები