ხელოვანი ადამიანი ვერ გახდები თუ ბუნებით, დაბადებიდანვე არ გაგაჩნია ამის ნიჭი, ვერ გახდები თუ მატერიალური სამყარო გხიბლავს, თუ არ გიყვარს ოცნება, ფიქრი რაღაც სხვაზე – ახალსა და განსაკუთრებულზე. ხელოვნება – ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, ამიტომ ის უფრო მეტად თანდაყოლილია, ის შინაგანი ძალა და ენერგია რაც ადამიანის შიგნითაა. სტუდენტობის ასაკიდან დაიწყო თამუნას შემოქმედების ისტორია, რომელმაც საკუთრი თავი ხელოვნებაში იპოვა. დღეს ზუსტად იცის, რომ ეს მისი საყვარელი საქმეა, რომლის კეთების სურვილი ყოველთვის ექნება.

The Tbilisi Times გაგაცნობთ საინტერესო შემოქმედების ავტორს – თამუნა გაჩეჩილაძეს.

თამუნა, მოგვიყევით თქვენზე,რატომ გადაწყვიტე, რომ ამ საქმიანობით დაკავებულიყავი, რა იყო პირველი დეკორაციის შექმნის მოტივაცია, როდის გადაწყვიტე, რომ სამომავლოდ გაგეგრძელებინათ ეს საქმიანობა?

პროფესიით ისტორიკოსი და იურისტი ვარ, ბუნებაზე და მოგზაურობაზე უზომოდ შეყვარებული. ის რასაც ვაკეთებ  უფრო ჰობია, ვიდრე საქმიანობა, თუმცა არის პერიოდი როცა მუდმივად რაღაცას ვაკეთებ, ისეც ხდება რომ ვჩერდები ვიდრე ახალი მუზა არ მომივა. პირველი დეკორაცია შორეულ წარსულში, 1992 წელს უნივერსიტეტის პირველ კურსელმა გავაკეთე. პატარა ხელით შეკერილი თოჯინა, რომელიც ჩემს მეგობრებს ვაჩუქე და დღემდე აქვთ შენახული.

რა არის თქვენი შთაგონება შემოქმედებით პროცესში, როგორ იქმნება თამუნა გაჩეჩილაძის ფერადი, საინტერესო, ულამაზესი დეკორაციები და როგორია სამუშაო გარემო, რომელშიც თქვენ თქვენს ნამუშევარს ქმნით?

შთაგონება წელიწადის დროა, ფერებიც და განწყობებიც მხოლოდ ამის მიხედვით მოდის. შემოდგომა ჩემთვის ფერების სათავეა, ყველაზე აქტიური და შემოქმედებითი ნოემბერში ვარ. სამუშაო გარემო ჩემი სახლის უზარმაზარი მაგიდაა და კლასიკური მუსიკა. და კიდევ ერთი ადგილი სადაც ყველაზე ბევრი რამ მიკეთებია ჩემი აგარაკის ეზოა, ზღაპარია როცა ბუნებაში ქმნი ბუნებრივი მასალით რამე დეკორაციას. ყველაზე მთავარი კიშინაგანი განცდებია, თუ ბედნიერი ხარ სასწაულს გააკეთებს ადამიანი.

თქვენი ნამუშევარი, რომელსაც არასდროს დათმობთ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რომელია და რატომ?

ასეთია საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც ექვსი ათასი ფერადი ღილისაგან გავაკეთე.

ეს ღილები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიტანე, მოვაგროვე და ორი კვირა ვაკეთე. ისეთი ფერადია და ისეთი ლამაზი ეხლაც მაისია და ჩემი სახლის ინტერიერის მთავარი ნივთია.

რა მასალას იყენებთ ნამუშევრების დასამზადებლად და ძირითადად რა სახის ნაკეთობებს ამზადებთ?

ნაწილ მასალას ვყიდულობ, სამწუხაროდ ბევრი ისეთი წვრილმანია რომელსაც საქართველოში ვერ იშოვი, ამიტომ საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ისეთ ადგილებს ვსტუმრობ, სადაც შევძლებ ჩემთვის სასურველი მასალის ყიდვას. ისეც მომხდარა რაღაც დამინახავს მანამდე არც მიფიქრია მსგავს დეტალზე, მომწონებია, მიყიდია და მერე ჩემი დეკორაციის უმნიშვნელოვანესი დეტალი გამხდარა. მაგრამ ძირითადი მასალა მაინც ბუნებრივია. გაზაფხულდება თუ არა ხშირად გავდივარ ქალაქიდან და ვიწყებ მასალის შეგროვებას. ვიყენებ ყველაფერს პურის თავთავებიდან დაწყებული, გამხმარი გვირილები, ეკლანი ბუჩქების ნაყოფი, გირჩები, რკოები, ხავსი, თხილი, კაკალი და კიდვე უამრავი სხვა.

რა არის თქვენ საქმეში განსაკუთრებულირის გამოც ის გიყვართ?

რეალობას მავიწყებს და ზღაპრულ სამყაროში გადავყავარ. და როცა გადაღლილი, რელურ სამყაროში ვბრუნდები სიხარულით მევსება გული როცა ვხედავ რა გამომივიდა.

აღნიშნავენ, რომ ხელოვანი შემოქმედებითი საქმიანობის დროს ხშირად კარგავს დროისა და სივრცის აღქმას. მუშაობის პროცესში თქვენ თუ დაგიკარგავთ რეალობის შეგრძნება?

– ასეთი ზუსტი გამოთქმა არასოდეს გამიგონია და ვეთანხმები, ბევრჯერ დამთენებია და ვერ მივმხვარვარ როგორ გავიდა დრო. არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა შენს ჩანაფიქრს რეალობად აქცევ, წარმომიდგენია რა განცდა ეუფლებოდათ დიდი ხელოვანებს თავიანთ ქმნილებას დასრულებულს რომ ხედავდნენ.

რა ისტორიები აქვს თქვენს ნივთებს და როდის ქმნით მათ?

იმისათვის, რომ რომელიმე ნივთს ისტორია ჰქონდეს მნიშვნელოვანია რისთვის ვქმნი მას და წელიწადის რომელი დროა. ჩემთვის როგორი დღეა იმასაც კი მნიშვნელობა აქვს, თუ წვიმს და ნისლია მაშინც ყველაზე დახვეწილია, მზეში შეიძლება ისეთი კარგი არ გამოვიდეს. ჩემთვის წვიმა ფიქრია და განწყობა, ამიტომ ყველაზე მეტი ნივთი სხვისთვის ცუდ, ჩემთვის კი საუკეთესო დღეებში მაქვს გაკეთებული.

ხელოვნების ნიმუში ითვლება, რომვტორის პიროვნების ნაწილ და მის შინაგან სამყაროს ასახავს. როგორია თქვნი ნამუშევრები და რამდენად ახლოსაა თქვენს ხასითთან, მუშაობის პროცესში რა როლს თამაშო თქვენი განწყობა?

ჩემი შინაგანი სამყარო ყოველთვის ფერადია, მიიუხედავად იმისა რომ რეალობა არ გვაქვს ასეთი. ვცდილობ რეალობაში დიდხანს არ დავრჩე და  ისეთს ვხედავდე სამყაროს როგორიც მინდა. ნამუშევრები ალბათ ჩემი ოცნების სამყაროსთან უფრო ახლოა. დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარს და ნოემბერი დადგება თუ არა უკვე განწყობაც ამაღლებული მაქვს, ვიდრე დადგება ახალი წელი ყოველ დღე ვმუშაობ და იდეებიც თავისით მოდის. ყველაზე მეტი დეკორაციაც საახალწლო  მაქვს.

სამომავლო გეგმებზე რომ მესაუბროთ, რისი გაკეთება გსურთ თქვენი შემოქმედების გასავითარებლად, რაზე ოცნებობთ?

რომ შემეძლოს ხელოვნების ცენტრს გავხსნიდი, სადაც ყველა ადამიანს ექნებოდა საშუალება თავისი ნამუშევრების გამოფენის, ამ სივრცეში ყოველ დღე ხელოვანების შეკრებებს მოვაწყობდი და მსოფლიოს ვაჩვენებდი ამ ნამუშევრებს.

 

გაზიარება