11 მაისს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაცია პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტეს. 12-13 მაისის აქციების შემდეგ, „თეთრი ხმაურის მოძრაობასა“ და შსს-ს შორის შეხვედრები იმართებოდა.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთი მოთხოვნა პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვის გაგრძელება იყო, რომელიც ეროვნულმა პლატფორმამ დაარეგისტრირა (და არა – იუსტიციის სამინისტროს ვერსიის).
27 მაისს „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რეჟიმი შეწყვიტა, რადგან, როგორც ბექა წიქარიშვილი („თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი) ამბობს, „ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტყვა არ შეასრულეს“.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, პარტიაში ვერ თანხმდებიან რა დროში და რა ფორმით მოხდება ცვლილებები ნარკოპოლიტიკაში.
რა მინუსები აქვს ჩვენი ქვეყნის ნარკოპოლიტიკას და როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში, რას უნდა ითვალისწინებდეს კანონპროექტი? – ამ შეკითხვებით „თბილისი თაიმსმა“ იურისტებს მიმართა.
ლევან ალაფიშვილი, იურისტი : “პოლიტიკა რომ შეაფასო, ამისთვის ის ჩამოყალიბებული უნდა იყოს პოლიტიკის დოკუმენტად. პოლიტიკის შესაფასებლად მხოლოდ სისხლის სამართლის ან სხვა კანონებში მოცემული რეგულაციები არ არის საკმარისი. თუკი სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულის ნორმებზე ვიმსჯელებთ, მოკლედ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ისინი საკმაოდ მოძველდა და პრაქტიკის ახლებურად წარმართვას აფერხებს. ახალი პოლიტიკა და მის საფუძველზე ახალი საკანონმდებლო ცვლილებები გადაუდებელი აუცილებლობაა.
რეფორმა და ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბება დიდი პასუხუსმგებლობაა, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. მმართველი პოლიტიკური ძალის გონიერება ის იქნება, რომ პარტიაში კი არ წარმართოს ეს პროცესი, არამედ გაშალოს და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს. ამით საზოგადოებას გადაუნაწილებს პასუხისმგებლობას და თავს დაიზღვევს შეცდომებისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალაში კონსენსუსი არ არის არსებით საკითხებზე, არ არსებობს ნარკოპოლიტიკის დოკუმენტის პროექტი ან ხედვა, შესაბამისად, არარსებულის შეფასება და მასზე არსობრივად მსჯელობა შეუძლებელია.”
სულხან სალაძე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე: „ წლებია მიმდინარეობს დისკუსია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა უნდა გადაიხედოს და ახალი პოლიტიკა შემუშავდეს. თუმცა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ერთისა და იმავე თემების შესახებ გვიწევს მსჯელობა, წრეზე დავდივართ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. ამ პროცესში სხვადასხვა საკითხი კომპლექსურად უნდა იყოს შეფასებული და გაანალიზებული. ერთი რამ ცხადია – დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც სახელმწიფო დგას. რეალურად, ბევრი თემაა გადასახედი. მათ შორის – რიგი საკითხების გამიჯვნა ერთმანეთისგან. საზოგადოება ამ დრომდე ელოდება გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან ეფექტური ნაბიჯების გადადგმას.
არსებული ნარკოპოლიტიკა ვერ უძლებს კრიტიკას და უნდა შეიცვალოს. ვგულისხმობ, სანქციების შემცირებას ან ზოგიერთ შემთხვევაში, გაუქმებას. იმ პირობებში, როდესაც მთავარ გამოწვევებზე ვსაუბრობთ, არსებული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს და შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ, უკვე შეცვლილ პირობებში, რა იქნება ნარკოპოლიტიკის დადებითი და უარყოფითი მხარე, პრაქტიკიდან გამომდინარე.
ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან ის ნაწილი, რომელიც ეხება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასა და მოხმარებას. უნდა გადაიხედოს მათ შორის სასჯელის ზომები. გარდა ამისა, არა მარტო ლიბერალიზაციაზე ან ლეგალიზაციაზე უნდა იყოს მსჯელობა, არამედ საუბარი უნდა იყოს კომპლექსურ პროგრამებზე : ჯანმრთელობის მიმართულებით, კულტურის, სპორტის მიმართულებით, რომელიც, ერთი მხრივ, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და მეორე მხრივ, ადამიანებს გაუჩენს იმის განცდას, რომ ნარკოტიკების მოხმარების გარდა სხვა უამრავი საშუალებაც არსებობს.“
ნინი მაზიაშვილი