უცხოური თუ ადგილობრივი მედია საშუალებების ყურადღება გვატემალაში მიმდინარე მოვლენებისკენ არის მიპყრობილი. ვულკანის ამოფრქვევამ რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მთავრობაში ამბობენ, რომ ვულკანის გააქტიურებას ელოდნენ, თუმცა ის ნაადრევად ამოიფრქვა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია ვერ შეძლეს. ვულკანის ამოფრქვევის დროს ლავის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ს უდრის.
ვულკანის შესახებ
ფუეგო გვატემალის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ადგილობრივების თქმით, ვულკანს მუდმივად ღვიძავს, ის ყოველ 15-20 წთ-ში ერთხელ მცირე მტვერსა და გაზს აფრქვევს. ვულკანი წლების განმავლობაში თანდათან იღვიძებდა, გაღვიძების პირველი ფასა 2012 წლის 19 მაისს დაიწყო,როცა 1974 წლის შემდეგ ვულკანიდან ლავა ამოიფრქვა. მცირე რაოდენობის ლავის ფრქვევავ 2016 წლის იანვარში შეწყდა.
დაზიანებული ტერიტორიები
გვატემალას რესპუბლიკა ცენტრალურ ამერიკაში მდებარეობს. ქვეყნის მოსახლეობა 16 მილიონი ადამიანია. გვატემალა მთიანი ქვეყანაა, მისი ტერიტორიის ნახევარზე მეტი მდებარეობს 1000 – 3000 მეტრის სიმაღლის ზონაში. წყნარი ოკეანის სანაპიროზე გაჭიმულია ვულკანების 30-მდე მთათა ჯგუფი. ამ მხარეში მდეობარეობს ცენტრალურ ამერიკაში ყველაზე დიდი მოქმედი ვულკანი ტახუმურკო (4217 მ), ტაკანა (4117 მ), ფუეგო – (3918 მ), აგუა, სანტა – მარია და სხვა.
ვულკანი ფუეგოს ლავამ, რომელიც 3 ივნისს ამოიფრქვა მიმართულება რამდენჯერმე შეიცვალა, რამაც გაართულა ევაკუაციის პროცესი. ლავამ გაანადგურა ელ როდეო და ელ რეუნიონი, სოფელი ლა ლიბერდადი, გარდაცვლილები არიან სოფელ სან მიგუელ ლოს ლოტეში.
საგანგებო მდგომარეობა
გვატემალაში ამოფრქვეული ვულკანის შესახებ ინფორმაცია პირველად ABC News-მა გაავრცელა. ვულკანი ფუეგო 3 ივნისს, ღამის საათებში ამოიფრქვა. შედეგად ლავამ დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია და რამდენიმე ასეული სახლი გაანადგურა. მოსახლეობის ნაწილმა სახლებიდან გამოსვლა ვერ მოასწრო.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ვულკანის ამოფრქვევის პარალელურად დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ, რომელიც 16 საათზე მეტხანს გაგრძელდა, წყალსაცავები დააბინძურა. სტიქიის ზონაში მაშველების გარდა მუშაობენ პოლიციელები, სამხედროები და „წითელი ჯვრის კომიტეტის“ წარმომადგენლები.
ადგილობივი სეისმოლოგიური სამსახურის განცხადებით, ვულკანმა 20 კმ-ს რადიუსში მდებარე ტერიტორიები დააზიანა. ექსპერტების შეფასებით, ეს ყველაზე მძლავრი ამოფრქვევაა 1974 წლის შემდეგ. ამ დროისთვის დაკეტილია დედაქალაქის აეროპორტი.
გვატემალას მედია მაშველებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაცილებით მეტი იქნებოდა, ვინაიდან სამაშველო სამსახურები, პოლიცია და არმიის ქვედანაყოფები ფერფლით გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო, ჯერჯერობით ვერ ახერხებდნენ რამდენიმე რაიონთან მიახლოებას.
ვულკანიდან გადმოსულმა ლავამ დაფარა ქალაქი ელ-როდეო, სადაც 14 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. გვატემალის ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 3 ათასამდე ადამიანი. თუმცა საფრთხისშემცველი, ვულკანთან ახლოს მცხოვრები მოქალაქეების რიცხვი 1,7 მილიონს აღწევს. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, გაერიდონ მდინარეების ახლომახლო ადგილებს, რადგან სწორედ მდინარის კალაპოტებში მოედინება ცეცხლოვანი ლავა. ლავის ტემპერატურა 200-დან 700 ცელსიუსამდე მერყეობს.
პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობა მოსახლეობას ფერფლისგან დამცავი ნიღბების ტარებას ურჩევს. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია გვატემალას არმია. სამხედროები ეხმარებიან მაშველებს და აწყობენ დროებით თავშესაფრებს. იწმინდება ვულკანური ფერფლით დაფარული გვატემალას მთავარი აეროპორტი.
გვატემალას ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი კი მოსახლეობას სტიქიის ზონიდან თავის არიდებისკენ მოუწოდებს, რადგან ფუეგოს ვულკანის გააქტიურების შანსი კვლავ არსებობს. BBC-ის ცნობით, სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ასობით მოხალისე მუშაობს.
ნათია კეკენაძე