ზოგჯერ ხელოვნება ქმნის ადამიანს და ან ადამიანი ქმნის ხელოვნებას. საბოლოოდ, ისინი ერთ განუყრელ მთლიანობად იქცევიან ხოლმე და ერთმანეთის გარეშე არსებობა ვეღარ წარმოუდგენიათ. ასე აღმოაჩინა  თავისი თავი მარიამ კვარაცხელიამ ხელოვნებაში და გადაწყვიტა, საკუთრი თავი ნამუშევრებში გამოეხატა. უკვე სამი  წელია საკუთარი განსხვავებული სტილი შექმნა და მიუხედავად იმისა, რომ თვითნასწავლია, მუდმივად ცდილობს განავითაროს ბრენდი. „ნოემს“ თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია არამარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.  ნამუშევრები აქტიურად იყიდებოდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.“თბილისი თაიმსს“ ბრენდის დამფუძნებელი მარიამ კვარაცხელია  ესაუბრა „ნოემის“ შექმნისა  და სამომავლო გეგმების შესახებ.

ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ, როგორ გაჩნდა „ნოემის“ შექმნის იდეა?

– 3 წლის წინ დავიწყეთ ეს საქმიანობა. მართალია, პროფესიით დიზაინერი არ ვარ, თუმცა ბავშვობიდან ვხატავ და ვკერავ. თავდაპირველად, კაბების შეკერვა დავიწყე.  მას შემდეგ რაც რამდენიმე მაღაზიას ვაჩვენე, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, სრულიად განსხვავებული დიზაინის გამო.  მოგვიანებით, გამიჩნდა იდეა, რომ კაბებთან ერთად გამეკეთებინა ქალისთვის სამკაულები.რადგან იმ დროს ქართულ ბაზარზე არ არსებობდა ტყავის საყურეები გადავწყვიტე,  პირველი საყურე სწორედ ტყავისგან გამეკეთებინა. ასე, სრულიად დაუგეგმავად და სპონტანურად შეიქმნა პირველი კოლექცია, რომელმაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა ფეისბუკის გვერდი და ფართო საზოგადოებისთვისაც გამეცნო ჩემი ნამუშევრები.

რასთანაა დაკავშირებული თავად ბრენდის სახელი-„ნოემი“?

– რაც შეეხება სახელს, ძალიან მინდოდა ჩემი ბრენდის სახელი  მოკლე, მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი ყოფილიყო. სახელი, რომელიც არ იქნებოდა არც ქართული და არც ევროპული, რაც საშუალებას მომცემდა, სამომავლოდ პროდუქცია ევროპის ბაზარზე გამეტანა. სახელი ფრანგული სახელის  „ნაომიდა“  არის წარმოებული. რა თქმა უნდა, თავად სახელსაც აქვს თავისი ისტორია და შინაარსობრივი დატვირთვა. „ნოე“-ნიშნავს დაბადებას, რაღაცის გაჩენას.“ ნოემ“ ნიშნავს ძლიერ, წარმატებულ ქალს. სწორედ ძლიერ, წარმატებულ ქალს გამოხატავს ჩვენი ბრენდი.

რა არის ბრენდის მთავარი მიზანი?

„ნოემის“ მთავარი იდეა არის სილამაზის პოვნა, მიღწევა, განწყობების შექმნა. ჩვენი დევიზი სწორედ ამას გამოხატავს „მიაღწიე სილამაზეს“ . როგორც თავად მომხმარებლები აღნიშნავენ, ბრენდი ზრუნავს მათ განწყობებზე, სამკაულებს არჩევენ თვალის ფერის და განწყობის გათვალისწინებითაც. დეტალები არის ის, რაც მათ ხდით განსხვავებულებს და თავად ბრენდს გამოარჩევს სხვებისგან. ჩემთვის თითოეული ქალი ლამაზია, ყოველ მათგანში არის გამორჩეული დეტალი, რაც მათ განსაკუთრებულს ხდის.

როგორ შეხვდა მომხმარებელი თქვენს პროდუქციას?

– მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ მცირე დროში ბრენდმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ქართველ მომხმარებლებში, ასევე საზღვრებს გარეთ. ოფიციალურად 210 პლაგიატი იყო დაფიქსირებული ჩვენი ბრენდის. წარმოების გაზრდაც მალევე  მოვახერხეთ და დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება მიწოდება. მოგვიანებით, შევიძინეთ ყველა ის საჭირო დანადგარი, რაც მნიშვნელოვანი იყო პროდუქციის საწარმოებლად და მალევე გავხსენით მაღაზიაც, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო დაიხურა. თუმცა, დღეს პროფესიონალ გუნდთან ერთად  ვაპირებთ, კვლავ გავზარდოთ წარმოების პროცესი და შევქმნათ მაღალი ხარისხის პროდუქცია.

ძირითადად რა მასალა გამოიყენება პროდუქციის შესაქმნელად?

– ძირითადად ვიყენებთ მაღალი ხარისხის ტყავს, თექას, ანტიალერგიულ, მაღალი დრეკადობის ფოლადს, რომელიც მაღალი ხარისხის გარანტია. ასევე, თუ ვინმეს  რაიმე სახის ალერგია აქვს, ასეთ შემთხვევაში ვიყენებთ ვერცხლის სამაგრებს.

როგორია ფასები და რამდენად ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის?

– თითოეული ნამუშევარი საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ძალიან მინდა, რომ „ნოემი“ იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ამიტომ ვფიქრობ, იმ შრომასთან შედარებით რასაც თითოეულ ნივთში ვდებთ,საკმოად იაფია. ფასები იწყება 29 ლარიდან და 79 ლარის ფარგლებში მერყეობს. მართალია, ინდივიდუალური შეკვეთებით არ ვამზადებთ, თუმცა სურვილის შემთხვევაში ვითვალისწინებთ მსგავს დეტალებს, ალერგიულ ფონთან დაკავშირებით.

როგორია თავად შექმნის პროცესი?

ჩემი იდეების წყაროები, ჩემი მუზები, თავად ქალები არიან. ძალიან მინდა, ჩემი საყურეები  კონკრეტული ადამიანების ხასიათს ატარებდნენ. სწორედ ამიტომ ვქმნი არა უბრალოდ ესკიზებით, არამედ მოდელებს ვურჩევ შესაბამის საყურეებს, რომლებიც მთლიანად გამოხატავს მათ შინაგან ბუნებას, უხდება მათ სახეს და ზოგადად სტილს. მთლიანად ვგრძნობ ხასიათს, როგორი ფორმა მინდა რომ იყოს, როგორი ფერი, რა დანიშნულება ჰქონდეს ამა თუ იმ კოლექციას. ჩემეული წარმოსახვით  ვქმნი ლამაზ საყურეებს ლამაზი ქალებისთვის.

რა არის თქვენი ნიშა, ის რაც სხვებისგან გამოგარჩევთ?

– პირველ რიგში, მაღალი ხარისხის, დახვეწილი და განსხვავებული ნამუშევრები.ასევე, ვფიქრობ, ის მომსახურება რასაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ, ჩვენ მათ სურვილებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. მინდა, ქალებს მაქსიმალური კომფორტი ჰქონდეთ და ნოემი იყოს ის ბრენდი, რომელიც თითოეულ მათგანს შეუქმნის იმის შეგრძნებას, რომ ეს ბრენდი ზრუნავს მათს განწყობაზე.

როგორია „ნოემის“ სამომავლო გეგმები?

– სამომავლოდ ვგეგმავთ კვლავ დავიბრუნოთ ის პოპულარობა და სიყვარული რაც გვქონდა ბრენდის გამოჩენისას. ამ ეტაპზე 200 სახეობის, სხვადასხვა დიზაინის საყურეს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს, რაც ვფიქრობ, საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი მიღწევაა. „ნოემის“ ძირითადი ხაზი კვლავ სამკაულები დარჩება. მუდმივად განახლებად და საუკეთესო ხარისხის პროდუქციას შევთავაზებთ მომხმარებლებს. სამომავლოდ კვლავ ვგეგმავთ წარმოების გაფართოებას და პროდუქციის გატანას ექსპორტზე, რადგან ძალიან დიდი დაინტერესებაა. რამდენიმე ქვეყანა უკვე მზად არის, აწარმოოს ჩვენთან მოლაპარაკებები და შეიძინოს  ჩვენი ნამუშევრები.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

 

 

 

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები