საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო ცვლილებებზე, ავტოპარკის განახლებაზე, საფასურის შეგროვების ერთიანი სისტემის შემუშავებასა და სატრანსპორტო სხვა მიმდინარე მნიშვნელოვან თემებზე, The Tbilisi Times-ს თბილისის მერიის წარმომადგენელი ესაუბრა.

თბილისის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, რომ შესაძლოა მუნიციპალურ ტრანსპორტზე არსებული შეღავათები მიკროავტობუსებზეც გავრცელდეს. კერძოდ, გადახდიდან საათ-ნახევრის განმავლობაში მგზავრობა უფასო გახდეს. როდის შევა ეს ცვლილება ძალაში და ხომ არ იგეგმება სხვა შეღავათების დაწესება?

– 4 აპრილს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. მისი მეშვეობით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრა“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების რეორგანიზაციისა და ინტეგრირებული ავტომატიზებული მგზავრობის საფასურის შეგროვების გეგმას შესთავაზებს. ,,სისტრა“ კვლევებზე დაყრდნობით, მრავალკომპონენტიან, ვადებში გაწერილ პროგრამას შეიმუშავებს, რომელიც დედაქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი სარეკომენდაციო დოკუმენტი იქნება. კომპანიამ მერიას დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა შესთავაზოს. გადახდის ინტეგრირებული ავტომატიზირებული მგზავრობის საფასურის შეგროვების სისტემის პროექტის შემუშავებაზე „სისტრას“ მუშაობა ჯერ არ დაუწყია. ამდენად, ამ ეტაპზე უცნობია ის წინადადებები, რომლებსაც კომპანია მგზავრთათვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით დედაქალაქს შესთავაზებს.

შესაძლოა დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშუტო ხაზები გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს. როდის განხორციელდება ეს ინიციატივა და რომელ სამარშურტო ხაზებს შეეხებათ ცვლილება?

-კომპანია იმუშავებს ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციაზე, რომელიც გულისხმობს  ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების შესწავლასა და თბილისისთვის ოპტიმალურ, მგზავრთა ინტერესებზე მორგებულ დაგეგმვას, ამ პროცესში კი გათვალისწინებული იქნება მეტროს მუშაობის სპეციფიკაც. სისტრამ“ მერიას თითოეული მარშრუტი რუკების, მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობების, გაჩერებების განრიგის, გადაჯდომის არეალების, ფეხით სავალი მანძილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით უნდა წარუდგინოს. იქედან გამომდინარე, რომ კვლევა თბილისის მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში გადაეცემა, ჯერჯერობით უცნობია რომელ მარშრუტებს შეიძლება შეეხოს ცვლილებები. ასევე, რეკომენდაციების განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ კვლევის დასრულებისა და დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მისი მოწონების შემდეგ.

რამდენი ავტობუსი და რა მარშრუტები დაემატება თბილისის სამარშრუტო ქსელს?

– თბილისის მუნიციპალიტეტის მერია უახლოესი 3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად 700 ახალი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს, რომლებიც 2016-2017 წლებში შეძენილ 144 „მანის“ მარკის ავტობუსთან ერთად შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტოპარკს მნიშვნელოვნად გაზრდის. მიმდინარე წლის 24 მაისს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ გამოაცხადა ტენდერი 90 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე. კვლევის პროცესში თითოეული მარშრუტი ცალკ-ცალკე დამუშავდება და განისაზღვრება მათზე გადანაწილებული ავტობუსების რაოდენობები და გრაფიკები.

რამდენად წარმატებულია პირველ მარტს განხორციელებული ცვლილება, რომელიც შეეხებოდა თბილისის 14 ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსების მხოლოდ გაჩერებაზე გაჩერებას? არის რაიმე დარღვევები ან წინააღმდეგობები მგზავრების მხრიდან?

აღნიშნულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ავტობუსების მარშრუტების სავალ გზაზე ქაოტური გაჩერებები, რამაც თავის მხრივ შეამცირა მათგან გამოწვეული შეფერხებები, ხოლო მარშრუტების მომხმარებელი მგზავრი უფრო ორგანიზებული გახდა და ძირითადი ნაწილი სარგებლობს ავტობუსების გაჩერებებთან არსებული ქვეითთა გადასასვლელებით, რითაც ამაღლებულია უსაფრთხოება. არის შემთხვევები, როდესაც მგზავრების მოთხოვნებიდან გამომდინარე მძღოლების მიერ გაჩერება არ ხდება ავტობუსების გაჩერებების ადგილებზე, რის გამოც მძღოლების მიმართ დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება ახალი ქუჩების დამატებით გათვალისწინებას, იგი აუცილებლად იქნება განხილული 14 ქუჩაზე სრული წესრიგის დამყარების შემდეგ.

აკაკი ალაგარდაშვილი

(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები