ადამიანების ნაწილი თვლის, რომ  ბავშვები კონკურსებში მონაწილეობას პატარა ასაკიდანვე უნდა მიეჩვიონ, ნაწილი კი ამ შეხედულებას კატეგორიულად არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ პატარები იმდენად მგრძნობიარეები არიან, რომ წაგება მათ ფსიქიკაზე ცუდად აისახება. „თბილისი თაიმსი“ სწორედ ამ საკითხით დაინტერესდა. სასურველია თუ არა ბავშვობის ასაკში რაიმე სახის შეჯიბრში მონაწილეობის მიღება და რა ასაკიდანაა ბავშვი მზად კონკურსში მონაწილეობისათვის, ამ და სხვა საკითხებზე, ფსიქოლოგ ნინო კერესელიძეს ვესაუბრეთ.

რას ფიქრობთ ბავშვების კონკურსებში მონაწილეობასთან დაკავშირებით? წაგებამ პატარებზე  რა უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს?

– ბავშობის ასაკში კონკურსებში მონაწილეობას არ მივესალმები, ვინაიდან ვთვლი, რომ ამით ბავშვისთვის ძალიან სერიოზული ზიანის მიყენება შეგვიძლია. პატარები მოგებას და წაგებას უფრო მეტად განიცდიან. აქვე გასათვალისწინებელია მშობლის ფაქტორი, რომელიც, როგორც ყოველთვის, ნებისმიერ კონკურსსა და შეჯიბრში  ბავშვზე მეტადაა ჩართული.

შეგვიძლია, ნებისმიერი მსგავსი შეჯიბრება განვიხილოთ. როგორც მშობლების ჭიდილი და არა ბავშვების, რაც შემდგომ  შვილზე საკმაოდ მძიმედ აისახება ხოლმე.

რა ასაკშია რეკომენდირებული ბავშვისთვის კონკურსში მონაწილეობის მიღება, როდიდან არის პატარების ფსიქოლოგია ამისთვის მზად… ჯანსაღად როდის, რა ასაკში შეიძლება აღიქვას ბავშვმა  წაგებაც და მოგებაც?

ვფიქრობ, შეჯიბრებისა და კონკურსებისთვის ოპტიმალური ასაკი პუპერტატის ასაკის შემდგომ- 18-19  წლიდან არის, მაგრამ ესეც ინდივიდუალურია, თვითონ  მოზარდი რამდენად არის ფსიქიკურად მზად იმისთვის, რომ ამხელა წნეხს გაუძლოს. მასწავლებლებს, ტრენერებს, მშობლებსა და სანათესაოს ვგულსხმობ.

ამ საკითხთან  მიმართებაში, მშობლის როლი რამდენად დიდია? რა პოზიციის დაჭერა მართებს დედას, თუკი მისი შვილი სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს?

ამ საკითხში მშობლის რეაქციები, მხარდაჭერა და მოლოდინები, რომელსაც შვილთან აჟღერებს უმთავრესია.  ჩემს პრაქტიკაში ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მოუყვანიათ მოზარდი, რომელიც მიყვება როგორ აღარ შეუძლია ვარჯიში, მეორე ადგილზე გასვლისას  საზოგადოებისთვის ახსნა-განმარტებების გაკეთება, სახლში კი მშობლის შეგულიანება შემდგომ მოგებასთან დაკავშირებით. პარალელურად კი მშობელი საპირისპირო ინფორმაციას იძლევა, თუ როგორ მოსწონოს და უყვარს შვილს ვარჯიში, გამუდმებით როგორ ნერვიულობს ყოველ მეორე ადგილზე და როგორ უდგას მშობელი გვერდით. მშობლები ხშირად ბავშვებში თავიანთ სურვილებს, მიზნებსა და ოცნებებს ანხორციელებენ, რაც, რაღა თქმა უნდა, არაა გამართლებული. თუ ამა თუ იმ კონკურსზე გასვლა რეალურად შვილის მოთხოვნილება და სურვილია, ხოლო შედეგი არც ისე სასურველი ამ დროს მშობელისთვის რეკომენდირებულია კითხოს” რა შემიძლია გავაკეთო შენთვის?“ აგრძნობისნოს რომ მის გვერდითაა, ყოველგვარი შემდეგზე „მოიგებ“ ტექსტების გარეშე.

როგორც ფსიქოლოგი, რას ურჩევდით მშობლებს, რომლებიც დილემის წინაშე დგანან-გაიყვანონ თუ არა შვილი ამა თუ იმ კონკურსსა და სხვადასხვა „შეჯიბრებზე“?

აუცილებლად გაითვალისწინონ შვილის ფსიქიკური მდგომარეობა, რამდენად  ემოციურია შვილი, როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს მარცხზე და, ასევე, გამარჯვებაზე. შეეკითხონ შვილს თუ რამდენად სურს ამა თუ იმ კონკურსზე გასვლა და რისთვის სჭირდება ეს.

მოგეხსენებათ, სილამაზის კონკურესებზე გასული ბავშვები მარცხს, ხშირად, ძალიან მძიმედ განიცდიან, ეს პირდაპირ მათ თვითშეფასებასთანაა დაკავშირებული, რასაც  მომავალშიც ექნება გავლენა. ზოგადად, ვთვლი, რომ სჯობს მოზარდობის ასაკის ჩათვლით შვილებს მხოლოდ ისეთ კონკურსებზე გასვლის უფლება მისცენ, რომლებიც ვიზუალზე არ არის დამოკიდებული. ვიღაცის მიერ დაწესებული სილამაზის სტანდარტებით უნიკალური და განუმეორებელი არსებების – ადამიანების შედარებას კატეგორიულად არ ვეთანხმები.

ნინო ზარიძე

 

 

 

 

 

 

Please follow and like us: