სამწუხაროდ საქართველოში არსებობს საკმაოდ ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი, ამისათვის არსებობენს საქველმოქმედო ფონდები და ეხმარებიან მათ, ასე თუ ისე უზრუნველყოფენ მათ ცხოვრებას. „თბილისი თაიმსს“ საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასი“-ის კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერი, ნინო ღამბაშიძე ფონდის მუშაობაზე, უშუალოდ მათ მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
რამდენი ხანია რაც თქვენი ორგანიზაცია არსებობს? რა არის მისი მთავარი მიზანი? რას ემსახურებით…
საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ 1994 წლის 3 ნოემბერს დაარსდა. დაარსების დღიდან მოყოლებული, ორგანიზაცია სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების მეშვეობით ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას ემსახურება, მიუხედავად მათი ეროვნებისა თუ რელიგიური კუთვნილებისა.
„საქართველოს კარიტასის“ მისიაა საქართველოში მცხოვრები მოწყვლადი ადამიანების დახმარება და ქველმოქმედების, სამართლიანობის, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა, ქრისტიანული ღირებულებების გათვალისწინებით და თოთოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით.
თუ გეხმარებათ სახემწიფო ფინანსურად? საიდან ხდება ფინანსური წყაროს მოძიება..
– ორგანიზაციას ფინანსურად ეხმარება, როგორც სახელმწიფო ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. ასევე, რამდენიმე ადგილობრივი კომპანია სხვადასხვა რესურსებით ეხმარება. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ესტუმროთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.caritas.ge
რამდენი ბენეფიციარი გყავთ და არის თუ არა ასაკი შეზღუდული? როგორ გიკავშირდებიან?
– საქართველოს კარიტასს ფიქსირებული 5830 ბენეფიციარი ჰყავს. თუმცა, ორგანიზაციას აქვს სერვისები, რომლებიც ყოველდღიურად სხვადასხვა ბენეფიციარს ემსახურება. მაგალითად: მოხალისეების პროექტი „წვნიანი უსახლკაროთათვის“, რომლის ფარგლებში ქუჩაში მოწყვლადი ადამიანები საკვებს იღებენ. ასევე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სერვისი, რომლის ფარგლებში ბავშვებს შეუძლიათ მივიდნენ, მიიღონ საკვები, სხვადასხვა სახის ჰიგიენური თუ საყოფაცხოვრებო დახმარება და სხვა. ამდაგვარი პროექტების ფარგლებში ორგანიზაცია ბევრად მეტ ადამიანს ეხმარება.
დღეს რამდენი მოხალისე გყავთ და რა მიმართულებით ხდება გადამზადება?
– დღეს დღეისობით საქართველოს კარიტასს 110-ზე მეტი მოხალისე ჰყავს. მოხალისეებს შეუძლიათ ორგანიზაციის ყველა პროექტში ჩართვა მათი უნარ-ჩვევებიდან და სურვილიდან გამომდინარე. ასევე, მოხალისეები ახორციელებენ საკუთარ აქციებს/პროექტებს, რომლის ფარგლებშიც ისინი სხვადასხვა ჯგუფის მოწყვლად ადამიანებს ეხმარებიან.
მოხალისეების გადამზადება ხდება ინდივიდუალურად, ტრენინგების ან შეხვედრების მეშვეობით.
რამდენი ფილიალი გაქვთ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ორგანიზაციის სათაო ოფისი ქ. თბილისში მდებარეობს.
დასავლეთ საქართველოს რეგიონული ოფისი მდებარეობს ქუთაისში.
სამხრეთ საქართველოს რეგიონული ოფისი მდებარეობს ახალციხეში.
ბავშვებისა და ახალგაზრდების პროგრამა სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (არალი, ვალე, ეშტია).
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა პროექტებს ახორციელებს თბილისში, გორში, ბათუმში და სამცხე-ჯავახეთში.
სოციალური ზრუნვსი პროგრამა პროექტებს ახორციელებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
განვითარების პროგრამა ახორციელებს პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, გორში, თბილისში.
სამომავლო გეგმები: საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ მიზნად ისახავს უფრო მეტი გასაჭირში მყოფი ადამიანის დახმარებას და გვერდში დგომას. ასევე, ქვეყანაში მოხალისეობის განვითარებას და მათი საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობას. საზოგადოებაში სოლიდარობის გაძლიერებას.
მარიამ ხუციშვილი