საქართველოში აქტიური პოლიტიკური ვითარებაა. გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა და მის მაგივრად საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტს -მამუკა ბახტაძე დაიკავებს. ბახტაძე ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში პრემიერ-მინისტრობის მეოთხე კანდიდატია.
კვლევების მიხედვით, მამუკა ბახტაძის შესახებ მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ სმენია. მაგალითად, NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, 43% ამბობს, რომ არ იცის, ვინაა მამუკა ბახტაძე, ხოლო IRI-ის კვლევის თანახმად, 55%-ს მისი სახელი არ სმენია. აქედან გამომდინარე, „თბილისი თაიმსი“ ბახტაძის ბიოგრაფიას გაგაცნობთ:
მამუკა ბახტაძეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. ფლობს მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. აგრეთვე, მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. აღსანიშნავია, რომ მას 2010 წელს INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში MBA-ის კვალიფიკაცია მიენიჭა.
მამუკა ბახტაძემ კარიერა 2006 წელს საქართველოს რკინიგზაში პროექტების მენეჯერად დაიწყო. 2007 წლიდან 2008 წლამდე სასტუმროების ქსელ ,,რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, 2010-2012 წლებში – საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორის, ხოლო 2013 წლიდან კი– საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ-36 წლის პოლიტიკოსი, ფინანსთა მინისტრად, ზუსტად რვა თვის წინ -2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა.
ნინო ზარიძე