დრო და დრო, როცა ვგრძნობ, რომ ყველაფრისგან ძალიან დავიღალე და ძალები აღარ შემწევს, მართლა ძალიან შორს მივდივარ ხოლმე.

ჩემი გასაქცევი და ყველაზე თბილი, მყუდრო თავშესაფარი გახლავთ სამცხე-ჯავახეთში, ეს არის ფერისცვალების მონასტერი ნინოწმინდის რაიონში.

სულ 3 დედაო და ერთი სმაონაზვნე ცხოვრობს. აქედან 2 დედაო დედა-შვილია.
აი, აქ მივყვები ხოლმე ჩემს მოძღვარს უკანმოუხედავად.

ერთ-ერთი ასეთი გაქცევის დროს, მონასტერში გავიცანი სომეხი გოგო, ლარისა ვარდანიანი, რომ შემოვიდა და დედები გადაკოცნდა, ჩემთანაც მოვიდა და ძალიან თბილად მომიკითხა, გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და სატრაპეზოდან ეკლესიაში გავედი, წმინდა ნინოს დაუჯდომელის წასაკითხად. ჩვენი შეხვედრა 5 წუთსაც არ გაგრძელებულა.
ლოცვის დამთავრებისას ტაძარში შემოვიდა დედაო და მითხრა, რომ ლარისას სურდა მისი ნათლია გავმხდარიყავი.

ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი სიხარული, დიდი ხნის მანძილზე ვოცნებობდი, მყოლოდა ნათლული. მართლაც, ღმერთი ისე ახლოს არსად არაა შენთან, როგორც მონასტერში. იმ წამს ვიგრძენი, რომ ზეციური სიხარული მეწვია, ისე ვტიროდი, დედაომ ჩამიხუტა და ვერ მაჩერებდა. მინდოდა, გავვარდინლიყავი და ჩავხუტებოდი ამ გოგოს, მაგრამ, როგორც მონასტერს შეეფერება, სერიოზულად და მშვიდად გავედი მასთან, ბოლოს მაინც გადავეხვიე და დიდი მადლობა გადავუხადე. როგორც გაირკვა, ლარისა ბავშვობიდან მიდიოდა ხოლმე მონასტერში და საათბით იჯდა იქ, აკვირდებოდა ყველაფერს, უყვარდა იქაური დედები და სულ სხვა სითბოსა და სიყვარულს გრძნობდა.

ნათლობა 1 ივნისს, ნინოობას შედგა. ეს არ იყო უბრალოდ ცერემონია ტაძარში. ყველაფერი ისე იყო, როგორც საუკუნეების წინ. ლარისამ მირონი ფარავნის ტბაში იცხო, იქ მოინათლა და წმინდა ნინომ საჩუქრად, თავისი სახელი უსახსოვრა.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის პირველი დღე იყო, ძალიან ციოდა, – 2 გრადუსი მაინც იქნებოდა. მე და ნინო ვიდექით მამაოს წინ, ტბასთან ახლოს, ფეხშიშველები და თითო თხელი კაბის ამარა, საშინელი ქარი იყო, მაგრამ, ჩვენ არ გვციოდა, ნათლობის მადლი და ერთმანეთის სიხარული გვათბობდა. ვგრძნობდი, რომ სიცივე ძვლებში ატანდა, მაგრამ, სულს ვერ ეკარებოდა. ეს დღე კიდევ იყო ერთი საოცარი ღვთიური სიხარულის. ნინოს ნათლობა იყო, მაგრამ მთელი არსებით მჯეროდა, რომ იმ დღეს მეც თავიდან ვინათლებოდი. ეს შეგრძნება განსაკუთრებით ტბაში განბანვისას გამიღრმავდა.

მოკლედ, ეს იყო საოცრად მისტიური და უდიდესი მადლიით აღსავსე დღეს.

მაკა გოგებაშვილი

გაზიარება