განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული “აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ მოდულის” მიხედვით, დღეიდან საბავშვო ბაგა-ბაღების პერსონალის, მეთოდისტების, გადამზადება დაიწყო.
ტრენინგ–მოდული 33 სესიისგან შედგება, თითოეული სესიის ხანგრძლივობა ორი საათია.
აღნიშნული ტრენინგების სამიზნე ჯგუფები არიან პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ აღმზრდელ-პედაგოგის დადგენილ მოთხოვნებს, სურვილი აქვთ დასაქმდნენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში აღმზრდელ-პედაგოგად; ასევე პირები, რომლებიც უკვე დასაქმებული არიან აღნიშნულ დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორად ან მეთოდისტად.
ტრენინგების დროს განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა „მრავალფეროვნების ხელშეწყობა“, „თანასწორობა“ „მიმღებლობა“ „განსხვავებულის პატივისცემა“. ტრენინგების შინაარსის თანახმად, აღმზრდელმა თვალყური უნდა მიადევნოს ყველაფერს, რასაც აკეთებს ან ამბობს ბავშვი და შესაბამისი, ობიექტური, ჩანაწერები აწარმოოს.
ტრენინგ–მოდულის შეფასება 100-ქულიანი სისტემით ხორციელდება, საიდანაც მის წარმატებით გასავლელად მონაწილემ მინიუმ 60 ქულა უნდა დააგროვოს, რის შემდეგაც დატრენინგებულ პირს სერტიფიკატი გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ ტესტების შინაარსს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განსაზღვრავს. ტრენინგ-მოდულის გავლა, საართველოს მასშტაბით, 600-მდე აღმზრდელს მოუწევს.
ნინო ზარიძე