ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი იხსნება, რომელშიც მინაწილეობას ალიანსის 29 ქვეყნის ლიდერი მიიღებს. სამიტის ფარგლებში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტილებებს მიიღებენ ნატო-ს შეკავების პოლიტიკაზე, ტერორიზმთან ბრძოლასა და თავდაცვითი ხარჯების ტვირთის გადანაწილებაზე.

სამიტის პირველი დღის ფარგლებში ალიანსის წევრები თავდაცვითი ხარჯების ტვირთის გადანაწილებაზე იმსჯელებენ. 2014 წელს ნატო-ს წევრები შეთანხმდნენ, რომ ხარჯების ნაწილს გაზრდიდნენ, რაც მშპ-ს 2%-ს შეადგენდა.

“წელს მოველით, რომ ალიანსის რვა წევრი თავდაცვით ხარჯებს მშპ-ს 2%-მდე გაზრდის. შედარებისთვის, 2014 წელს ამ მოთხოვნას ალიანსის მხოლოდ სამი წევრი აკმაყოფილებდა”,- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ასევე იმსჯელებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გაძლიერებაზე. აღნიშნულის ფარგლებში იგეგმება ახალი საწვრთნელი მისია ავღანეთში. ასევე შეიქმნება სამხედრო სკოლები ერაყის შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ასამაღლებლად. აღსანიშნავია, რომ სამიტის ფარგლებში ასევე დაიწყება ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მაკედონიასთან. მაკედონია მომავალში ნატო-ს 30-ე წევრი გახდება ახალი სახელით – რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონია.

სამიტის მეორე დღეს, 12 ივლისს ნატო-ს ლიდერები საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდებიან. 12 ივლისს საქართველოს პრეზიდენტისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც ისინი ერთობლივი განცხადებებით მიმართავენ ჟურნალისტებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ნატო-ს რიგით 29-ე, ხოლო მე-7 სამიტია, რომელიც ბრიუსელში იმართება. ნატო-ს 2018 წლის სამიტი პირველად გაიმართება ნატო-ს ახალ შტაბ-ბინაში. მასში მონაწილეობას მიიღებენ ალიანსის 29 წევრი და ნატო-ს 20 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები.

გაზიარება