თამარ დოჭვირი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმი პულმონოლოგია. ექიმობის გარდა, მან მხატვრობაც შეითავსა და მრავალფეროვან და ჟანრობრივად განსხვავებულ ნამუშევრებს ქმნის… მან ტილოზე ზეთის საღებავით ხატვა 2017 წელს დაიწყო.
პირველი პერსონალური გამოფენა 2017 წლის დეკემბერში, თბილისში ჰქონდა.
2018 წლის მარტში მონაწილეობა მიიღო ხელოვანი ექიმების ნამუშევრების გამოფენაში. 6 ივლისს კი კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში.
“ჩემი პროფესია ჩემს სულთან ძალიან ახლოსაა. მიყვარს ხალხს, რომ ვეხმარები და ვმკურნალობ” – ამბობს ჩვენთან საუბრისას თამარი.
“თბილისი თაიმსი” თამარ დოჭვირთან ინტერვიუს გთავაზობთ, სადაც, მასზე ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობთ.
ქალბატონო თამარ, მოგვიყევით თქვენ შესახებ… რატომ აირჩიეთ პროფესიად პულმონოლოგია, რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?
– ბავშვობიდან ვფიქრობდი იმაზე, რომ ექიმი გამოვსულიყავი. დედაც ექიმი მყავს და ალბათ, ამან იქონია გავლენა ჩემი პროფესიის არჩევისას. შემდეგ სამედიცინოზე როცა ჩავაბარე, პულმონოლოგიამ დამაინტერესა და ამ გზას გავყევი. მუშაობა დავიწყე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში. პულმონოლოგად 10 წელზე მეტია ვმუშაობ.
თქვენთვის რა არის თქვენი სამსახური?
– ჩემი პროფესია ჩემს სულთან ძალიან ახლოსაა. მიყვარს ხალხს რომ ვეხმარები და ვმკურნალობ. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა.
პრინციპები თუ გაქვთ ჩამოყალიბებული, რომლის მიხედვითაც მუშაობთ? აქვე საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პაციენტებთან ურთიერთობა და მეგობრული დამოკიდებულება?
– ჩემთვის მთავარია ადამიანებს დავემხარო, ჩემთან მოსული პაციენტი გამოვაჯანმრთელო და კმაყოფილი და ბედნიერი იყოს.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პაციენტებთან ურთიერთობა. ყოველი მათგანი ინდივიდია, ყველას ინდივიდუალურად სჭირდება მიდგომა. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, როცა პაციენტს რაღაცით ვეხმარები და თვითონაც კმაყოფილი რჩება.
რაც შეეხება მეგობრულ დამოკიდებულებას, რაღაც დოზით ესეც საჭირო და აუცილებელია, რადგან მეგობრული დამოკიდებულება გეხმარება ექიმს პაციენტთან ურთიერთობაში. თანაც, პაციენტის ნდობაც უნდა მოიპოვო. ნდობის ფაქტორი კი ნამდვილად გეხმარება მკურნალობაში.
თქვენი აზრით, რა არის მთავარი იმისათვის, რომ ადამიანმა საკუთარ პროფესიაში წარმატებას მიაღწიოს?
– იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარ პროფესიაში წარმატებას მიაღწიოს, ალბათ, ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. თავი არ უნდა დაზოგო იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთო შენი პროფესიისთვის. ის უნდა გიყვარდეს მთელი სულით და გულით.
რამდენად რთული იყო ის გზა, რომელიც თქვენ გაიარეთ საკუთარ კარიერაში?
– რთული იყო ნამდვილად, რადგან ეს მრავალწლიან სწავლასთან და შრომასთან არის დაკავშირებული: ინსტიტუტის შემდეგ 4 წლიანი რეზიდენტურა გავიარე და მერე დავიწყე მუშაობა… რთული არის, მაგრამ, როცა გიყვარს შენი საქმე, ყველაფერი მაინც ადვილად დაძლევადი და საინტერესოა. მნიშვნელოვანი და რთული ბარიერი არ შემხვედრია.
სამედიცინო სფეროში მუშაობის გარდა თვითნასწავლი მხატვარი ხართ. რა არის თქვენთვის ხელოვნება? ხატვა როდის დაიწყეთ? როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებითი საქმიანობა?
– ხელოვნება საოცარი სამყაროა, რომლის გარეშეც თურმე არსებობა ძალიან ძნელია. მე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ხელოვნება და კერძოდ, ხატვის პროცესი.
ხატვა ბავშვობაში ძალიან მიყვარდა. უბრალოდ, ვხატავდი ფანქრებით, ფლომასტერებით, როგორც ყველა ბავშვი. სერიოზულად არა, რა თქმა უნდა. ძალიან მიყვარდა და სულ ვხატავდი, მაგრამ ამ მხრივ განვითარება ჩემს მშობლებს არ მოუციათ. თუმცა, ყოველთვის მესმოდა მშობლებს რომ ეუბნებოდნენ რა ნიჭიერია, აჩვენეთ ვინმესო… მაგრამ ხატვაზე არასდროს მივლია. შემდეგ ჩემი პროფესია რომ ავირჩიე, ექიმობა, ხატვასთან არანაირი კავშირი აღარ მქონია. ასე ვთქვათ, პაუზა მქონდა. შარშან, 2017 წელს ისევ დავიწყე ხატვა, რამაც ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა. ამის შემდეგ უკვე ინტენსიურად ვხატავ და ძალიან ბედნიერი ვარ.
ჩემმა ძმამ მომიტანა ტილო და ზეთის საღებავები და მითხრა: ბავშვობაში ძალიან გიყვარდა ხატვა. მოდი, კიდევ სცადე და დახატეო. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე ნამუშევრების შექმნა. მანამდე, როგორც უკვე გითხარით, არანაირი შეხება არ მქონია, ტილოზე და ზეთის საღებავებით არ დამიხატავს. თანაც, ამ საღებავებით ხატვის ტექნიკასაც არ ვფლობდი. ხატვის დროს ვხვდებოდი როგორ უნდა გამომეყენებინა ეს საღებავები, მუშაობის პროცეში მიყალიბდებოდა გამოცდილება. ოჯახის წევრებსაც მოეწონათ ჩემი ნამუშევრები. მეუღლის იდეა იყო გამოფენის მოწყობა. მითხრა, თუ ასე კარგად დახატავ, გამოფენა მოვაწყოთო. სწორედ მისი მხარდაჭერითა და ინიციატივით მოხდა ეს ყველაფერი.
დაახლოებით რა დრო გჭირდებათ ერთი ნამუშევრის შესასრულებლად და რა მასალაში მუშაობთ?
– ნახატს გააჩნია. შეიძლება ის ერთ თვეშიც დავხატო, შეიძლება ორი-სამი დღე მოვუნდე. ვხატავ ტილოზე, ზეთის საღებავებში.
თქვენ, როგორც მხატვარი, როგორ შეაფასებდით საკუთარ ნამუშევრებს, ძირითადად რა თემაზე იქმნება თქვენი ნახატები?
– ჩემი ნამუშევრების შეფასება ცოტა გამიჭირდება. ვფიქრობ, ეს სხვამ უნდა გააკეთოს. მაგრამ, იმას გეტყვით, რომ მომწონს. ერთი მიმართულებით არ ვხატავ და ეს მომენტიც მომწონს.
მაქვს პეიზაჟიც, ნატურმორტიც, პორტრეტიც, საბავშვო თემები, ზღაპრული გამოგონილი სამყარო… სხვადასხვა სტილის ნამუშევრები მაქვს და ერთ კონკრეტულ თემასა და ჟანრს არ მოიცავს.
თუ აქვს საერთო თქვენს პირველად პროფესიათან მხატვრობას და თქვენს შემოქმედებას….
– მხატვრობას და ჩემს პირველად პროფესიას არანაირი საერთო არ აქვს. ორივე ერთმანეთისგან განსხვავებული, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამყაროა.
ვინ არიან თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები?
– მეუღლე, შვილები, მშობლები, ძმა… ესენი არიან როგორც მნიშვნელოვანი ადამიანები, ასევე შემფასებლებიც.
როგორია თქვენი გეგმები… რისი გაკეთება გსურთ ახლო მომავალში?
– რა თქმა უნდა, ხატვის გაგრძელება მინდა. ასევე – გამოფენების მოწყობაც. თუმცა, ზუსტ თარიღს ვერ ვიტყვი, რადგან ეს ჯერ იდეის დონეზეა, მაგრამ ამ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელების სურვილი მაქვს.
ბლიც კითხვები:
ხშირად ვფიქრობ – ხატვაზე და ნახატზე. ნამუშევრის იდეაზე ვფიქრობ ხშირად. ანუ, იმაზე, თუ რა უნდა დავხატო მომავალში.
ბედნიერება არის – როცა შენი საყვარელი ადამიანები შენ გარშემო არიან და აკეთებ საყვარელ საქმეს.
თვისება, რომელსაც ადამიანში ვეძებ – სიკეთე.
ყველაზე მეტად მინდა – რომ მშვიდობა იყოს და ყველა ადამიანი ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. ცოტა შეიძლება ბანალურია, თუმცა ყველაზე მეტად ეს მინდა.
ცხოვრების მთავარი პრინციპები – იცხოვრო სიმართლით.
ნინი მაზიაშვილი